1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–121-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–121-ე მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                                 სალომე ზურაბიშვილი

განმარტებითი ბარათი

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

გადახდისუუნარობის ეფექტიანი კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. მოქნილი მექანიზმების არსებობას და პროცესის განჭვრეტადობას ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომი საწარმოს ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში სახელმწიფოს ეკისრება მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობაც, შექმნას იმგვარი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და ხელს შეუწყობს ფინანსური სირთულეების პერიოდში საწარმოს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.

საკითხის ირგვლივ მაღალი ინტერესის გამო არაერთი კვლევა ჩატარდა არსებული ხარვეზების გამოსავლენად, მათ შორის, 2014 წელს იუსტიციის სამინისტროს თხოვნითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით „სამართლისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში გადახდისუუნარობის არსებული სისტემა შეაფასეს გერმანელმა მოსამართლეებმა და რეკომენდაციები წარუდგინეს იუსტიციის სამინისტროს. ამ შეფასების შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ეკონომიკა მოითხოვს მკაფიო და ნათელ წესებს ბაზარზე შესვლისა (საწარმოთა დაფუძნება) და ბაზრიდან მოწესრიგებული გასვლის (საწარმოთა დახურვა და ლიკვიდაცია) შესახებ; წლების განმავლობაში კანონის მოქმედებამ აჩვენა, რომ მიუხედავად სხვადასხვა დროს მასში შეტანილი ცალკეული ცვლილებებისა, კანონში დარჩა გაურკვევლობები და წინააღმდეგობები. ექსპერტების მიერ განხორციელებული კანონის კრიტიკული ანალიზიდან, ასევე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებთან, მოსამართლეებთან, ადვოკატებსა და მეწარმეებთან საუბრებიდან და გაკოტრების საქმის წარმოების თანამედროვე პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოვლინდა ამ სფეროში ძირეული რეფორმის გატარების აუცილებლობა.

2015 წელს იუსტიციის სამინისტროს თხოვნით ქართული გადახდისუუნარობის სისტემის შეფასება განახორციელა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტმა „მმართველობა განვითარებისათვის“, რომლის მიერ განხორციელებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველოში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს ფინანსური პრობლემის გადასაჭრელად ხშირად არ იყენებენ, რაც ზოგადად გამოწვეულია იმ სტიგმით, რომელიც ჯერ კიდევ თან სდევს გადახდისუუნარობის ინსტიტუტს. ამასთან, არსებული კანონი უარყოფით ზეგავლენას ახდენს კრედიტორებს შორის მთავარ, უზრუნველყოფილ კრედიტორთა უფლებებზე, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებებს დიდწილად იგნორირებას უკეთებს; კანონი არ არის სათანადოდ მოქნილი იმისათვის, რათა რეაბილიტაცია სასარგებლო სტრატეგია გახდეს როგორც მოვალეების, ისე კრედიტორებისათვის. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ფინანსური სირთულეების წინაშე მდგომი კომპანიების მენეჯერები და დირექტორები შეიძლება მეტად იყვნენ მონდომებულნი, გამოიყენონ გადახდისუუნარობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, თუკი სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფდა სათანადო წამახალისებელი ფაქტორების არსებობას დროული ინტერვენციის წასახალისებლად.

განხორციელებული შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი გადახდისუუნარობის არსებული სისტემა შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეკონომიკურ სისუსტეებს. გადახდისუუნარობის სისტემის სამართავად საჭიროა უფრო ძლიერი პოლიტიკის გატარება, რათა საქართველოში არსებული კომპანიების ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნას მეტად ეფექტიანი გარემო. პროექტის ექსპერტთა რეკომენდაციით, თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება და მიზანი გადახდისუუნარობის ეროვნული სისტემის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოებისაკენ არის მიმართული, ამისათვის საჭიროა მოქმედი კანონის არსებითად შეცვლა ან სრულიად ახალი კანონის შემუშავება.

2016 წელს საქართველოში გადახდისუუნარობის სისტემა ასევე შეაფასა გერმანიის ეკონომიკურმა გუნდმა, რომლის დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ქართული გადახდისუუნარობის კანონმდებლობა უფრო მეტად ორიენტირებულია მოვალის სწრაფ გაკოტრებაზე, საქმისწარმოების მთელი რიგი მნიშვნელოვანი ასპექტები ბუნდოვანი ან სრულად დაურეგულირებელია და სხვ. სიღრმისეული ეკონომიკური კვლევა ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის არაეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო ცალსახა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე; ექსპერტთა მოსაზრებით, საქართველოს გადახდისუუნარობის მარეგულირებელი ახალი საკანონმდებლო აქტი ესაჭიროება.

გარდა ზემომითითებული კვლევებისა, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო მონაწილეობდა არაერთ ფართომასშტაბიან შეხვედრაში, რომელიც გადახდისუუნარობის სფეროში არსებული პრობლემების განხილვასა და რეკომენდაციებზე მსჯელობას ეძღვნებოდა და სადაც ფაქტობრივად ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა იყო უზრუნველყოფილი. აღნიშნული შეხვედრების შედეგად, თავი მოიყარა მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციამ არსებული ხარვეზების თაობაზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის, მათ შორის, სასამართლოს, ადვოკატების, გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველების პერსპექტივიდან იყო დანახული. შედეგად, უდავოა, რომ კანონი სრულყოფილად არ აწესრიგებს მისი რეგულირების სფეროში შემავალ ურთიერთობებს და ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს პრაქტიკაში წამოჭრილ პრობლემებს, დატვირთულია არაეფექტიანი ინსტიტუტებით, რომლებიც სათანადოდ ვერ ახორციელებენ თავიანთ ფუნქციებს, პროცესისაგან ფაქტობრივად ჩამოშორებული არიან ისეთი კრედიტორები, რომლებზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და სხვ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით უგულებელყოფილია ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტების ბუნება, როგორიცაა უზრუნველყოფის საშუალება და უზრუნველყოფილ კრედიტორთა რიგითობა; სასამართლოს როლი ცალკეულ შემთხვევებში დაკნინებულია და მხოლოდ გადაწყვეტილებათა ფორმალურად დამტკიცებით შემოიფარგლება; არ არსებობს პროცესის სწორად წარმართვისთვის საჭირო მოქნილი მექანიზმები და სხვ. დასახელებულ ნაკლოვანებათა არსებობას ასევე ადასტურებს, ერთი მხრივ, სასამართლოსთვის მიმართვიანობის დაბალი დონე, მეორე მხრივ, ის სტატისტიკური მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მაგალითად, 2016 წელს გახსნილი 41 გადახდისუუნარობის საქმის წარმოებიდან რეაბილიტაციით დასრულად მხოლოდ 2 საქმე, ხოლო 2017-2018 წლებში რეაბილიტაციის მაჩვენებელი ნულია შესაბამის წლებში მიმდინარე 25 და 8 საქმიდან. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 1 ივნისის მდგომარეობით გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა 19 სუბიექტის მიმართ და გადახდისუუნარობის რეჟიმად არცერთ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული რეაბილიტაცია [1].

ზემოაღნიშნული არგუმენტები ცხადყოფს, რომ არსებული ვითარების ხელშესახებად შესაცვლელად საჭიროა ამ სფეროში კომპლექსური საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება და უფრო დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული რეგულაციების შემუშავება, რომლებიც მაქსიმალურად დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამ მიზნით მომზადდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც კრედიტორთა ინტერესების დაცვას, რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმების შემოღებას, საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს როლის გაზრდას, პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნისა და სამართლიანი დარეგულირების მიზნებს ემსახურება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ე.წ. სასამართლოსმიღმა პროცედურას, როგორც ფინანსური სირთულეების გადალახვის ალტერნატიულ გზას, რაც მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. გარდა სიღრმისეული შინაარსობრივი ტრანსფორმაციისა, ცვლილება კანონის სახელწოდებასაც შეეხება, რაც კვლავ მოქმედი კანონმდებლობის თანმდევი სტიგმის უგულებელყოფას უკავშირდება.

კანონპროექტზე მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ 2016 წელს დაიწყო. სამინისტროს ინიაციატივით და „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის” ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერითა და მონაწილეობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე გადახიდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში უშუალოდ მონაწილე პრაქტიკოსი იურისტები. დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პროექტების (GIZ, USAID, CLDP) ხელშეწყობით კანონპროექტზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერა.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჯგუფის მიერ მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაო ჩატარდა. შესწავლილ იქნა გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) „გადახდისუუნარობის კანონის საკანონმდებლო სახელმძღვანელო”, მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული „ეფექტიანი გადახდისუუნარობისა და მოვალის და კრედიტორთა უფლებების დაცვის პრინციპები“, ასევე გერმანიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოთა გადახდისუუნარობის კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში განხორცილებული რეფორმები. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში, სადაც შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ მოსამართლეებთან, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსებსა და ადვოკატებთან. დაგროვილი ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც არ წარმოადგენს ერთი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის პირდაპირ ანალოგს, არამედ უფრო მეტად არის სისტემათა საუკეთესო მიგნებების კომბინაცია, რომელიც მორგებულია ქართულ რეალობას.

იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტის საჯარო განხილვა 2018 წლის ივნისში დაიწყო. პროექტი გასაცნობად და მოსაზრებების წარმოსადგენად გაეგზავნა ყველა დაინტერსებულ პირსა და ორგანოს: ინვესტორთა საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციას, ბიზნესასოციაციას, ბანკების ასოციაციას, სასამართლოს, პარლამენტს, მთავრობის ადმინისტრაციას, ბიზნესომბუდსმენს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გაიმართა არაერთი შეხვედრა მიზნობრივ ჯგუფებთან, სადაც მოწვეულ პირებს მიეცათ საკითხის ირგვლივ შეკითხვების დასმისა და მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა. წარდგენილი კანონპროექტი მოქმედ კანონთან შედარებით არსებით გაუმჯობესებად და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა განხილვებში მონაწილე პირთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

ზემომითითებული უწყებების/ასოციაციების წამომადგენელთა მიერ შემუშავებული წერილობითი მოსაზრებები დეტალურად გაანალიზდა სამუშაო ჯგუფის მიერ, მათი ნაწილი კი გაზიარებულ იქნა და აისახა კანონპროექტის განახლებულ რედაქციაში. ამდენად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარმოადგენს სათანადო განხილვების შედეგად შეჯერებულ პროდუქტს, რომლის შექმნის პროცესშიც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით კანონპროექტის ირგვლივ განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment), რომლის შედეგებიც იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის პირველ ოქტომბერს წარედგინა. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ფარგლებში განხილულ იქნა მოქმედების ორი შესაძლო ვარიანტი: 1) არსებული კანონმდებლობის უცვლელად დატოვება; 2) პოლიტიკის სცენარი, რომელშიც კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა დებულება მტკიცდება ისე, როგორც ეს კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს. წარმოდგენილ ანგარიშში ორივე ვარიანტი შეფასებულია სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის გამოყენებით: ანტიკორუფციული რისკების თვალსაზრისით, საერთაშორისო რეიტინგების ინდიკატორებზე დაყრდნობით, კონკრეტული მაგალითის კვლევის საფუძველზე, გაეროს 2030 დღის წესრიგთან მიმართებით და სხვ.

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში ექსპერტები შემდეგ ძირითად დასკვნებს აკეთებენ:

შემუშავებული კანონპროექტი არის თანამედროვე, კარგად ჩამოყალიბებული, გამჭვირვალე და ეკონომიკურად ჯანსაღი საკანონმდებლო აქტი. კანონპროექტში გათვალისწინებულია ამ სფეროში მოქმედი თითქმის ყველა სახელმძღვანელო პრინციპი. ყველაზე დიდ ცვლილებას და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფილოსოფიის სრულიად შეცვლა – ამიერიდან მოვალის საწარმოს რეაბილიტაცია, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს, არის გადახდისუუნარობის ყველა ღონისძიების ამოსავალი წერტილი; ფასდაუდებელია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ახალი პროფესიის შემოღება და მისი სავალდებულო ჩართულობა ნებისმიერი კატეგორიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში; კრედიტორების როლი მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული, მოქმედ კანონთან შედარებით, კრედიტორთა რიგითობა უფრო სამართლიანად განისაზღვრება და სხვ. კანონპროექტით ისეთი მექანიზმების გათვალისწინება, როგორიცაა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შემთხვევითობის პრინციპით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევა, მისი საქმიანობის ანაზღაურების ზედა ზღვრის კანონით დარეგულირება, საწარმოს გაკოტრების/რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მიღება – მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია კორუფციული რისკების შემცირების თვალსაზრისით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს რეიტინგი მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების ანგარიშში“ აუცილებლად გაუმჯობესდება[2].

რეგულირების ზეგავლენის ანგარიშში განხილულია ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს შორის კორელაცია. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩო უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის. ფინანსური ბაზრები კი, თავის მხრივ, ეკონომიკური პროგრესის უმნიშვნელოვანესი კატალიზატორია. ექსპერტთა გათვლებით, რეფორმას არაერთი მიმართულებით ექნება ეკონომიკური გავლენა. ემპირიული ლიტერატურით, რომელიც სწავლობს ურთიერთობას სამართლებრივ გარემოსა და ეკონომიკურ შედეგებს შორის, დადგენილია, რომ ამ ორს შორის მყარი კავშირი არსებობს. კერძოდ, ძლიერი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სისტემები და კრედიტების დაცვა ზოგადად, იწვევს კაპიტალისა და კრედიტების ბაზრების განვითარებას, აუმჯობესებს საწარმოების ფინანსური პირობებს, ხელს უწყობს მეწარმეობას და საწარმოების დაფუძნებას და საბოლოოდ, მას ხელსაყრელ მაკროეკონომიკურ შედეგებამდე მივყავართ. გამოთვლების თანახმად, საკანონმდებლო ჩარევამ ქვეყნის მშპ შეიძლება 0.5%-იდან 6.13%-მდე, დასაქმება კი 0.3%-დან 4.08%-მდე გაზარდოს, იმ დაშვებით, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ვადები დაცული იქნება და პროცედურები შესრულდება.

ექსპერტთა საბოლოო დასკვნის თანახმად, მოქმედების განხილულ ორივე ვარიანტს აქვს გარკვეული უპირატესობა. თუმცა, მეორე ვარიანტი აშკარად გადაწონის პირველს და პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული.[3]

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დაცვის გარანტიები. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება, ვინაიდან კომპანიის ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში რეაბილიტაციის ალბათობა ბევრად მაღალია. კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში არსებული ის ხარვეზები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს პროცესის მიმდინარეობას – ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება საწარმოთა გაკოტრების მაჩვენებელზე. კანონპროექტი უზრუნველყოფს პროცესში მონაწილე პირთა თანასწორუფლებიანობას, მათი უფლებების აღსრულების მექანიზმების გაჩენას და ამ მიმართულებით სასამართლოს როლის გაზრდას. ამასთან, პროექტით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის“ პროფესია, რომლის რეგულირების შემოთავაზებული მექანიზმი რეაბილიტაციისა და გაკოტრების მმართველთა კვალიფიციურობის ხარისხისა და მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების სტანრდარტის ზრდას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიზნების მიღწევა, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება „გადარჩენილ საწარმოთა“ რაოდენობაზე.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები

კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაუახლოვდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეფექტიანი გადახიდსუუნარობის სისტემის დანერგვა პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინვესტიციების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. გარდა ამისა, მოსალოდნელია ფინანსური ბაზრის გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური კეთილდღეობის განმაპიროებებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, მოსალოდნელია საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების ანგარიშში“ (Doing Business), რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

თავი I. ზოგადი დებულებები

კანონპროექტის პირველი მუხლით ახლებურად ყალიბდება კანონის მიზანი და მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ნაცვლად, კანონის მიზნად მკაფიოდ განისაზღვრება კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება. მიუხედავად კანონის მთავარი მიზნისა, დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნები, მთელ კანონს ლაიტმოტივად გასდევს საწარმოს რეაბილიტაციის უპირატესობა გაკოტრებაზე, რომელი პრინციპის დაცვაც პროექტის პირველივე მუხლით გარანტირებულია. რაც შეეხება „კრედიტორთა კოლექტიურ დაკმაყოფილებას“, ასეთი ფორმულირება ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის კანონმდებლობა ინდივიდუალური აღსრულების მექანიზმის სახით არ მოქმედებს და მისი გამოყენება კრედიტორთა სიმრავლეს უკავშირდება.

კანონის მოქმედების ფარგლები იმგვარად განისაზღვრა, რომ ის არეგულირებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირებისა და ამხანაგობების, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირებისა და ნებისმიერი სხვა მსგავსი წარმონაქმნის გადახდისუუნარობის საკითხს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ იურიდიული პირის სტატუსი, თუ ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და მათი მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია. ამავდროულად, მისი მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ასევე, ბანკებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებზე, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხიც ცალკე კანონმდებლობით წესრიგდება.

კანონპროექტს შემოაქვს და საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის“ პროფესიას – ამიერიდან რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველი, რეაბილიტაციის ზედამხედველი და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეიძლება იყოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომლის ავტორიზაციის წესი და პირობები იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შეირჩევა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საქმის წარმოებაში მიკერძოებული პრაქტიკოსის მონაწილეობის რისკებს, ასევე პროცესში პრაქტიკოს საქმიანობის მიკერძოებულად აღქმის საფრთხეებს.

რაც შეეხება უშუალოდ საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემას, ეს არის პლატფორმა, რომელიც როგორც მოვალეს, ისე კრედიტორს მისცემს შესაძლებლობას, ელექტრონულად გაეცნონ საქმეში არსებულ დოკუმენტებს, სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს, კრედიტორთა კრების, კრედიტორთა კომიტეტის, გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველის გადაწყვეტილებებსა და სხვა ინფორმაციას. ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის განთავსება ჩაითვლება ოფიციალურ გამოქვეყნებად და ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება მისი სისტემაში განთავსების მომენტიდან. იმისათვის, რათა დამატებით იქნეს უზრუნველყოფილი კრედიტორთა და მესამე პირთა ინფორმირებულობა მოვალის მიმართ სასამართლოში შესაბამისი პროცესისა და რეჟიმის მიმდინარეობის შესახებ, ყველა საქმიან დოკუმენტზე, რომელიც გაიცემა მოვალის ან მმართველის მიერ, ან მათი სახელით, ასევე, რომელიც განთავსდება მოვალის ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს, რომ მოვალე იმყოფება გადახდისუუნარობის შესაბამის რეჟიმში.

თავი II. რეგულირებული შეთანხმება

რეგულირებული შეთანხმება ნოვაციაა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში და წარმოადგენს ე.წ. „სასამართლოსმიღმა პროცესს“ – საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეულ მოლაპარაკებებს მოვალესა და კრედიტორს შორის. ეს არის ალტერნატიული პროცედურა, რომელიც მოვალეს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს არსებითი ჩარევის გარეშე და ნაკლები დანახარჯებით გამონახოს ფინანსური სირთულეების დაძლევის გზები და მიაღწიოს შეთანხმებას კრედიტორებთან.

რეგულირებული შეთანხმება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში შემოღებული და დამკვიდრებული გადახდისუუნარობის პროცედურაა. მისი დაწყების აუცილებელი წინაპირობაა მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. პრაქტიკაში რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში კრედიტორთა მიერ მოვალის მართვა 2-დან 5 წლამდე გრძელდება. მსგავსი ფორმის ურთიერთკომპრომისული შეთანხმების საკანონმდებლო რეგულირება სხვა სისტემებშიც გვხვდება.

რეგულირებული შეთანხმების ერთადერთი უშუალო მიზანი მოვალე სუბიექტის გადარჩენაა, რაც გამორიცხავს მის ლიკვიდაციას, მაგალითად, მოვალის ბიზნესის, როგორც ერთიანი კომპლექსის, მიწოდების განხორციელებისას. სწორედ ეს რაციონალი შეიძლება ამართლებდეს კრედიტორების მხრიდან მასშტაბურ კომპრომისს, რის გამოც კრედიტორები მათი მოთხოვნების ერჯერადად დაკმაყოფილებას კონკრეტული სუბიექტის ბაზარზე შენარჩუნებას ამჯობინებენ.

თავი III. განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არის მოვალის მიმართ პროცესის სასამართლოს ზედამხედველობის მეშვეობით და კანონით მკაცრად გაწერილი პროცედურების გავლით წარმართვის გზა. განცხადებით განმცხადებელი სასამართლოსგან ითხოვს მოვალის მიმართ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის დაწყებას. აღნიშნული განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს პროცესით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს: მოვალეს, ნებისმიერ კრედიტორს, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს, ასევე რეაბილიტაციისა და გაკოტრების მმართველებს – მხოლოდ რეჟიმის კონვერსიის მოთხოვნით.

თავი IV. განცხადების დასაშვებად ცნობა და მისი შედეგები

კანონპროექტის 47-ე მუხლი ადგენს ვადებს, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ უნდა იმსჯელოს განცხადების დასაშვებად ცნობაზე და მიიღოს განჩინება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განჩინების დასაშვებად ცნობის ან დასაშვებად ცნობაზე უარის შესახებ. აგრეთვე, საყურადღებოა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ კრედიტორის მიერ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში მოვალისათვის გზავნილის ჩაბარებას და საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლოს მიერ მოვალის პოზიციის მიღების შესაძლებლობას, გარდა საგამონაკლისო შემთვევისა. კანონპროექტი აღმოფხვრის ამ ხარვეზს და ნებისმიერ შემთხვევაში საშუალებას აძლევს მოპასუხეს, სასამართლოს წარუდგინოს თავისი პოზიცია გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის გადაწყვეტამდე.

