1. სამორიგეო ცვლა არის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24-საათიანი) ჯგუფების ერთობლიობა.
2. სამორიგეოს ცვლაში განწესებული მოსამსახურეები უზრუნველყოფენ:
ა) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას;
გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას;
დ) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას;
ე) აკრძალული ნივთების ამოღების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას;
ვ) დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ინსტრუქციების და ამ დებულების დაცვაზე კონტროლს;
ზ) საკნების/საერთო საცხოვრებლის ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილურია. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურე განწესდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.
4. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან დაწესებულებაში შექმნილ საგუშაგოებზე. საგუშაგო არის დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, საიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები.
5. თუ ოპერატიულ მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია, დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები და ამის თაობაზე მოახსენოს დაწესებულების დირექტორს.
6. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დაცვის და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით, რომელსაც გამოსცემს დაწესებულების დირექტორი, სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. ამ ბრძანებაში აღინიშნება დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული დანაყოფები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და სხვა ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის.
7. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება.
8. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება პენიტენციურ დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე – ოპერატიულ მორიგესთან.
9. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე. ყოველდღიურად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, აგრეთვე დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.
10. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
11. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით დაწესებულების სამორიგეოს ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს შტაბთან (სამმართველოსთან