1. რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმებისა), ხოლო რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი მოთხოვნისას.

2. რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემების საფუძველზე და ასახავს ამონაწერის მომზადების მომენტისთვის ძალაში მყოფ მონაცემებს რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ.

3. რეესტრიდან ამონაწერი უნდა ასახავდეს ერთ სუბიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს. ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.

4. რეესტრიდან ამონაწერი უნდა ასახავდეს ინფორმაციას:

ა) განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღის, რეგისტრირებული უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ;

ბ) სუბიექტის საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სუბიექტის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების შესახებ;

გ) სუბიექტის იურიდიული მისამართის შესახებ;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში, რეგისტრირებული ტელეფონის ნომრის ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ, ასეთის არსებობისას;

ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის შემთხვევაში, სუბიექტის ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი/დამფუძნებელი იურიდიული პირია − მისი საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი);

ვ) ამონაწერის მომზადების მომენტისთვის სუბიექტთან ან/და მისი პარტნიორის წილთან დაკავშირებით რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებათა, მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა (გარდა ლიზინგისა, საბანკო გარანტიისა და ფინანსური გირავნობისა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა), მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ. ამონაწერში აგრეთვე აისახება ზემოაღნიშნული ინფორმაცია იურიდიული პირის იმ პარტნიორთან დაკავშირებით, რომელიც ამ ინსტრუქციის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება;

ზ) ამონაწერის მომზადების მომენტისთვის სუბიექტის ან/და მისი რეგისტრირებული პარტნიორის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესახებ;

თ) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის შემთხვევაში, მმართველობითი ორგანოს, სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/ორგანოს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ;

ი) გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში − მისი საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

კ) პარტნიორის წილის მმართველის არსებობის შემთხვევაში − მისი საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებისა და სამართავად გადაცემული წილის ოდენობის შესახებ;

ლ) თუ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის ხელმძღვანელი ორგანო რამდენიმე წევრისგან შედგება − ინფორმაციას წარმომადგენლობის ფორმის (ერთობლივი, ერთპიროვნული ან სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებული) თაობაზე;

მ) წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაციის შესახებ.

5. კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერში დამატებით აისახება ინფორმაცია, თუ რომელი პარტნიორია კომპლემენტარი და რომელი − კომანდიტი, ასევე − საზოგადოებაში კომანდიტის წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერში დამატებით აისახება ინფორმაცია:

ა) განთავსებული კაპიტალის, წილებისა და განთავსებულ კაპიტალში პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

ბ) კაპიტალის მაქსიმალური ოდენობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) გამოშვებული წილების ოდენობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) წილების კლასების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერში დამატებით აისახება ინფორმაცია სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის განთავსებული კაპიტალის ოდენობის შესახებ.

8. იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა ასახავდეს ინფორმაციას სუბიექტის დაშლის/ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის შესახებ, ასევე ინფორმაციას რეორგანიზაციის ისტორიის შესახებ (ამონაწერში შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).

9. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის შემთხვევაში რეესტრიდან ამონაწერი დამატებით უნდა შეიცავდეს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს, ასევე ინფორმაციას, რომ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ ჩანაწერი ძალაშია სტატუსის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში.

10. სუბიექტის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის, მმართველი ორგანოს წევრისა და წილის მმართველის თაობაზე რეესტრიდან ამონაწერში ასევე მიეთითება ინფორმაცია მისი/მათი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ (მოქალაქეობის ქვეყნის მითითებით), თუ ეს დგინდება სააგენტოში დაცული მონაცემებით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − ინფორმაცია მისი რეგისტრაციის ქვეყნის თაობაზე.

11. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის/იურიდიული პირის შემთხვევაში რეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტისთვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს.

12. იურიდიული პირის შემთხვევაში რეესტრიდან ამონაწერის ფორმა განისაზღვრება ამ ინსტრუქციის №1 დანართით, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – №2 დანართი