1. ბანკის მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირ შემძენად მიიჩნევიან შემდეგი პირები, თუ შესაბამისი ოპერაციის შედეგად, მათი არაპირდაპირი მონაწილეობა ბანკის კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში მნიშვნელოვანი წილის ოდენობას მიაღწევს:
ა) პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს/გაზარდოს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობა ბანკის მნიშვნელოვანი წილის არსებულ მფლობელში;
ბ) ბანკის მნიშვნელოვანი წილის უშუალო შემძენის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი.
2. ეროვნული ბანკი, მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენის დასადგენად იყენებს კონტროლისა და წილების გადამრავლების ტესტებს. პირველ ეტაპზე გამოიყენება კონტროლის ტესტი. თუ კონტროლის ტესტის გამოყენების შედეგად არ დადგინდა ბანკზე კონტროლის მოპოვება გამოიყენება წილების გადამრავლების ტესტი.
3. კონტროლის ტესტის მიხედვით, ბანკის მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირ შემძენად განიხილება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც:
ა) პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძენს კონტროლს ბანკის მნიშვნელოვანი წილის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელზე;
ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კონტროლს ბანკის მნიშვნელოვანი წილის უშუალო შემძენზე.
4. კონტროლის ტესტის მიხედვით მფლობელობის სტრუქტურაში იდენტიფიცირებული ყოველი არაპირდაპირი შემძენის წილის ოდენობა უდრის ბანკის მნიშვნელოვანი წილის შესაბამისი მფლობელის/უშუალო შემძენის წილის ოდენობას.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეტყობინებისა და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ეროვნული ბანკისათვის წარდგენის ვალდებულება ეკისრება მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირ შემძენს, ხოლო მნიშვნელოვანი წილის არსებულ პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელს, ასევე ბანკს, აქვს მხოლოდ შეტყობინების ვალდებულება. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეტყობინება და შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, როგორც არაპირდაპირმა მფლობელმა, ასევე უშუალო შემძენმა. შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ასევე ეკისრება ბანკს.
6. წილების გადამრავლების ტესტის მიხედვით მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენის დასადგენად, წილების გადამრავლება იწყება ბანკის წილის უშუალო მფლობელიდან, რომლის წილიც მრავლდება მფლობელობის სტრუქტურაში იერარქიის მომდევნო დონეზე არსებული წილის მფლობელის წილის ოდენობაზე, (გადამრავლების შედეგი წარმოადგენს ამ უკანასკნელი პირის არაპირდაპირი წილის ოდენობას ბანკში), მანამდე, ვიდრე ამ გზით გამოთვლილი წილის ოდენობა მნიშვნელოვანი წილის ოდენობას უდრის.
7. გადამრავლების ტესტის მიხედვით, ბანკის მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირ შემძენად ითვლება ყველა ის პირი:
ა) რომლის წილის ოდენობამ, გადამრავლების ტესტის გამოყენების შედეგად შეადგინა მნიშვნელოვანი წილის ოდენობა;
ბ) რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კონტროლს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად იდენტიფიცირებული პირზე.
8. თუ კონტროლის ან/და გადამრავლების ტესტების შედეგად იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი წილის არაპირდაპირი შემძენი წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს ან/და ეროვნული ბანკი ფლობს მის შესახებ მიმდინარე და განახლებულ ინფორმაციას, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შესაძლოა საკმარისად ჩაითვალოს მხოლოდ ბენეფიციარი მესაკუთრისა და უშუალო შემძენის შესაფერისობის სრული შეფასება. აღნიშნული არ ათავისუფლებს მფლობელობის სტრუქტურაში არსებულ შუალედურ შემძენებს შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეროვნული ბანკი დასაშვებად მიიჩნევს ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ შეტყობინებისა და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენას სტრუქტურის ქვედა რგოლებში არსებული შუალედური შემძენების სახელით. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ეროვნულ ბანკს მიმართავს ბენეფიციარი მესაკუთრე. ეროვნული ბანკი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას და წერილობითი ფორმით აცნობებს განმცხადებელ