1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვა პირის ან ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებები;
ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.
2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა ეს ღონისძიება.
3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ დაწესებულების მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებულ იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, ხოლო ღამის საათებში – ოპერატიული მორიგე, დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.
4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.
5. ბრალდებულების/მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. იმწუთიერი საფრთხის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი