წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-531
სარეგისტრაციო კოდი
400020000.22.023.016634
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-531

2020 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ :


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმა“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი





📎 დანართები (1)
danarti 1.doc

_______________________________________

(წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დასახელება)

წ ე ს დ ე ბ ა

202- წელი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. _____________________ _ მუნიციპალიტეტის სოფ. _______________________ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია _______________________________ არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ბანკში, ბეჭედი თავისი სახელწოდებით და სხვა ატრიბუტიკა.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესდებით და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით.

  3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსური წელი იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკემბერს.

  4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფუძნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიერ განსაზღვრული წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რომელთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის საერთო ფართობის 50 პროცენტზე მეტია.

  5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორია მდებარეობს _________________________________ სარწყავი სისტემის _______________________________ ჰიდროტექნიკური ერთეულის ზონაში მოქცეულ ______ ჰა. მელიორირებული მიწის ფართობზე, რომლის საზღვრები განსაზღვრულია სამინისტროს მიერ.

მუხლი 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელწოდება და ადგილსამყოფელი

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ________________________________________________

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მისამართია: ______________________________________ ________________________________________________________________________________________

მუხლი 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიზანია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა უზრუნველყოფა საირიგაციო წყლით.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციებია:

    1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის (მეორე რიგის/მესამე რიგის არხი, ლოკალური საირიგაციო სისტემა, ჰიდროტექნიკური ერთეული) მართვის, მოვლა-შენახვის და რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და საირიგაციო მომსახურების გაწევა;

    2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის მომსახურების გაწევა, აგრეთვე ხელშეკრულების საფუძველზე სხვა წყალმომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;

    3. მიწოდების წერტილში წყლის აღრიცხვისა და მისი რაციონალურად განაწილების უზრუნველყოფა;

    4. წყალსარგებლობის საფასურის ამოღებისა და პირველად წყალმოსარგებლესთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;

    5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის საგანია:

    1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე საირიგაციო წყლის რაციონალურად მიწოდება;

    2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის სწორი ექსპლუატაცია.

მუხლი 4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა და წევრთა უფლება-მოვალეობები

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა:

    1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ პირი, რომელსაც საკუთრებაში/სარგებლობაში აქვს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, ჩაითვლება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრად.

    2. პირი, რომელიც ერთ წელზე მეტი ვადით ფლობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებით, უფლებამოსილია ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებით აღნიშნული უფლებით სარგებლობის მთელი ვადის განმავლობაში.

    3. პირი, რომელსაც ამ მუხლის 1.2 ქვეპუნქტის შესაბამისად სარგებლობაში ჰქონდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგაც. შეუსრულებელი ვალდებულებები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე არ გადადის.

    4. თუ ორი ან მეტი პირი ფლობს, იჯარით აქვს აღებული ან რაიმე სხვა ფორმით სარგებლობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული ერთი და იგივე მიწის ნაკვეთით, ეს პირები უნდა შეთანხმდნენ, რომელი მათგანი ისარგებლებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის სტატუსით.

    5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისთვის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა შეიძლება შეუწყდეს/შეუჩერდეს:

ა) დამოუკიდებელ წყალმოსარგებლეს - ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც დამოუკიდებლად იღებს წყალს იმ წყლის წყაროდან (მდინარე, ტბა, ტბორი, ჭაბურღილი და სხვა), რომელიც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შესახებ კანონით არ რეგულირდება.

ბ) პირს, რომლიც ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას;

გ) პირს, რომელიც ფლობს საძოვრის კატეგორიის მქონე მიწას;

დ) პირს, რომელსაც სახელმწიფომ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით გადასცა მიწა საინვესტიციო ვალდებულებით.

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის როგორც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობის პერიოდში, ისე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტის შემდეგაც.

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებია:

    1. მიიღოს საირიგაციო მომსახურება;

    2. ამ წესდების შესაბამისად წამოაყენოს თავისი კანდიდატურა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე;

    3. დაასახელოს კანდიდატი და ხმა მისცეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოს არჩევნებზე;

    4. მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;

    5. მონაწილეობა მიიღოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვაში, ისარგებლოს ორგანიზაციის მომსახურების უპირატესი უფლებით იმ პირთან შედარებით, რომელიც არ არის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი, განახორციელოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება;

    6. წარმომადგენელზე ხმის დელეგირების/გადაცემის უფლება.

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის მოვალეობებია:

    1. მართლზომიერად ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას;

    2. შეასრულოს ამ წესდების მოთხოვნები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებები;

    3. გააფორმოს ხელშერულება ორგანიზაციასთან საირიგაციო მომსახურებასთან დაკავშირებით;

    4. ყოველწლიურად წარადგინოს/განაახლოს კულტურათა განაწილების გეგმა და მისაღები საირიგაციო წყლის მოცულობა;

    5. დროულად გადაიხადოს წყალსარგებლობის საფასური, რომელიც მოიცავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების მიერ განსაზღვრულ ფართობზე დაფუძნებული სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურის ოდენობას და მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურის ოდენობას.

    6. სარწყავი წყალი გამოიყენოს მხოლოდ წყლის მიწოდების გრაფიკის შესაბამისად;

    7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის ორგანოების მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ინფორმაცია მიწათსარგებლობის ან წყალსარგებლობის შესახებ;

    8. საჭიროების შემთხვევაში, თავის მიწის ნაკვეთზე დაუშვას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომელი და ორგანიზაციის მიერ დაქირავებული მომსახურების მიმწოდებელი მათ ტექნიკასა და აღჭურვილობასთან ერთად, ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად;

    9. დაიცვას ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის წესები;

    10. აანაზღაუროს მისი განზრახ ქმედების, დაუდევრობის ან უმოქმედობის შედეგად დაზიანებული ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურის რემონტის ან შეცვლის ხარჯები.

მუხლი 5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოები

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოებია:

ა) საერთო კრება;

ბ) გამგეობა;

გ) სარევიზიო კომისია;

დ) დავების განმხილველი კომისია.

მუხლი 6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

  3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტი.

  4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილი არიან ხმების ნახევარზე მეტის მქონე წევრები. თუ საერთო კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა ახალი საერთო კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა რაოდენობის მიუხედავად.

  5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წევრები არიან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის მესაკუთრეები/მოსარგებლეები. მიწის თანასაკუთრების შემთხვევაში საერთო კრების წევრია მიწის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ შესაბამის უფლებამოსილებას.

  6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ 51 პროცენტით.

  7. ხმის უფლების მისაღებად პირი უნდა იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი და მას არ უნდა ჰქონდეს დავალიანება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ. ხმები ნაწილდება შემდეგი სქემით:

ა) 2 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 1 ხმა;

ბ) 2-დან 4 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 2 ხმა;

გ) 4-დან 6 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 3 ხმა;

დ) 6-დან 8 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 4 ხმა;

ე) 8-დან 10 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 5 ხმა;

ვ) 10-დან 15 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 6 ხმა;

ზ) 15-დან 20 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 7 ხმა;

თ) 20-დან 30 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 8 ხმა;

ი) 30-დან 50 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 9 ხმა;

კ) 50 ჰა-ზე მეტი მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 10 ხმა.

  1. თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს ერთი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფარგლებში აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ისინი ერთ მეურნეობად ჩაითვლება და მათი ფართობები შეიკრიბება მისანიჭებელი ხმების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს შეუძლია საკუთარი ხმის უფლება წარმომადგენელს გადასცეს, წერილობითი მინდობილობის საფუძველზე. წერილობითი მინდობილობა შეიძლება გაიცეს საერთო კრების ერთი სხდომისთვის ან გარკვეული პერიოდით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხ წელს.

  3. საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, განსახილველ საკითხებს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის შედეგების შესახებ. ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე და მდივანი. ოქმს ერთვის კრების მოწვევის მასალები. ყოველ წევრს უნდა მიეცეს უფლება, გაეცნოს საოქმო ჩანაწერს. ოქმი ინახება გამგეობაში.

  4. საერთო კრების სხდომის ჩატარებამდე არაუგვინეს 20 კალენდარული დღისა გამგეობამ უნდა:

ა) აცნობოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა წევრს ან მათ წარმომადგენელს სხდომის ჩატარების შესახებ;

ბ) შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს საერთო კრების სხდომის თარიღი, დრო, ადგილი და დღის წესრიგის წინასწარი ვარიანტი.

  1. საერთო კრების სხდომის ჩატარებამდე არაუგვინეს 15 კალენდარული დღისა, გამგეობამ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს შესაძლებლობა უნდა მისცეს გაეცნოს და მიიღოს საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია.

  2. წინადადებები დამატებითი საკითხების დღის წესრიგში შეტანის შესახებ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობას უნდა წარედგინოს საერთო კრების სხდომის თარიღამდე არაუგვიანეს ___დღისა.

  3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ფუნქციებია:

ა) წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების დამტკიცება;

ბ) სარეზერვო ფონდის შექმნის, შევსებისა და განკარგვის წესის განსაზღვრა;

გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისა და სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრთა არჩევა 4 წლის ვადით;

დ) საჭიროების შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შინაგანაწესის დამტკიცება;

ე) წყალსარგებლობის საფასურის განსაზღვრა;

ვ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წლიური ანგარიშის დამტკიცება;

ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო გეგმის დამტკიცება;

ი) წყლის განაწილების ყოველწიური გეგმის დამტკიცება;

კ) ნებისმიერი სხვა საკითხის დამტკიცება, რომელიც უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ „წყალმომხმარებელთა ორგანიოზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების მოთხოვნების შესაბამისად.

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისთვის მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სხვა ორგანოსთვის დელეგირება დაუშვებელია.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის არაწევრი პირები შეიძლება მიწვეული იქნენ საერთო კრებაზე ხმის უფლების გარეშე.

მუხლი 7. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მართვისათვის მისი საერთო კრების სხდომებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციებია:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) გამგეობის წევრთაგან გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების სხდომის დღის წესრიგის მომზადება და საერთო კრების მოწვევა;

ე) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომლების/მომსახურე პერსონალის დაქირავება;

ვ) წყლის მიწოდების გრაფიკის დამტკიცება და მისი სათანადოდ განხორციელების ზედამხედველობა;

ზ) „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობა

    1. ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში _________ წევრია, რომლებსაც ორგანიზაციის წევრებიდან ოთხწლიანი ვადით ირჩევს საერთო კრება.

    2. გამგეობის წევრები თავისი რიგებიდან ირჩევენ თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს.

    3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში გაწეული საქმიანობისთვის.

    4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე.

  1. გამგეობის სხდომა და გადაწყვეტილების მიღების წესი

    1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა უნდა გაიმართოს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. სხდომის მოწვევა ხდება ან გამგეობის თავმჯდომარის მიერ ან წინა სხდომაზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით.

    2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომას იწვევს გამგეობის თავმჯდომარე. გამგეობის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე გამგეობის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.

    3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.

    4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გამგეობის თავმჯდომარის ხმა.

    5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომების ოქმებს ხელს აწერს თავმჯდომარე. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომის ოქმი ინახება და ხელმისაწვდომია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა წევრისთვის.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე

    1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე:

ა) იწვევს გამგეობის სხდომას და თავმჯდომარეობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებას;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების შესაბამისად წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას მესამე პირთან ურთიერთობაში;

გ) გამგეობის მიერ განსაზღვრულ გამგეობის ერთ-ერთ წევრთან ერთად ხელს აწერს ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებს;

დ) ახორციელებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.

მუხლი 8. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო კომისია

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო კომისია (შემდგომში - სარევიზიო კომისია) ზედამხედველობას უწევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობას.

  2. სარევიზიო კომისიის შემადგენლობაშია _______ წევრი, რომლებსაც ორგანიზაციის წევრებიდან ოთხწლიანი ვადით ირჩევს საერთო კრება. საერთო კრება უფლებამოსილია წევრის მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან სხვა ობიექტური მიზეზის საფუძველზე ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.

  3. სარევიზიო კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს ან წევრთა ჯგუფს.

  4. სარევიზიო კომისიის წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საერთო კრებაზე დამსწრე წევრების ½.

  5. სარევიზიო კომისიის წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი, იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში საქმიანობისთვის.

  6. სარევიზიო კომისიის ინიციატივით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის რევიზია.

  7. სარევიზიო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობამ მას უნდა წარუდგინოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

  8. სარევიზისო კომისიას შეუძლია არაგეგმური რევიზიების ჩატარება:

ა) საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) ორგანიზაციის გამგეობის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის გადაწყვეტილებით.

  1. თუ სარევიზიო კომისია ბუღალტრულ აღრიცხვაში აღმოაჩენს უზუსტობას ან დარღვევას, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორება.

  2. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წინაშე, რომელსაც წარუდგენს წლიურ ანგარიშს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის თაობაზე. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია ორგანიზაციის შემოწმების მასალები გადაუგზავნოს სამართალდამცავ სტრუქტურას.

მუხლი 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დავების განმხილველი კომისია

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დავების განმხილველი კომისია (შემდგომში - დავების განმხილველი კომისია) წყვეტს დავებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის.

  2. დავების განმხილველი კომისიის შემადგენლობაში შედის ____ წევრი, რომლებსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებიდან ოთხწლიანი ვადით ირჩევს საერთო კრება. საერთო კრება უფლებამოსილია წევრის მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან სხვა ობიექტური მიზეზის საფუძველზე ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.

  3. დავების განმხილველი კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს ან წევრთა ჯგუფს.

  4. დავების განმხილველი კომისიის წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საერთო კრებაზე დამსწრე წევრების ½.

  5. დავების განმხილველი კომისიის წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი, იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში საქმიანობისთვის.

  6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით დავების განმხილველი კომისიის წევრებს შეიძლება აუნაზღაურდეთ დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო დასაბუთებული ხარჯები.

  7. მომჩივან მხარეს შეუძლია წერილობით წარუდგინოს საჩივარი დავების განმხილველი კომისიის თავმჯდომარეს. თუ თავმჯდომარე მიიღებს საჩივარს, მან ორივე მხარეს წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ.

  8. საჩივრის მიღების შემდეგ დავების განმხილველი კომისიის თავმჯდომარემ ოპერატიულად უნდა შეისწავლოს დავის საგანი და მოიწვიოს კომისიის სხდომა დავის განსახილველად საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს ორი დღის შემდეგ.

  9. ორივე მოდავე მხარე უნდა დაესწროს განხილვას, რომელიც საჯაროდ ჩატარდება დავების განმხილველი კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. თუ რომელიმე მხარეს არ შეუძლია განხილვაზე პირადად დასწრება, მისი წარმომადგენელი შეიძლება იყოს ორგანიზაციის სხვა წევრი.

  10. დავების განმხილველმა კომისიამ უნდა მოისმინოს ორივე მხარის არგუმენტები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს დოკუმენტურ მტკიცებულებებს. თუ საჭიროდ მიიჩნევს, კომისიამ ასევე შეიძლება ჩაატაროს ინსპექტირება და მის მიერ მოკვლეული მონაცემები წარმოადგინოს დავის განხილვისას ორი დღის ვადაში.

  11. დავების განმხილველი კომისია შეიძლება დაეთანხმოს ან უარყოს საჩივარი.

  12. მხარეს, რომელიც არ დაეთანხმება დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, კანონდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

  13. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დავების განმხილველი კომისია ანგარიშვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წინაშე, რომელსაც წარუდგენს წლიურ ანგარიშს.

მუხლი 10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სტრუქტურა

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს საერთო კრება.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე წარმოადგენს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას მესამე პირთან ურთიერთობაში.

  1. დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად თანამშრომლების დაქირავებას, კანონდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს გამგეობა.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ მისი ამოცანების ეფექტურად შესასრულებლად, გამგეობამ შეიძლება დაიქირავოს მენეჯერი, ბუღალტერი ან სხვა თანამშრომლები და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები.

მუხლი 11. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება.

  2. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას დაფუძნებიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობაში გადასცემს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ საირიგაციო ინფრასტრუქტურას, რომლის გასხვისება, იჯარით გაცემა ან საბანკო ვალდებულებით დატვირთვა აკრძალულია.

  3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს.

მუხლი 12. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საფინანსო საქმიანობა და ფინანსური ანგარიშგება

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) წყალსარგებლობის საფასური;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

  1. ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაფინანსების წყაროების თავისებურებების გათვალისწინებით. საჭიროების მიხედვით, სამინისტრომ შეიძლება გამოითხოვოს ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსურ ანგარიშგების დოკუმენტაცია.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ბანკში. ფინანსურ ოპერაციებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ახორციელებს ნაღდი და/ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციამ შეიძლება შექმნას სარეზერვო ფონდი და ამ მიზნით გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში. სარეზერვო ანგარიშის სახსრები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საგანგებო სიტუაციის ხარჯების, აღჭურვილობის შეძენის, კაპიტალური რემონტის, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საირიგაციო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის ხარჯების დასაფარად.

  4. საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის კონტროლის მიზნით, წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია უფლებამოსილია მოიწვიოს სერტიფიცირებული აუდიტი, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობის თავმჯდომარე.

  5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

მუხლი 13. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სახელმწიფო კონტროლი

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია პერიოდულად მოითხოვოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შესაბამისი ფორმატით.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა ვალდებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს სრულყოფილად წარუდგინოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

  3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა ყოველწლიურად ადგენს განსახორციელებელი საქმიანობების სამოქმედო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას სამეურნეო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა ინფორმაციისთვის წარუდგენს სამინისტროს.

  4. გამგეობის თავმჯდომარე განსახორციელებელი საქმიანობების სამოქმედო გეგმის შესრულების წლიურ ანგარიშს წარუდგენს საერთო კრებას, სამეურნეო წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში. სამოქმედო გეგმის დამტკიცებულ ანგარიშს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა ინფორმაციისთვის წარუდგენს სამინისტროს.

მუხლი 14. წყალსარგებლობის საფასური

  1. წყალსარგებლობის საფასური შედგება ორ კომპონენტისგან:

ა) ფართობზე დაფუძნებულ სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასური;

ბ) მიწოდებული წყლით მომსახურების საფასური.

  1. ფართობზე დაფუძნებული სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასური გაანგარიშდება წყალმომხმარებლთა ორგანიზაციის ხარჯების საფუძველზე, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯები, შესაბამისი აღჭურვილობის, მათი განახლების და შეცვლის ხარჯების ჩათვლით;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასები (ამგვარის არსებობის შემთხვევაში);

გ) ადმინისტრაციული ხარჯები;

დ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.

  1. ფართობზე დაფუძნებული სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები იხდიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ხარჯების მთლიანი ოდენობის იმ პროცენტულ წილს, რა პროცენტსაც შეადგენს მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის საერთო ფართობთან მიმართებით.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები ყოველწლიურად იხდიან ფართობზე დაფუძნებული სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვის საფასურს, მიუხედავად იმისა, ითხოვენ თუ არა ისინი სარწყავ წყალს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისგან.

  3. მიწოდებული წყლით მომსახურების საფასურის ოდენობა გაანგარიშდება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში - ეროვნული კომისია) მიერ განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის საფუძველზე.

  4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის თითოეული წევრის მიერ გადასახდელი მიწოდებული წყლით მომსახურების საფასური გაანგარიშდება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ მიღებული წყლის მთლიან მოცულობაში ამ წევრისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის პროცენტული ოდენობის შესაბამისად.

მუხლი 15. საფასურის ამოღების მექანიზმი

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის იმ წევრს, რომელსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ 30-ზე მეტი დღის განმვალობაში აქვს დავალიანება, არ მიეწოდება წყალი მანამ, სანამ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობასთან არ შეთანხმდება დავალიანების დაფარვის გრაფიკი.

  2. თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს 60-ზე მეტი დღის განმავლობაში აქვს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ დავალიანება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობას შეუძლია, ამგვარი დავალიანების იძულებით აღსრულების მიზნით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, გასცეს სააღსრულებო ფურცელი.

მუხლი 16. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დოკუმენტაცია

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდება;

  • წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისა და გამგეობის სხდომების ოქმები;

  • წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის გეგმა;

  • წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა რეესტრი თითოეული წევრის მიწის ნაკვეთის ფართობის და მდებარეობის მითითებით. ეს რეესტრი ყოველ ექვს თვეში უნდა გადამოწმდეს და საჭიროებისამებრ შეიცვალოს;

  • არაწევრი წყალმომხმარებლების სია, მათ მიერ დაკავებული მიწის ფართობი ჰექტრებში;

  • წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ აღებული ან მიღებული წყლის მოცულობების რეესტრი;

  • წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრების მიერ მიღებული წყლის მოცულობების ან რწყვის რაოდენობის რეესტრი;

  • გადახდილი და გადასახდელი საფასურის რეესტრი;

  • ხელშეკრულებების რეესტრი;

  • ქონების ინვენტარიზაცია და მათი საბალანსო ღირებულება;

  • წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საირიგაციო სისტემების ინსპექტირების და შემოწმების რეესტრი;

  • ფინანსური აღიცხვის და ანგარიშების დოკუმენტები;

  • წესდებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

მუხლი 17. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ წინადადებაწყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობამ ან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა ერთმა მეოთხედმა უნდა წარმოადგინოს. ამგვარი წინადადება საერთო კრებამ უნდა განიხილოს.

  2. წინადადება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმას მისცემს საერთო კრების წევრთა ორი მესამედი და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა მინიმუმ 51%. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობამ საერთო კრების სხდომის ოქმის ასლი, შეცვლილი წესდების ასლთან და წერილობით თხოვნასთან ერთად უნდა წარუდგინოს სამინისტროს.

მუხლი 18. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაცია (გარდაქმნა, გაყოფა, შერწყმა) ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად.

  2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ქონება, რომელიც:

ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან მიიღო, სახელმწიფოს გადაეცემა;

ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრთა საკუთრება იყო ან შეძენილ იქნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციონირების პერიოდში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის ნაწილდება პროპორციულად.

  1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაციის (გარდაქმნა, გაყოფა, შერწყმა) ან/და ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. ეს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმას მისცემს მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა უმრავლესობა, რომელთა საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიის საერთო ფართობის 50%-ზე მეტია.

  2. რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილების შეტანას რეესტრში და ლიკვიდაციის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის დასაბრუნებელი ქონების დაბრუნების უზრუნველყოფას.