1. კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის და უცხოეთის ბანკის ფილიალის (შემდგომში – ბანკი) მნიშვნელოვანი წილის მფლობელის/შემძენის (შემდგომში – განმცხადებელი) შესაფერისობის კრიტერიუმების შინაარსს, მნიშვნელოვანი წილის შეძენის შეფასებისას გასათვალისწინებელ დამატებით საკითხებს, განმცხადებლის შესაფერისობის შესაფასებლად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარსადგენ ინფორმაციას, შეფასების წესსა და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებულ პროცედურას.
2. ამ დებულების მიზანია ბანკისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა და მნიშვნელოვანი წილის შეძენის პროცესის სიცხადისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
3. მნიშვნელოვანი წილის შეძენა გულისხმობს ბანკის წილის შეძენას ან მფლობელობაში უკვე არსებული წილის გაზრდას იმ ოდენობით, რომ ამ ბანკის განაღდებულ ან ნებადართულ კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში განმცხადებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 20, 30 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს ან/და განმცხადებელი მოიპოვებს მნიშვნელოვან გავლენას ან კონტროლს ბანკზე მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა.
4. მნიშვნელოვანი წილის ოდენობის განსაზღვრისას ბანკის ის ხმის უფლების მქონე აქციებიც გაითვალისწინება, რომლებიც საჯაროდ ვაჭრობისთვის არის დაშვებული. ამასთან, არ გაითვალისწინება წილი ან/და ხმის უფლების მქონე აქციები, რომლებიც ფინანსური ინსტრუმენტების გარანტირებულ საფუძველზე განთავსების შედეგია, იმ პირობით, რომ ისინი არ გამოიყენება ემიტენტის მართვაში ჩარევისათვის და გასხვისდება შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში.
5. განმცხადებლის შესაფერისობის შეფასებისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს შეფასების კრიტერიუმების შეფასებას ბანკის ზომის, შიდაორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის, წილის ოდენობის, შემძენის სახის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირდაპირი/არაპირდაპირი მფლობელი/შემძენი), წილის შეძენის მიზნისა და ბანკზე შესაძლო ზეგავლენის მიხედვით. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განისაზღვრება შეფასების ინტენსივობის ხარისხი, შეფასების პროცედურა და წარსადგენი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შინაარსი. პროპორციულობის პრინციპი არ ვრცელდება განმცხადებლის რეპუტაციის შეფასების ფარგლებში მისი სანდოობის შეფასებაზე.
6. მნიშვნელოვანი წილის მფლობელი წილის ფლობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში უნდა აკმაყოფილებდეს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
7. ამ დებულებით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმები და მოთხოვნები ეფუძნება მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ევროპის საბანკო უწყებისა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების უწყების 2016 წლის 20 დეკემბრის ერთობლივ სახელმძღვანელოს „ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი წილის შეძენის/გაზრდის პრუდენციული შეფასების შესახებ“. თუ ამ დებულებით დარეგულირებული არ არის კონკრეტული საკითხი ან არ არის მოცემული გარკვეული ტერმინის განმარტება და ეროვნული ბანკის მიერ საკითხი დამატებით განმარტებული არ არის, ბანკმა, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული სახელმძღვანელოთი უნდა იხელმძღვანელოს. თუ ამ დებულებით განსაზღვრული რომელიმე ცნების განმარტებასთან ან/და სხვა საკითხთან მიმართებით ვერ მოხდება ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის საერთო მოსაზრებაზე შეთანხმება, საკითხი ეროვნული ბანკის მოსაზრების შესაბამისად გადაწყდებ