1. ამ მუხლის მიზნებისთვის, არარეგისტრირებული საწარმო ნიშნავს უცხო ქვეყნის ნებისმიერ სამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო იურიდიული პირი ან მისი ფილიალი. არარეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის პროცედურებთან მიმართებაში გამოიყენება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც რეგისტრირებულია ასეთი სამეწარმეო იურიდიული პირი.

2. ნებისმიერი არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე. საქართველოს სასამართლოს იურისდიქციის განსაზღვრის მიზნებისთვის, არარეგისტრირებული საწარმო საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოდ ჩაითვლება, თუ მისი მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია ან ის ფლობს ქონებას საქართველოში. გაკოტრების წარმოების მიზნებისთვის, ასეთი საქმიანობის ძირითადი ადილი ან ქონების მისამართი ამ საწარმოს რეგისტრირებულ მისამართად ჩაითვლება.

3. თუ არარეგისტირებული საწარმოს მიმართ რეგისტრაციის ქვეყანაში მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საზღვარგარეთ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა არ გამორიცხავს საქართველოში განცალკევებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას ამ მუხლის შესაბამისად.

4. განცალკევებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას არარეგისტრირებული საწარმოს ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე. ამასთან, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, თუ მოვალეს არ გააჩნია რეგისტრირებული ფილიალი ან მისამართი საქართველოში, ტერიტორიული (ადგილობრივი) გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია ტერიტორიული (ადგილობრივი) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ, კერძოდ, თუ სავარაუდოა, რომ საზღვარგარეთ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესით მისი მდგომარეობა გაუარესდება. განსაკუთრებული ინტერესის არსებობის დასაბუთების ვალდებულება განმცხადებელ კრედიტორს ეკისრება.

5. არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრება ამ კანონის შესაბამისად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მისი გადახდისუუნარობა ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად.

6. საზღვარგარეთ რეგისტრირებული საწარმო, რომელიც საქართველოში ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, შეიძლება გაკოტრდეს ამ კანონის საფუძველზე, როგორც არარეგისტრირებული საწარმო, მაშინაც, თუ რეგისტრაციის ქვეყანაში განხორციელდა მისი ლიკვიდაცია, რეესტრიდან ამოიშალა ან სხვაგვარად შეწყვიტა არსებობა.

7. არარეგისტრირებული საწარმოს მიმართ ამ თავის დებულებების გამოყენება არ ზღუდავს გაკოტრების რეჟიმთან დაკავშირებით ამ კანონის სხვა დებულებების გამოყენებას.

8. სასამართლო ან/და გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია, არარეგისტრირებული საწარმოს მართვის მიზნით, მის მიმართ განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საწარმოს მიმართ.

თავი XIII

პროცესის ხარჯე