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხს სასამართლო, როგორც წესი, წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც ემსახურება კანონის მიზნის მიღწევას, მოვალის ფინანსური სირთულეები გადაწყვეტილი იქნეს სწრაფად და თანმიმდევრულად. ამასთან, სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, დაადგინოს ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გარკვევას. კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის სამ საფუძველს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც განცხადება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული 5 სამუშაო დღის ვადაში; სასამართლო მიიჩნევს რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი; ასევე, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. თუკი არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად დააკმაყოფილებს მოვალის ქონება საპროცესო ხარჯებს, სასამართლო საკითხს წყვეტს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის განცხადების დაკმაყოფილების სასარგებლოდ.

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებებზე დაყრდნობით, დაუშვებელია.

ხაზგასასმელია, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, ახალი კანონი მთლიანად ორიენტირებულია რეაბილიტაციის უპირატესად გამოყენებაზე. ამ მიზნით იგი ითვალისწინებს წესს, რომლის მიხედვითაც სასამართლოში მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებას ენიჭება უპირატესობა გაკოტრების რეჟიმის დაწყების მოთხოვნით შეტანილ განცხადებასთან შედარებით მაშინაც კი, თუ გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განცხადება უფრო ადრე იქნა შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო უპირველესად იხილავს განცხადებას მოვალის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ. სასამართლოს მიერ განცხადების დასაშვებად ცნობას ავტომატურად მოჰყვება მოვალის მიმართ კანონპროექტის V თავით გათვალისწინებული მორატორიუმის ამოქმედება. კანონპროექტი ზოგადად კრედიტორებს მრავალ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს, მათ შორის, იმას, რომ, ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრება განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის შესახებ. კანონპროექტი ერთმანეთისაგან განასხვავებს კრედიტორთა პირველად და საბოლოო რეესტრებს. კრედიტორთა პირველად რეესტრში კრედიტორული მოთხოვნები იყოფა 4 ჯგუფად იმის მიხედვით, არის თუ არა მოთხოვნა და მისი ოდენობა სადავოდ გამხდარი მოვალის, კრედიტორის ან თავად მმართველის მხრიდან. ამგვარი კრედიტორისათვის ხმის მიცემის საკითხი წყდება სასამართლოს მიერ, რითაც გამოსწორებულია ის ხარვეზი, რომელიც მოქმედ კანონს ახასიათებს. უფრო კონკრეტულად, არსებული კანონი არ აძლევს კრედიტორს ხმის უფლებას, სანამ სასამართლო საბოლოოდ არ დააზუსტებს მოვალის მიმართ მისი მოთხოვნის საკითხს. ეს კი ხშირად იწვევს იმას, რომ კრედიტორთა ნაწილი მოკლებულია კრედიტორთა კრებაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კანონპროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია პროცესების გამჭვირვალობა. პროექტის შესაბამისად, კრედიტორთა კრების მოწვევა, კრების გადაწყვეტილებები და ოქმები განთავსდება ელექტრონულ სისტემაში. კრებაზე დასწრების უფლება აქვთ კრედიტორებს, რომელთაც წარდგენილი აქვთ მოთხოვნები მოვალის მიმართ, ასევე – მოვალეს. კრების მოწვევის უფლება აქვთ კრედიტორებს, რომლებიც ფლობენ ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს, მმართველს, რეაბილიტაციის ზედამხედველს. მოქმედი კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ კრედიტორული მოთხოვნების შემოწმება-აღიარების პროცედურას, რაც ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს, არ მოითხოვს სასამართლოს ჩართულობის აუცილებლობას და იწვევს პროცესების გაჭიანურებას. კანონპროექტის შესაბამისად, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს მმართველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის განმავლობაში, კრედიტორებისა და მოვალისაგან მიღებული ან მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

კრედიტორთა რეესტრში შედის მხოლოდ ის კრედიტორული მოთხოვნები, რომლებსაც მმართველი დასაბუთებულად მიიჩნევს. იმის გამო, რომ კრედიტორული მოთხოვნების რეესტრში შეტანას უზრუნველყოფს მმართველი სასამართლოს მონაწილეობის გარეშე, კანონპროექტი ითვალისწინებს შეზღუდვებს პირგასამტეხლოსა და ვადამოუსვლელი პროცენტის აღიარებისას და კრძალავს რეესტრში პირგასამტეხლოსა და ვადამოსულველი პროცენტის შეტანას, თუ მათი ჯამური ოდენობა ძირითადი თანხის დავალიანების 10%-ს სცილდება.

თავი V. მორატორიუმი

კანონპროექტის V თავი ეხება მორატორიუმის ღონისძიებებს. მორატორიუმის ძირითადი მიზანია გადახდისუუნარობის მასის (მოვალის ქონების) შენარჩუნება და დაცვა. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, როგორც ეს კანონის სახელწოდებიდან და კანონპროექტის პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარეობს, ეფუძნება კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების ფუნდამენტურ პრინციპს. ეს პრინციპი გულისხმობს კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების დაცვას მოვალის და განსაკუთრებით, ცალკეული კრედიტორების ინდივიდუალური ქმედებებისაგან. ამავდროულად, მორატორიუმის საფარველის გამოყენებით მოვალეს ეძლევა საშუალება, გაიუმჯობესოს ლიკვიდურობა, მათ შორის, ვადამოსული ვალდებულებების შესრულების გადავადებით, რაც, თავის მხრივ, ზრდის მის რეაბილიტაციაუნარიანობას და წარმატებული რეაბილიტაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

მორატორიუმი გამოიყენება საერთო წესით როგორც რეაბილიტაციის, ისე გაკოტრების რეჟიმის დროს. კანონპროექტის II თავი დამატებით განსაზღვრავს მორატორიუმის გამოყენების წინაპირობებს რეგულირებულ შეთანხმებასთან მიმართებით.

კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს მორატორიუმის ამოქმედების, გაუქმებისა და შეწყვეტის წესებს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი მორატორიუმის ღონისძიებებთან მიმართებით არის ხისტი და არ იძლევა საშუალებას, გამოყენებულ იქნეს კონკრეტულ მოვალეზე მორგებული და დაბალანსებული მორატორიუმის ღონისძიებები. ასევე აღსანიშნავია, რომ არსებული კანონი სამართლებრივი მოწესრიგების სიმწირით გამოირჩევა. ეს ეხება როგორც მორატორიუმის ღონისძიებათა ჩამონათვალს, ისე მისი გამოყენების წინაპირობებსა და პროცედურულ წესრიგს.

უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს მორატორიუმის ღონისძიებათა დიფერენცირება კანონისმიერ და დისკრეციულ ღონისძიებებად. კანონპროექტის 55-ე მუხლი შეიცავს მორატორიუმის ღონისძიებათა ამომწურავ ჩამონათვალს. ამ ნორმის განსაზღვრული ღონისძიებები ავტომატურად ამოქმედდება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანისთანავე. ღონისძიებათა ჩამონათვალში შედის აკრძალვები და შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებენ მოვალის, კრედიტორებისა და მესამე პირების მიმართ.

ზოგადად, მორატორიუმის გამოყენებისას სასამართლო მოქმედებს სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით, რაც უფრო მოქნილს გახდის ამ მექანიზმს.

თავი VI. გადახდისუუნარობის მასა

პროექტის VI თავი განსაზრავს იმ ქონების ნუსხას, რომლის განკარგვაც კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზანს ემსახურება. იცვლება მოვალის ქონების სახელწოდება და სამეურვეო ქონების ნაცვლად, „გადახდისუუნარობის მასად“ იწოდება. გადახდისუუნარობის მასა მოიცავს მთელ ქონებას, რომელიც მოვალეს ეკუთვნის განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილ/მიღებულ/წარმოებულ ქონებას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მსგავსად, გადახდისუუნარობის მასაში არ შედის ქონება, რომელზეც, არ დაიშვება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი აღსრულება.

კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ იგი მკაფიოდ განსაზღვრავს მოვალის ქონებაში მყოფ ცალკეულ ნივთებთან დაკავშირებული სანივთო უფლებების საკითხს; უფრო ამომწურავად და, რაც მთავარია, სამართლიანად არის განსაზღვრული მოვალის ქონების ის ნაწილი, რომელიც ამორიცხულ უნდა იქნეს გადახდისუუნარობის მასიდან. კერძოდ, ის პირები, რომელთაც პირობადებული საკუთრების ან სალიზინგო ურთიერთობიდან გამომდინარე, ან ვალდებულების არსებითად შესრულების გამო, გააჩნიათ უფლება გადახდისუუნარობის მასაში შემავალ საგანზე, არ განიხილებიან გადახდისუუნარობის კანონმდებლობიდან გამომდინარე კრედიტორებად. შესაბამისად, მათი დაკმაყოფილება ხდება სანივთო ან ვალდებულებით სამართლებრივი მოთხოვნის განხორციელებისათვის დადგენილი საერთო წესით. ანალოგიურად, თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით არსებითად დასრულებულია სააღსრულებო წარმოება და სახეზეა საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების გამოცემისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა, ასეთი ქონება უფლებამოსილ პირს უნდა გადაეცეს (მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი). ასეთი მიდგომა გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების ცალკეულ ნაწილებზე უფლებამოსილი მესამე პირების ლეგიტიმური ინტერესების დაცვისაკენ არის მიმართული. ამავდროულად, მმართველს უფლება აქვს, უარი უთხრას დაინტერესებულ პირს ამგვარი ქონების გამოყოფაზე, თუ ეს ეწინააღმდეგება მოვალის რეაბილიტაციის ინტერესებს და ამასთან, უზრუნველყოფილია რეაბილიტაციის შედეგად ამ კრედიტორის სრულად დაკმაყოფილება.

თავი VII. რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის დაწყება

მოქმედი კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოვალის რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს მომრიგებელ საბჭოს. არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ მომრიგებელი საბჭოს საქმიანობა არ არის ეფექტიანი, პრობლემურია მომრიგებელ საბჭოში შესაბამისი კომპეტენციის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირების შეყვანა. კანონი არ ითვალისწინებს მომრიგებელი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების წესს. შედეგად, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებები არ არის სანდო, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების მიერ გადახდისუუნარობის პროცესის მიმართ უნდობლობას.

კანონპროექტი მოვალის რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს საქმის განმხილველ მოსამართლეს. სასამართლო რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად განიხილავს კრედიტორთა პირველად რეესტრში ასახული იმ კრედიტორებისათვის ხმის უფლების მინიჭების საკითხს, რომელთა მოთხოვნებიც სადავოდ არის გამხდარი.

სასამართლო მოვალის რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე განჩინებით ასევე იღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის რეჟიმის მმართველის/ზედამხედველის ან გაკოტრების რეჟიმის მმართველის დანიშვნის შესახებ. ამასთან, განჩინება უნდა მოიცავდეს მორატორიუმის სრულ აღწერას. კანონპროექტი გარკვეულ გარანტიებს აძლევს კეთილსინდისიერ და გულისხმიერ მოვალეს მართვის შენარჩუნებისათვის. კერძოდ, მაშინაც კი, თუ დაკმაყოფილდება კრედიტორის განცხადება მოვალის რეაბილიტაციის შესახებ, რომლითაც კრედიტორი ითხოვს რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნას, სასამართლოს შეუძლია მოვალე დატოვოს მართვაში, თუ ეს უკანასკნელი სასამართლოსთვის დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად და სათანადო ზრუნვის მოვალეობით, იმ გონივრული რწმენით, რომ მისი ქმედებები და გადაწყვეტილებები მოვალისათვის ყველაზე ხელსაყრელი იყო.

მოვალის მართვაში დატოვებისას სასამართლო მოვალეს უნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს.

თავი VIII. საცილო ქმედებები

რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საცილო ქმედებების რეგულირებამ, რომელიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში „კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების“ სახელწოდებით არის ცნობილი. სახელწოდების ცვლილება შემთხვევითი არ არის. შეცილების სამართლებრივი ინსტიტუტის დამკვიდრებით ამ საკითხის მოწესრიგება შესაბამისობაში მოვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, ამასთან, სამართლებრივი დოქტრინის თვალსაზრისითაც და ტერმინოლოგიურადაც უფრო მეტად შეესაბამება შეცილების სამართლებრივ შედეგებს.

შეცილების წესები უშუალო კავშირშია გადახდისუუნარობის განცხადების დროულად წარდგენის ვალდებულებასთან. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების წარდგენა გაჭიანურდა, ეს არ უნდა აისახოს კრედიტორების ინტერესზე. შეცილების მიზანს წარმოადგენს იმ ქონებრივი ცვლილებების აღმოფხვრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გადახდისუუნარობის საქმის დაწყებამდე პერიოდში და ამით მოვალის ქონებრივი მდგომარეობის აღდგენა იმ სტატუსით, რომელშიც ის იყო ფაქტობრივი გადახდისუუნარობის წარმოშობის მომენტში.

შეცილებადი ქმედებების ცნება უფრო ფართოა და მოიცავს როგორც გარიგებებს, ასევე სხვა ქმედებებს, მათ შორის, ნივთის გადაცემას ან სხვაგვარ შესრულებას, რაც გარიგების დადებას არ უკავშირდება.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები შეეხო შეცილებაზე უფლებამოსილ პირებს. მოქმედი კანონის თანახმად, შეცილების განხორციელება შეუძლია როგორც მმართველს, ისე კრედიტორს. კანონპროექტი კი შეცილების განხორციელების უფლებას ანიჭებს ექნებათ მმართველებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვალე რჩება მართვაში – ზედამხედველს. ვინაიდან წარმატებული შეცილების შედეგები გადახდისუუნარობის მასაზე უნდა აისახოს და ამით კრედიტორთა ერთობლიობამ უნდა ისარგებლოს, გაუმართლებელია ამის უფლება ინდივიდუალურ კრედიტორებს მიეცეთ. ამდენად, გამოირიცხება კონკრეტული კრედიტორების მიერ შეცილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. კანონპროექტი შეცილებისთვის განსაზღვრავს რელევანტურ პერიოდს – დროს, რომლის განმავლობაშიც, ქმედება შეიძლება საცილო გახდეს. კანონპროექტი ასევე ზედმიწევნით არეგულირებს შეცილების სამართლებრივ შედეგებს და მასთან დაკავშირებულ პროცესუალურ საკითხებს.

თავი IX. რეაბილიტაცია

„რეაბილიტაციის“ ცნებას კანონპროექტი უფრო ფართოდ იყენებს, ვიდრე ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. კერძოდ, რეაბილიტაცია შეეხება როგორც მოვალეს, ასევე მის ბიზნესს (ბიზნესის მოვალის სუბიექტისაგან გამოცალკევებით და მოვალის შემდგომი ლიკვიდაციით) იმ აუცილებელი პირობით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი რეაბილიტაცია კრედიტორების კოლექტიური დაკმაყოფილების ან მათი ინტერესების პრიორიტეტული დაცვისაკენ უნდა იყოს მიმართული. შესაბამისად, მართვაში დარჩენილი მოვალე ან რეაბილიტაციის მმართველი რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების მომენტიდან წარმოადგენს მოვალეს იმ სპეციფიკით, რომ ფიდუციური მოვალეობები მას ამჯერად უკვე მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის მიმართ გააჩნია, ნაცვლად მოვალის პარტნიორებისა.

კანონპროექტით რეაბილიტაციის რეჟიმს ცალსახა და უპირობო პრიორიტეტი ენიჭება, რაც გამოიხატება როგორც გაცხადებული მიზნებისა და პრინციპების დონეზე, ასევე რეაბილიტაციის წამახალისებელი არაერთი მექანიზმის გათვალისწინებით, როგორიცაა მოვალის მართვაში დატოვება, გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციაში კონვერსიის შესაძლებლობა და სხვ. პრიორიტეტების მიხედვითაა დალაგებული თავად რეაბილიტაციის წარმართვის გზები. კერძოდ, რეაბილიტაციის გეგმა უპირატესად მიმართული უნდა იყოს მოვალე-სუბიექტის გადარჩენისკენ, რა დროსაც კრედიტორული მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ კრედიტორული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია, რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორული მოთხოვნების იმგვარ დაკმაყოფილებას, რომლის დროსაც თითოეული კრედიტორი მიიღებს მინიმუმ იმდენს, რასაც მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა (ფულადი ვალდებულებების შესრულების ხანგრძლივობასთან მიმართებით ინტერესის გათვალისწინებით); ამასთან, კრედიტორთა უმრავლესობისათვის რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე მოვალის გაკოტრებისას დადგებოდა. ამ შემთხვევაში რეაბილიტაცია შეიძლება მოიცავდეს მოვალის, როგორც მოქმედი ბიზნესის, გადარჩენას, ასევე მოვალის მთლიანი/არსებითად მთლიანი ბიზნესის/ქონების გასხვისებას, საქმიანობის გაგრძელებას კრედიტორების გრძელვადიანი დაკმაყოფილების მიზნით და სხვ. მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ რეაბილიტაციის დროს ერთიანი კომპლექსის სახით ბიზნესის გაყიდვა გაკოტრებაში განხორციელებული იმავე ტიპის რეალიზაციისაგან. რეაბილიტაციაში ამგვარი გაყიდვა იმ პირობით დაიშვება, რომ ის უკეთესი შედეგების მომტანი უნდა იყოს კრედიტორთა ერთობლიობისთვის, ვიდრე გაკოტრებისას მისაღები მინიმუმია (გამოიანგარიშება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდით).

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რეაბილიტაცია არ არის დისტრიბუციის პროცედურა, არამედ ის კომპანიის ან ბიზნესის გადარჩენის პროცედურაა და სწორედ ამ გადარჩენის სქემის ფარგლებში ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება ფულადი ან არაფულადი ფორმით (წილები, მოგებაში მონაწილეობა, დასაქმება და სხვ.). შესაბამისად, როდესაც ბიზნესის გაყიდვისას კრედიტორები მხოლოდ ფულს იღებენ დისტრიბუციის გზით – ეს გაკოტრების დროს გაყიდული ბიზნესია, ხოლო როდესაც ისინი ბიზნესს „გადაჰყვებიან“ – ეს არის რეაბილიტირებული კრედიტორი და ბიზნესი ერთად.

კანონპროექტით გათვალისწინებულია რეაბილიტაციის რეჟიმში მართვის ახალი ფორმა – „მოვალე მართვაში“ – რა დროსაც არსებული მენეჯმენტი, რომელიც კეთილსინდისიერად ახორციელებდა საქმიანობას, აგრძელებს მართვას და ზედამხედველთან ერთად მონაწილეობს კრედიტორებთან მოლაპარაკებაში რეაბილიტაციის რეჟიმის წარმატებით დასრულების მიზნით. მოვალის მართვაში დატოვება დაუშვებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალე შედის წარუმატებელი რეგულირებული შეთანხმების რეჟიმიდან, რა დროსაც მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, მოვალე-სუბიექტის მენეჯმენტის შენარჩუნებით მოეგვარებინა ფინანსური კრიზისი. თუ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალე არ რჩება მართვაში, ინიშნება რეაბილიტაციის მმართველი.

კანონპროექტი აგებულია „რეაბილიტაციის მმართველის“ ტერმინის ირგვლივ, იმ ზოგადი მითითებით, რომ მოვალეს მართვაში გააჩნია ანალოგიური უფლებამოსილებები და მოვალეოებები, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, კერძოდ, უშუალოდ ზედამხედველისთვის განსაზღვრული ფუნქციების გარდა, რეაბილიტაციის მმართველის მსგავსად ანაზღაურების მიღების და შეცილების უფლებისა. მოვალის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება მართვაში მყოფ მოვალეს შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით. დაინტერესებულ პირთა მიმართვის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის მმართველით, თუ სახეზეა შეცილების საფუძვლები (რომლის შედავების უფლებამოსილება მართვაში მყოფ მოვალეს არ გააჩნია) – მოვალის თაღლითობა, არაკეთილსინდისიერება, მოტყუება, არაკომპეტენტურობა, აუცილებელი ზრუნვის მოვალეობის დარღვევა, მმართველობითი საქმიანობის მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართვა ან მართვის მიტოვება.

კანონპროექტი ითვალისწინებს უზრუნველყოფილ კრედიტორთა უფლებების რეალიზების ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის უფლება (ე.წ. right to separate satisfaction). კერძოდ, უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების მიმართ მორატორიუმის მოხსნის შუამდგომლობით, თუ მას ზიანი ადგება მორატორიუმის ღონისძიების გამოყენებით (მაგალითად, ქონების ღირებულება მცირდება) და ამ ზიანის თავიდან აცილების ინტერესი კრედიტორთა თანაბარზომიერი დაკმაყოფილების კანონისმიერ მიზანზე მნიშვნელოვანია.

თუ რეაბილიტაციის მმართველი არ ეთანხმება აღნიშნულ მოთხოვნას, ის ვალდებული იქნება ამტკიცოს რომ ქონება, რომელზედაც კრედიტორი ითხოვს მორატორიუმის ცალკეული ღონისძიების გაუქმებას, საჭიროა რეაბილიტაციის მიზნებისთვის.

რეაბილიტაციის რეჟიმი სრულდება რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლისთანავე.

კანონპროექტი უშვებსრეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმში გადასვლის (კონვერსია) შესაძლებელობას იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის გეგმა არ დამტკიცდა, ან თუ რეაბილიტაციის მმართველი მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა არ არსებობს. ამ უკანასკნელი საფუძვლის არსებობას ამოწმებს სასამართლო.

თავი X. გაკოტრება

მოვალის გაკოტრების პროცედურები მთლიანად მიმართული უნდა იყოს კრდიტორთა მაქსიმალურად ეფექტიანად დაკმაყოფილებისაკენ. გაკოტრების ნაწილში კანონპროექტის მთავარი მონაპოვარია:

· მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და მოქნილი პროცედურები მოვალის ქონების მაქსიმალურად მაღალი ღირებულებით რეალიზაციიისათვის;

· ძლიერი გაკოტრების მმართველი;

· კრედიტორთა დაკმაყოფილების წესისა და რიგითობის მაქსიმალურად სამართლიანი რეგულაციები.

კანონპროექტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია განახორციელოს ქონების რეალიზაციისათვის კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი ფორმით, მოქმედი ბიზნესის სახით, გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ. ფორმის შერჩევისას გაკოტრების მმართველმა უნდა მოახდინოს ქონების იმ გზით რეალიზაცია, რომლიდანაც მოსალოდნელია უფრო მეტი თანხის ამოღება. გაკოტრების მმართველს აქვს რეალიზაციისათვის ნებისმიერი დასაშვები ფორმის გამოყენების შესაძლებლობა, რაც განაპირობებს ქონებიდან მაქსიმალური თანხის ამოღებას და კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

კრედიტორთა მაქსიმალური ჩართულობისათვის გაკოტრების მმართველი აქვეყნებს რეალიზაციის ფორმის შერჩევის თაობაზე ინფორმაციას და კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს მას ქონების რეალიზაციის ალტერნატიული შეთავაზებით, რომელიც კრედიტორთა ერთობლიობისთვის უფრო მომგებიანი იქნება. აღნიშნული წესი უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. რეალიზაციის ფორმის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი, რაც მოქნილი და სწრაფი პროცედურების წინაპირობაა, ვინაიდან ამ უკანასკნელს კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობის ფონზე, უნდა ჰქონდეს თავისუფლება, იმოქმედოს დამოუკიდებლად და სწრაფად. სხვადასხვა სახის შეფერხებების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა, პროცედურები გაჭიანურდეს და ამას მოჰყვეს ქონების გაუფასურება. ასეთი მოწესრიგება მნიშვნელოვნად განსხვავდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოქმედი კანონის რეგულაციებისგან. მოქმედი კანონის მიხედვით, ქონების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ აუქციონის გზით, რა დროსაც პირველ აუქციონზე ყველა შემთხვევაში ერთიანი სახით ხდება ქონების გატანა, თუნდაც ერთიან ქონებაში შემავალი ნივთები/ერთეულები არ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და შეუძლებელი იყოს მათი ერთად გასხვისება.

გაკოტრების მმართველის ამოცანაა, შეაგროვოს მოვალის ქონება და მოახდინოს მისი რეალიზაცია. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებით. გარდა ამ ზოგადი მითითებისა, გაკოტრების მმართველის უფლებები დაზუსტებულია იმავე მუხლში: გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია აწარმოოს დავები, განახორციელოს შეცილება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, გაკოტრების რეჟიმის შესახებ განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები, დადოს ახალი ხელშეკრულებები, შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება და სხვ.

კანონპროექტი გაკოტრების მმართველის პასუხისმგებლობის საკითხსაც აწესრიგებს. კერძოდ, გაკოტრების მმართველმა დაკისრებული ფუნქციები უნდა განახორციელოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე არ გამოიწვიოს კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესის დაზიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაკოტრების მმართველი, როგორც მოვალის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, გაკოტრების მიზნებისათვის საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით. შესაბამისად, მოვალის კრედიტორების მიმართ ის პასუხს აგებს გულისხმიერების ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანისთვის. გულისხმიერების ვალდებულების დაცვის პირობებში გაკოტრების მმართველის ასეთი მრავალფეროვანი უფლებამოსილებით აღჭურვამ უნდა უზრუნველყოს კრედიტორებისათვის მაქსიმალური შედეგის მიღწევა.

კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია უზრუნველყოფილ კრედიტორთა უფლებების მნიშვნელობა. თუ მოქმედი კანონით შემოთავაზებული უზრუნველყოფის ინსტიტუტი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის და ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, კანონპროექტით ეს პრობლემა აღმოფხვრილია, – უზრუნველყოფილი კრედიტორის კავშირი ნივთთან აღარ უქმდება, ხოლო ერთ ნივთზე რამდენიმე უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში შენარჩუნებულია სანივთო უფლებების ის რიგითობაც, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

სიახლეა ასევე გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლის შესაძლებლობა. კანონპროექტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია რეაბილიტაციის განცხადებით მიმართოს სასამართლოს, თუ ხედავს რეაბილიტაციის გონივრულ ალბათობას.

სიახლეა ისიც, რომ გაკოტრების დასრულების შემდეგ დარჩენილი ქონება პარტნიორებს შორის ნაწილდება მათი წილის პროპორციულად. მოქმედი კანონი განაწილების შემდეგ დარჩენილი ქონების ბედს განსხვავებულად განსაზღვრავს და მას სახელმწიფო საკუთრებაში მიაქცევს. ასეთი მიდგომის კონსტიტუციურობის საკითხი ეჭვქვეშ დგას და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ პროცესის დასრულების შემდეგ მართლაც დარჩეს რაიმე სახის ქონება, ახალი რეგულაცია აღმოფხვრის არსებულ თეორიულ თუ პრაქტიკულ პრობლემას.

თავი XI. სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე

კანონპროექტით ჩნდება სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ცნება. თუ მოვალის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესს, სასამართლოს შეუძლია ასეთ პირს მინიჭოს სპეციალური რეჟიმის მქონე მოვალის სტატუსი. ასეთი მოვალის ქონების რეალიზაცია ხორციელდება ერთიანი კომპლექსის სახით ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც ხელს არ შეუშლის მისი საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას. დაუშვებელია შემძენის მიერ აღნიშნული მოვალის პროფილის შეცვლა. შემძენი იღებს ვალდებულებას, რომ გააგრძელებს იმავე საქმიანობას, რასაც ეწეოდა გაკოტრებული მოვალე.

ამგვარი სტატუსის შემოღების საჭიროება პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა განაპირობა, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული რეგიონის თუ მთლიანად ქვეყნისათვის საჭირო ისეთი სერვისის მიმწოდებელ მოვალეს, რომლის ქონების ცალ-ცალკე გაყიდვა და მისი პროფილის შეცვლა გამოიწვევს კონკრეტული სერვისის პარალიზებას, თუ მისი სხვა მომწოდებლით ჩანაცვლება შეუძლებელია ან ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. ასეთ სერვისად შეიძლება მოიაზრებოდეს კომუნიკაციების, სამედიცინო სერვისის მიწოდება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ.

თავი XII. საერთაშორისო გადახდისუუნარობა

გადახდისუუნარობის სფეროში მოვალის საქმიანობაში საერთაშორისო ელემენტის არსებობამ შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც გადახდისუუნარობის მთლიან წარმოებაზე, ისე მის რომელიმე ასპექტზე. გადახდისუუნარობის მხრივ, საერთაშორისო კერძო სამართალი შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის უნიფიცირებულ წარმოებას – უნივერსალური ეფექტით და პლურალისტურ წარმოებას – ტერიტორიულობის ეფექტით (შესაბამისად, ოთხ ცალკეულ პრინციპს – უნიტარიზმს, უნივერსალურობას, პლურალიზმსა და ტერიტორიულობას). უნიფიცირებული წარმოებისას მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის მთლიანი რეჟიმი ერთ კონკრეტულ იურისდიქციაში იწყება და სრულდება, რომელსაც სხვა ქვეყნის იურისდიქციები აღიარებენ. ყველა შესაბამისი ქვეყნის მიერ აღიარებისას სახეზე იქნება უნივერსალურობის ეფექტიც.

ხშირად, მოვალის საქმიანობის გლობალური მასშტაბიდან გამომდინარე, აგრეთვე მოვალის მიერ უცხო ქვეყანაში ქონების შეძენისა და ფლობის, ასევე მოვალის სახელშეკრულებო ვალდებულებებზე უცხო ქვეყნის სამართლის გავრცელების გამო შეუძლებელია უნიფიცირებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რის გამოც რამდენიმე ქვეყანაში შესაძლებელია გაიხსნას რამდენიმე პარალელური წარმოება. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს კონკრეტული წარმოებების ტერიტორიული პრინციპით შემოსაზღვრას. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის იურისდიქციაში გახსნილი წარმოების აღიარებას, როგორც ზოგად წესს, თუმცა, აწესებს გამონაკლისებს. ასეთი აღიარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალე დაფუძნებული იყოს ან მთავარი ინტერესების ცენტრი გააჩნდეს რეჟიმის გამხსნელ სახელმწიფოში.

მოქმედი კანონი აწესრიგებს მხოლოდ საზღვარგარეთ გახსნილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საქართველოში ცნობისა და ასეთ შემთხვევაში საქართველოში განცალკევებული წარმოების გახსნის საკითხს, რომელსაც ეძღვნება ორი მუხლი.

ამ მიზნით, კანონპროექტით შემოდის ახალი თავი – „საერთაშორისო გადახდისუუნარობა“, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო ელემენტის შემცველ მთელ რიგ საკითხებს, როგორიცაა საზღვარგარეთ გახსნილი გადახდისუუნარობის წარმოების ცნობა, უცხოური საწარმოს გაკოტრება, კრედიტორთა ორმაგი დაკმაყოფილების თავიდან აცილება, შრომითი ურთიერთობები, უძრავ ნივთთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და გაქვითვები.

თავი XIII. პროცესის ხარჯები

კანონპროექტის XIII თავი ახლებურად არეგულირებს პროცესის ხარჯებს. სახელმწიფო ბაჟის მთლიანი ოდენობა შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10 000 ლარისა. აღნიშნული თანხის გადახდა პროცესის საწყის ეტაპზე განსხვავებულად ხდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის განმცხადებელი.

თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება, მისი მოცულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს განსაზღვრულ დროს ახალი ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და პროცესის მონაწილე სუბიექტების მომზადებისთვის. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას 2020 წლის 1 ივნისიდან, რომლის განმავლობაშიც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონპროექტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა, ასევე არსებული ნორმატიული ბაზის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამასთან, მოქმედი და ახალი კანონებით გათვალისწინებულ პროცესებს შორის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური განსხვავებებისა და მათი ურთიერთჩანაცვლების სირთულიდან გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებულია ახალი კანონის ამოქმედებამდე გახსნილი წარმოებების დასრულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის შესაბამისად.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)

კანონპროექტი 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ – ეხმიანება. ამავე პროგრამის 2.4. პუნქტის (ბიზნესგარემო) თანახმად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა. რეფორმა მოიცავს როგორც სამეწარმეო, ისე სამოქალაქო გადახდისუუნარობას. გაჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები კრედიტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად“. შემოთავაზებული კანონპროექტი სწორედ ამ მიზნების შესრულებას ემსახურება.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება

კანონპროექტი ძალაში შედის 2020 წლის 1 ივნისიდან.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მოქმედი კანონის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანისათვის დადგენილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდისუუნარობის განცხადებაზე შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10000 ლარისა. კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში კრედიტორი იხდის სახელმწიფო ბაჟის იმ ნაწილს, რაც შეადგენს მისი მოთხოვნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა ფიზიკური პირისთვის და არაუმეტეს 10000 ლარისა იურიდული პირისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში – არანაკლებ 500 ლარისა.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა

კანონპროექტით უქმდება განმცხადებლის მიერ 5000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის ვალდებულება, ასევე ახლებურად განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და მისი გადახდის წესი. კერძოდ, მოქმედი კანონის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანისათვის დადგენილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდისუუნარობის განცხადებაზე შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10000 ლარისა. კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში კრედიტორი იხდის სახელმწიფო ბაჟის იმ ნაწილს, რაც შეადგენს მისი მოთხოვნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა ფიზიკური პირისთვის და არაუმეტეს 10000 ლარისა იურიდული პირისთვის. კრედიტორის მიერ გადახდილი ბაჟი შეადგენს საპროცესო ხარჯებს და ანაზღაურდება წინამდებარე კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთო ჯამში, კანონპროექტი პოზიტიურ გავლენას იქონიებს კრედიტორებზე და სასამართლოსთვის მიმართვას უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის, ხოლო მოვალე სასამართლოსთვის მიმართვის დროს თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან – ბაჟის გადახდა მოხდება გადახდისუუნარობის მასიდან ამონაგები თანხიდან და მისი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდისუუნარობის განცხადებაზე შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 10000 ლარისა. კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში კრედიტორი იხდის სახელმწიფო ბაჟის იმ ნაწილს, რაც შეადგენს მისი მოთხოვნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა ფიზიკური პირისთვის და არაუმეტეს 10000 ლარისა იურიდული პირისთვის.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის საქმინაობაშიც მონაწილეობდნენ სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში უშუალოდ მონაწილე პრაქტიკოსი იურისტები. დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პროექტების (GIZ, USAID, CLDP) ხელშეწყობით კანონპროექტზე მუშაობის სრული პერიოდის განმავლობაში პროცესში უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტის მიმართ განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), რომლის საფუძველზე შედგენილ ანგარიშში მითითებულია, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ გადახდისუუნარობის სისტემაში. რეგულირების შეფასების ანგარიში თან ერთვის კანონპროექტს (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

[1] წყარო – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მიღებული სტატისტიკური მონაცემები.

[2] მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების ანგარიშში“ 2016 წელს საქართველოს ეკავა 24-ე ადგილი; 2017 წელს – მე-16 ადგილი; 2018 წელს – მე-9 ადგილი, ხოლო 2019 წელს – მე-6 ადგილი.

[3] „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონპროექტის ფარგლებში შერჩეული საკითხების რეგულირების ზეგავლენის შეფასება, საბოლოო ანგარიში. თებერვალი, 2019 წელი.

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახ