1. აქციონერთა კრების დღის წესრიგში საკითხთა დამატების მოთხოვნას სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ 5 პროცენტის მფლობელი აქციონერის/აქციონერთა განცხადების საფუძველზე.
2. თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებულნი არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) სასამართლოს დასახელებას;
ბ) განმცხადებლის (განმცხადებელების) ასევე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას;
გ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები;
დ) კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხთა ჩამონათვალს და დასაბუთებას დღის წესრიგში მათი შეტანის საჭიროებაზე;
ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას;
ზ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე;
თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
4. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. სასამართლო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო აცნობებს საზოგადოებას აქციონერთა მოთხოვნის თაობაზე და განუსაზღვრავს სამდღიან ვადას საპასუხო პოზიციის წარმოსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო განიხილავს საკითხს არსებითად ზეპირი მოსმენის გარეშე და მიიღებს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს სხდომა პარტნიორის და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე.
6. აქციონერთა კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო განმცხადებელ აქციონერებს ანიჭებს გამოქვეყნების გზით დღის წესრიგში საკითხის დამატების უფლებამოსილებას.
7. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრი