1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე, თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს გენერალური დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია, გაგრძელდეს გონივრული ვადით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრამდე.
3. ბრალდებულის, მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.
4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე გენერალურ დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება და არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფები