1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასამართლო ამტკიცებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისთვის გადასახდელ გონივრული ანაზღაურების ოდენობას მის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოდების პროცესში გაწეული მომსახურებისთვის, აგრეთვე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაღებული საჭირო ხარჯების ანაზღაურების წესს. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის საქმიანობა გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება.
2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულებამდე სასამართლოს დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს მისაღები ანაზღაურების შესახებ, რომელშიც ამომწურავად უნდა იყო აღწერილი მის მიერ გაწეული ყველა მომსახურება და შესაბამისი საფასური.
3. სასამართლო უფლებამოსილია:
ა) შეამციროს მოთხოვნილი ანაზღაურება, თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვერ ასაბუთებს მის გონივრულობასა და საჭიროებას;
ბ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი ანაზღაურება განსაზღვროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილზე მეტი ოდენობით, თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი დაასაბუთებს მის მიერ დამატებით გაწეული მომსახურების საჭიროებასა და გონივრულობას;
გ) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის შუამდგომლობის საფუძველზე, დაადგინოს მისთვის ავანსის სახით წინასწარ გადასახდელი თანხის გადახდა, ან უკვე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს საბოლოო ანაზღაურების ოდენობის ნახევარს.
4. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს მომსახურების შინაარსსა და მოცულობას და ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
ა) მომსახურებაზე დახარჯული დრო;
ბ) მომსახურებისათვის განსაზღვრული ტარიფები;
გ) იყო თუ არა მომსახურება აუცილებელი საქმის წარმოებისათვის;
დ) იყო თუ არა მომსახურება გაწეული გონივრულ ვადაში – პრობლემის, საკითხის ან დავალების არსის, სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით;
ე) არის თუ არა ანაზღაურება გონივრული იმავე ტიპისა და ხარისხის (იმავე დონის პროფესიონალის მიერ გაწეული) მომსახურებისთვის დადგენილ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით.
5. სასამართლო არ დაამტკიცებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, თუ:
ა) დაადგენს, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევა არ იყო აუცილებელი საქმის წარმოებისთვის, ან მისი მოცულობა არ მიიჩნევა გამართლებულად;
ბ) ხარჯის გაწევამდე არსებობდა საფუძველი გონივრული ვარაუდისთვის, რომ გადახდისუუნარობის მასისთვის მომსახურება არ მოიტანდა სარგებელს.
6. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისთვის განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების ჯამური ოდენობა, მათ შორის, რამდენიმე მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შესრულებული ვალდებულებების ოდენობის მიხედვით, რა დროსაც შესრულებული ვალდებულებების ოდენობად:
ა) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში მიიჩნევა რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრული ჯამური თანხის ოდენობა;
ბ) გაკოტრების შემთხვევაში მიიჩნევა ჯამურად ამონაგები თანხა.
7. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისთვის განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების ჯამური ოდენობა, მათ შორის, რამდენიმე მმართველის დანიშვნის შემთხვევაში, გამოიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) 5000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 30%-ისა;
ბ) 5000 ლარიდან 50000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 20%-ისა;
გ) 50000 ლარიდან 500000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 10%-ისა;
დ) 500000 ლარიდან 2000000 შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 5%-ისა;
ე) 2000000 ლარიდან 5000000 ლარამდე შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 3%-ისა;
ვ) 5000000 ლარზე მეტი ოდენობით შესრულებული ვალდებულებების შემთხვევაში – არაუმეტეს შესრულებული ვალდებულებების 1%-ისა.
8. მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ანაზღაურება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის მასის ღირებულების თითოეული ნიშნულისთვის დამოუკიდებლად გამოითვლება და ჯამდება.
გარდამავალი და დასკვნითი დებულება