1. ერთობლივად მოქმედი პარტნიორები (აქციონერები) უფლებამოსილი არიან ეროვნულ ბანკს შეტყობინება და შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარუდგინონ მათი სახელით მოქმედი ერთი პირის მეშვეობით.

2. თუ ერთობლივად მოქმედი პარტნიორების (აქციონერების) მიერ არ არის წარდგენილი ერთობლივი შეტყობინება და ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა პარტნიორებს (აქციონერებს) შორის არსებობდეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აშკარა ან ფარული შეთანხმება ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ, აღნიშნულის დასადგენად ეროვნული ბანკი ითვალისწინებს, სულ მცირე, შემდეგ გარემოებებს ან/და მათი ერთობლიობით გამოწვეულ შედეგებს:

ა) შეთანხმების არსებობას პარტნიორებს (აქციონერებს) შორის, მათ შორის, კორპორაციული მართვის საკითხებზე;

ბ) ბანკის დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის დანიშვნის უფლებამოსილებას;

გ) ერთი ჯგუფის წევრ საწარმოებს შორის ხმის უფლების დამოუკიდებლად გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთმიმართებას;

დ) ბანკის მნიშვნელოვანი წილის შესაძენად ერთი და იმავე ფინანსური წყაროს გამოყენებას;

ე) სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად აქციონერების მიერ ხმის მიცემის ერთნაირი პრაქტიკის არსებობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ხელი შეეშალოს აქციონერთა შორის შეთანხმებების მიღწევას კარგი კორპორაციული მართვის პრაქტიკის განსახორციელებლად. ერთობლივ მოქმედებად, მათ შორის, არ განიხილება:

ა) აქციონერებს შორის კომუნიკაცია და დისკუსია დირექტორატთან/სამეთვალყურეო საბჭოსთან განსახილველად წარსადგენი საკითხების შესახებ;

ბ) აქციონერების მიერ დირექტორატთან/სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთობლივი წინადადებების წარდგენა ბანკის ზოგადი პოლიტიკის, პრაქტიკის ან/და კონკრეტული მოქმედების განხორციელების შესახებ;

გ) აქციონერთა მიერ ისეთი უფლებების განხორციელება, რომელიც არ უკავშირდება  დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნას, როგორიცაა:

გ.ა) საერთო კრების დღის წესრიგში საკითხების დამატება;

გ.ბ) რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა;

გ.გ) დირექტორატის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის გარდა, სხვა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ ხმის მიცემაზე შეთანხმება, როგორიცაა:

გ.გ.ა) დირექტორთა ანაზღაურების ოდენობა;

გ.გ.ბ) აქტივების შეძენა ან/და გასხვისება;

გ.გ.გ) კაპიტალის შემცირება, გაზრდა ან/და აქციების გამოსყიდვა;

გ.გ.დ)  დივიდენდების განაწილება;

გ.გ.ე) აუდიტორთა დანიშვნა, გათავისუფლება ან/და მათ ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები;

გ.გ.ვ) ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები;

გ.გ.ზ) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული  პოლიტიკა, ან/და ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ბანკის სოციალურ პასუხისმგებლობას ან/და ეთიკისა და ქცევის სტანდარტებთან შესაბამისობას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ საკითხზე, მათ შორის, ადმინისტრატორების დანიშვნის თაობაზე შეთანხმების არსებობა თავისთავად არ გულისხმობს პარტნიორთა (აქციონერთა) ერთობლივ მოქმედებას. ადმინისტრატორის დანიშვნის თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, წილის შეძენის მიზნებისათვის ერთობლივი მოქმედების დასადგენად გაითვალისწინება პარტნიორებს (აქციონერებსა) და დასანიშნად წარდგენილ პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, პარტნიორების (აქციონერების) მიერ მმართველი ორგანოების წევრების ერთობლივად დანიშვნის პრაქტიკის არსებობა წარსულში და დანიშვნის შედეგად ამ მმართველ ორგანოში ძალაუფლების გადანაწილების ცვლილება.

5. პარტნიორთა (აქციონერთა) ერთობლივი მოქმედების დადგენის ამ მუხლით განსაზღვრული წესი მხოლოდ მნიშვნელოვანი წილის შეძენის შეფასების მიზნებისთვის გამოიყენებ