1. რეესტრის გამოქვეყნებული რეგისტრირებული მონაცემის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
2. მესამე პირებთან ურთიერთობაში მეწარმე შეიძლება დაეყრდნოს რეგისტრირებულ მონაცემებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი გამოქვეყნდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დაამტკიცებს, რომ მესამე პირისთვის შესაბამისი ფაქტი ან დოკუმენტი ცნობილი იყო.
3. იმ ურთიერთობების ფარგლებში, რომლებიც წარმოიშვა რეგისტრაციისა და გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, დაუშვებელია რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობა მესამე პირის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი დაამტკიცებს, რომ მან აღნიშნული ფაქტების და დოკუმენტების შესახებ არ იცოდა და არც შეიძლებოდა, რომ სცოდნოდა.
4. მესამე პირებს უფლება აქვთ დაეყრდნონ მონაცემებს, რომელთა რეგისტრაციისა და გამოქვეყნების პროცედურა ჯერ არ დასრულებულა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს მონაცემები ძალაში შედის მხოლოდ მათი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემდგომ.
5. სამეწარმეო საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის და მის შესახებ მონაცემთა სათანადო წესით რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემთხვევაში, დაუშვებელია მესამე პირებთან ამ პირის დანიშვნის ხარვეზზე დაყრდნობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამეწარმეო საზოგადოება დაამტკიცებს, რომ მესამე პირი იცნობდა ამ ხარვეზს.
6. ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანოები უნდა დაეყრდნონ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაცემებს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დაწყებულია ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა ცვლილების შესახებ სარეგისტრაციო წარმოება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია პირდაპირ დაეყრდნოს მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუ უფლებამოსილი პირი დაასაბუთებს, რომ ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ რეგისტრირებულ პირთა მხრიდან უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია ან ისინი უარს აცხადებენ ასეთი უფლებამოსილების განხორციელებაზე და დაყოვნებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიო