სამინისტრო საერთაშორისო და რეგიონალურ დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციითა და თანხების მობილიზაციით პოპულარიზაციას უწევს, ხელს უწყობს და ახორციელებს შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში შემდეგ პროგრამებს, ღონისძიებებსა და საქმიანობებს:

ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვა;

ბ) შენობების, მრეწველობის, ტრანსპორტის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის წახალისება;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამები;

დ) მრეწველობაში ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამები;

ე) სატრანსპორტო საშუალებების ეკომართვის საინფორმაციო კამპანიების წარმოება;

ვ) ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების, მათ შორის, ენერგოეფექტური ღუმლებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების დანერგვის, პროგრამები.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024