1. 91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტი დაკომპლექტებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან და, სულ მცირე, ერთი დამოუკიდებელი წევრისგან. აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი პირი.”.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
1. თუ პირი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფი (ამ მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველი“) შეიძენს ფასიან ქაღალდებს, რის შედეგადაც აკონტროლებს ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს, იგი ვალდებულია, ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 45 დღისა განახორციელოს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე, ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმების საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ:
ა) ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომელშიც ის ყველა დარჩენილი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვას სთავაზობდა ფასიანი ქაღალდების სხვა მფლობელებს;
ბ) პირი აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ფლობს სხვა პირის ან პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება ეკისრება პირს ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს.
2. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა დაადგინოს აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი თითოეული კლასის ფასიანი ქაღალდისთვის არ უნდა იყოს იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა პირმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა ანგარიშვალდებული საწარმოს ამ კლასის ფასიან ქაღალდში. აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც დადგინდა შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი. აუდიტორის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. იგი ასევე ვალდებულია, თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების ყიდვის თაობაზე მიაწოდოს აუდიტორს ან საბროკერო კომპანიას. აუდიტორი ან საბროკერო კომპანია მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან მიაყენა პირს დაუდევრობით ან განზრახ არასწორი შეფასებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზების დასრულებამდე მყიდველს არ აქვს მისი კონტროლის ქვეშ არსებული, ნახევარზე მეტი ხმების საერთო კრებაზე გამოყენების უფლება.
4. სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე არ ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის ნებისმიერი სხვა მოთხოვნა, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით სხვაგვარადაა მოწესრიგებული.