1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება და მისი აღსასრულებლად მიქცევა;“.

2. 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 201. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პრინციპები

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, ასევე წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

4. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება გულისხმობს საწარმოს დაშლის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, მეურვის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის, ასევე სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილების შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

5. სამეწარმეო საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილების შემთხვევაში ცვლილების ტექსტთან ერთად ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი.

6. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

7. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე, გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის რეგისტრაციისა, მასში ცვლილებისა ან მისი შეწყვეტისა.

8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − ასევე ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენაზე ამონაწერის მომზადების შემთხვევაში სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც.

9. ელექტრონული პორტალი არის სააგენტოს მიერ წარმოებული ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, სამეწარმეო საზოგადოების კრების მოწვევისა და მეწარმის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებას დაქვემდებარებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

10. რეგისტრაციის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები განთავსებულია სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე და საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

11. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).

12. სუბიექტის იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების სააგენტოში წარდგენა.

13. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ელექტრონულ მისამართი იქმნება სუბიექტის რეგისტრაციასთან ერთად და მოქმედია ამ სუბიექტის გაუქმებამდე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებებისა და სამეწარმეო საზოგადოებების ფილიალებისთვის მარეგისტრირებელი ორგანო ელექტრონულ მისამართს ქმნის მათი სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასთან ერთად.

14. 2021 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის მარეგისტრირებელი ორგანო ელექტრონულ მისამართს ქმნის დაინტერესებული პირის მოთხოვნის ან სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში.

15. მეწარმეები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ელექტრონულ პორტალზე განათავსებენ მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ან/და სუბიექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პორტალის არამიზნობრივად გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

16. მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ელექტრონულ პორტალზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის განთავსებაზე და ამ ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელნი არიან თავად ეს სუბიექტები. სააგენტო არ ამოწმებს ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების პროცედურისა და შინაარსის სისწორეს, გარდა რეგისტრირებული მონაცემისა.