საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სათანადო პასუხისმგებლობის დადგენა და შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, მისი გასაჩივრებისა და აღსრულების სპეციფიკური წესის, აგრეთვე ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რათა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსით მოწესრიგდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, მისი გასაჩივრებისა და აღსრულების წესები და განისაზღვროს ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი ორგანო.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შედეგად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, მოწესრიგდება აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შესაბამისი სახდელის გამოყენების საკითხი, დადგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, მისი გასაჩივრებისა და აღსრულების წესები, აგრეთვე განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი ორგანო. ამ ცვლილებების გატარებით ხელი შეეწყობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცალკეული ვალდებულებების შესრულებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 17715 და 17716 მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გამოქვეყნებისთვის გათვალისწინებული მონაცემების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულების დარღვევის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების დარღვევისთვის. კერძოდ,17715 მუხლის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გამოქვეყნებისთვის გათვალისწინებული მონაცემების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება - დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
17716 მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო საზოგადოების საქმიან წერილზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ იგივე ვალდებულების განმეორებით დარღვევა - დაჯარიმებას, თითოეულ შემთხვევაში, 200 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის შესაბამისად, ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს პირს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებისგან, ხოლო შესაბამისი პირის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი.
კანონპროექტის თანახმად, კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე უფლებამოსილია იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო.
კოდექსის 38-ე მუხლს ემატება რეგულაცია, რომლის თანახმად, „ამ კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს ორი თვისა. ამ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში“. ვინაიდან აღნიშნული მუხლებით განსაზღვრულ სამართალდარღვევას წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულ პორტალზე ინფორმაციის გამოქვეყნებისა და საქმიან წერილზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების დარღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო ყოველთვის მყისიერად ვერ გააკონტროლებს იმას, თუ რამდენად იცავს ვალდებული პირი კომერციულ ურთიერთობებში საქმიანი წერილისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რადგანაც აღნიშნული ურთიერთობები მაკონტროლებელი ორგანოსგან დამოუკიდებლად წარიმართება. შესაბამისად, თუ შესაბამისი სახდელის დადება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოცემული სამართალდარღვევის ჩადენიდან 2 თვის ვადაში, სამართალდარღვევათა დიდი ნაწილი შესაძლოა დარჩეს რეაგირების გარეშე. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადება დაუკავშირდეს არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, არამედ მისი გამოვლენის ფაქტს. ამასთან, კანონპროექტით დგინდება საერთო ხანდაზმულობის ვადა და განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის ვადაში.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს არ უკავშირდება. შესაბამისად, სამართალდარღვევათა განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო არ შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ადმინისტრაციული სახდელიც დამრღვევ პირს დაუსწრებლად შეეფარდება. კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს უფლებამოსილი ორგანო განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო საქმე განიხილება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს იურიდიულ მისამართზე. ასეთ დროს გამოიცემა სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება, რომლითაც პასუხისგებაში მიცემულ პირს წერილობით განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები.
კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონულად, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ამ სახით მიღებული დადგენილება შესაძლებელია არ აკმაყოფილებდეს კოდექსის 266-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მართვის ავტომატური საშუალებებით გამოცემულ დადგენილებაზე გავრცელდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდრო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ელექტრონული დოკუმენტის შედგენის წესები.
კანონპროექტით დგინდება ელექტრონულად გამოცემული დადგენილების სამართალდამრღვევისთვის ჩაბარების სპეციალური წესი. კერძოდ, დადგენილება განთავსდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ერთიან ელექტრონულ პორტალზე- მეწარმისთვის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული სუბიექტის ფილიალისთვის მიკუთვნებული ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რაც დადგენილების ოფიციალურ ჩაბარებად ჩაითვლება. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროექტის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტისთვის შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მეწარმის მიერ მისი გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე მისვლის მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან 15 დღეში. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში. შესაბამისი აქტის ელექტრონულად გამოცემისა და მისი ჩაბარების სპეციალური წესები, დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში, ზემდგომი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ვრცელდება.
კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან აღსრულდება. კოდექსს ასევე ემატება სპეციალური რეგულაცია, რომლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულების ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი მისი ფილიალების მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კანონპროექტი აწესებს შეღავათს იმ შემთხვევებისთვის, თუ სამართალდამრღვევი სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადაიხდის ჯარიმას. ასეთ დროს ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შემცირდება. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი პირი კარგავს ამ შეღავათით სარგებლობის უფლებას.
კანონპროექტით დგინდება იუსტიციის მინისტრის ვალდებულება, კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მიერ უნდა დადგინდეს:
უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადგენის წესი;
კოდექსის 17715 და 17716 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ დადგენილების მიღების წესი;
ადმინისტრაციული საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღების წესი და მისი საფუძვლები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას უკავშირდება. აღნიშნულ ვადამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს შესაბამისი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენი პირებისათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე მათთვის ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი აწესებს ჯარიმას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევებისთვის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების 319-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც საქართველო ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმების XXVIII დანართში (კორპორაციული სამართალი) მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების XXVIII დანართის (კორპორაციული სამართალი) ნაწილში მითითებულ შემდეგ დირექტივასთან:
2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივა იმ გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც, წევრებისა და მესამე მხარეების ინტერესების დასაცავად, ითხოვენ კომპანიებისგან წევრი სახელმწიფოები ხელშეკრულების 48-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, რათა ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი;
1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს მეთერთმეტე, 89/666/EEC დირექტივა, რომელიც ეხება მეორე სახელმწიფოს სამართლით დარეგულირებული გარკვეული კატეგორიების კომპანიების მიერ წევრ სახელმწიფოებში ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით კომპანიის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროების მოთხოვნებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს, რომელიც შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, დონორი ორგანიზაციების - PROLoG-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობა