1. ყოველ დილას ახალი სამორიგეო ცვლა დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე (დანაყოფებზე) განაწილების თაობაზე ახალი ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.

2. ახალი ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და მისი თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.

3. სამორიგეო ცვლას განაწილებისათვის ამზადებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას.

4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.

6. ოპერატიული მორიგე, სამართლებრივი რეჟიმის დარგში/დახურული ნაწილის კურატორ დირექტორის მოადგილესთან კოორდინაციით, ანაწილებს მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ინსპექტორ-კონტროლიორებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.

7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან ან ავალებს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.

8. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა განლაგდება შესაბამის საგუშაგოზე (დანაყოფზე) და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას, წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.

9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე წყდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.

10. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.

11. პირველ რიგში, ხორციელდება დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარება, ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორის, ინსპექტორ-კონტროლიორების და წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისა და ერთი ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის მეორე ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას.

12. სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) მოწმდება დანაყოფებზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;

ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:

ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;

ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

13. საკომუნიკაციო შახტის კარი იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.

14. დაწესებულების სივრცეების შემოწმება-გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა/საერთო საცხოვრებლების და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება-გადაბარებას, კერძოდ:

ა) საკნის/საერთო საცხოვრებლების კარის გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მოემზადონ შემოწმებისთვის;

ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საკნის კარს და საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:

ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს დაწესებულების დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას;

ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელექტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.

15. შესაბამისი დანაყოფების წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, ასევე, წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ დაწესებულების ეზოს (დანაყოფების მიხედვით), კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმები.

16. შემოწმების შედეგები აისახება, შესაბამისად, საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. თუ გამოიკვეთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, ამის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება სამართლებრივი რეჟიმის დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილეს/დახურული ნაწილის კურატორ დირექტორის მოადგილეს ან/და ოპერატიულ მორიგეს.

17. საკნიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს საკანში.

18. საკნების და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.

19. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორი ახალი სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.

20. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობება სამართლებრივი რეჟიმისა დარგში დირექტორის მოადგილეს/დახურული ნაწილის კურატორ დირექტორის ან/და ოპერატიულ მორიგეს.

21. ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.

22. ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ძველი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორისაგან იბარებს საკნისა და დაწესებულების სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს. ამ მომენტიდან სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.

23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც, თავის მხრივ, მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში/დახურული ნაწილის კურატორ დირექტორის მოადგილეს და აცნობებს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს შტაბს (სამმართველოს).

24. წინა ცვლის მთავარი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.

25. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.

26. შესაბამისი განყოფილების უფროსი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ოპერატიულ მორიგეს.

27. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ განყოფილების უფროსები ახორციელებენ სამოქმედო დანაყოფების შემოვლა/დათვალიერებას და, საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევენ მითითებებს/დავალებებ