1. მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ბანკის პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმის შეფასებისას ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს არა მხოლოდ შესაძენი წილის მოცულობას, განმცხადებლის რეპუტაციას, მის ფინანსურ სიმყარესა და ჯგუფის სტრუქტურას, არამედ ასევე განმცხადებლის გაცხადებულ მიზნებს ბანკთან მიმართებით, რომელიც დეკლარირებული უნდა იყოს მის მიერ წარდგენილ ბიზნესგეგმაში ან/და სტრატეგიაში შესაძენი წილის პროპორციულად. აღნიშნული გამყარებული უნდა იყოს განმცხადებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებებით, რომ უზრუნველყოს პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან ბანკის შესაბამისობა, რაც შესაძლოა მოიცავდეს, ფინანსურ მხარდაჭერას ლიკვიდობის ან/და გადახდისუნარიანობის პრობლემების წარმოქმნისას, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, სამომავლოდ დაგეგმილი წილის ოდენობას, განვითარების მიმართულებებსა და მიზნებს.
3. პრუდენციული ზედამხედველობის მოთხოვნებთან ბანკის შესაბამისობას ეროვნული ბანკი აფასებს როგორც ტრანზაქციის განხორციელების მომენტისთვის, ასევე სამომავლოდ განჭვრეტადი პერიოდისათვის (სულ მცირე სამი წელი) განცხადებლის მიერ წარდგენილი ბიზნესგეგმის ან/და სტრატეგიის შესაბამისად, რაც მოიცავს კაპიტალთან, ლიკვიდობასთან, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას.
4. მნიშვნელოვანი წილის შეძენა ხელს არ უნდა უშლიდეს ბანკზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობასა და მფლობელობის სტრუქტურის/ჯგუფის სტრუქტურის გამჭვირვალობას, მათ შორის, სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან ინფორმაციის მოპოვებას ან/და გაცვლას. საზედამხედველო უფლებამოსილებების განხორციელებას ხელი არ უნდა ეშლებოდეს, მათ შორის, სხვა ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარებიან ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები ან/და ბანკის დობილი კომპანიები. როგორც ბანკს, ასევე მთლიან ჯგუფს უნდა ჰქონდეს კორპორაციული მართვის გამჭვირვალე ორგანიზაციული სტრუქტურა.
5. განმცხადებელს უნდა შეეძლოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, დამატებითი კაპიტალით უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ ან/და სხვა შესაბამისი მხარდაჭერ