1.
ამ კანონის საფუძველზე იქმნება აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო. ამ საბჭოს მიზნებია:

ა) აკვაკულტურის სფეროში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების/დაწესებულებების მონაწილეობის კოორდინაცია;

ბ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის საკითხის წინასწარ განხილვა;

გ) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის საკითხის წინასწარ განხილვა;

დ) გაცემული საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის წინასწარ განხილვა;

ე) აკვაკულტურისთვის ზონის გამოსაყოფად უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია;

ვ) ამ კანონის შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) სამინისტროს წარმომადგენლები;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

3. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს უფლებამოსილებებია:

ა) აკვაკულტურის სფეროში სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია;

ბ) აკვაკულტურის მდგრადი განვითარების საჭიროებების შეფასება და სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის შესახებ წინადადების შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გამართვის უზრუნველყოფა;

დ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვა და ამ ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა;

დ1) წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის საკითხის განხილვა და აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა;

დ2) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისას აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი პირობების განსაზღვრა;

ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა;

ვ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ამ კანონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1519 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025