1. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის, ასევე ლიკვიდატორის მოთხოვნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში, სასამართლო განიხილავს სამეწარმეო საზოგადოების ქონების შემცირებულ ვადაში განაწილების საკითხს.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის(განმცხადებლების) ასევე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას;

გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები;

ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;

ზ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე;

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომ ყველა ვალდებულება შესრულებულია და ქონების განაწილება საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო 5 დღეში სასამართლო განიხილავს საკითხს არსებითად ზეპირი მოსმენის გარეშე და მიიღებს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს სხდომა განმცხადებლის მონაწილეობით. მისი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე.

5. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო დაადგენს სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან სამთვიან ვადას.

6. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით 5 დღის ვადაში.