1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს გამოსაწვევი წევრის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, ასევე გამოსაწვევი პირის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს, ელექტრონულ ფოსტას;

გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს სასამართლოს სამეთვალყურეო საბჭოს გამოწვევის მოთხოვნით;

დ) დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ კანონით“ დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მნიშვნელოვანი საფუძვლები;

ე) განმცხადებლის მოთხოვნას კონკრეტული პირის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გამოწვევის შესახებ;

ვ) მითითებას განცხადებაზე თანდართულ მტკიცებულებებზე;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება წევრის გამოწვევის თაობაზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4. სასამართლო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების დასაშვებობის წინაპირობებს. თუ დარღვეულია ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს განცხადების განხილვაზე. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. თუ განცხადების დასაშვებობის წინაპირობები სახეზეა, სასამართლო აცნობებს გამოსაწვევ პირს სამეწარმეო საზოგადოების მოთხოვნის შესახებ, გადაუგზავნის მას განცხადებას თანდართული მტკიცებულებებით და დანიშნავს სხდომას. სხდომაზე გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საკითხის განხილვას წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე.

5. გამოსაწვევი პირი უფლებამოსილია, წარმოადგინოს წერილობითი პოზიცია განცხადებასა და სამეთვალყურეო საბჭოს ოქმში მითითებულ საფუძვლებზე.

6. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულება