1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონი.
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
სრულყოფილად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის შექმნისა და ვაჭრობის წახალისების ერთ-ერთ ფუნდამენტური საფუძველი ეფექტიანი კორპორატიული სამართლის არსებობაა. თანამედროვე პირობებში, როდესაც სამეწარმეო საზოგადოებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ურთიერთობები ყოველდღიურად ვითარდება და უფრო კომპლექსურ ხასიათს იძენს, საჭიროა, კანონმდებლობითაც გათვალისწინებულ იქნეს არსებული გარემოს შესაბამისი რეგულაციები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი 1994 წელს იქნა მიღებული და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი რედაქციის შემდგომ არაერთი ცვლილება განიცადა, სრულყოფილად ვერ ასრულებს დასახულ მიზნებს. კანონის შემუშავების შემდგომ კორპორატიული ურთიერთობების მოცულობისა და სირთულის ზრდამ, ასევე ბიზნეს სექტორის სწრაფმა განვითარებამ, საჭირო გახადა უფრო დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე მორგებული რეგულაციების შემუშავება.
2008 წელს, კანონმდებლობის გამარტივების მიზნით, საკანონმდებლო რეგულაციების შემცირებისა და მთელი რიგი შეზღუდვებისა და მოთხოვნების გაუქმების გზით, მოქმედ კანონში მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც კორპორატიული მმართველობის მნიშვნელოვანი საკითხები დარჩა მოწესრიგების მიღმა, საკანონმდებლო რეგულირება კი მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ამგვარად ფორმულირებული, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - უკიდურესად გამარტივებული კანონის მიზანი იყო სამეწარმეო საზოგადოებების პარტნიორებისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება, რათა მათ წესდების საფუძველზე დაერეგულირებინათ საქმიანი ურთიერთობები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კანონი ვერ ახერხებდა კოლიზიების გადაჭრას, რაც უნდა ყოფილიყო მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება - სრულყოფილად შეესრულებინა საკორპორაციო ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი ინსტრუმენტის როლი.
2008 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა მეწარმეები სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა, ვინაიდან ხშირად პარტნიორები ვეღარ ახერხებენ, ისარგებლონ კანონით მათთვის მინიჭებული შესაძლებლობით; წესდებები ზოგადი ხასიათისაა და არ აწესრიგებს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, რის გამოც კანონით გაუთვალისწინებელი საკითხები, ფაქტობრივად, რეგულირების მიღმა რჩება, კანონი კი, რომელიც საშუალებას აძლევს სამეწარმეო საზოგადოებებს, საკუთარი შეხედულებისამებრ მოაწესრიგონ სამართლებრივი ურთიერთობები, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ვეღარ ეხმარება მათ.
ხანგრძლივი და ძვირადღირებული დავების ძირითად მიზეზად ხშირ შემთხვევაში სწორედ სუსტი წესდებები და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არასაკმარისი რეგულაციები სახელდება და დღითიდღე ცხადი ხდება, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო მთელ რიგ ასპექტებში საჭიროებს შევსებას, რათა ცალკეული საკითხების პარტნიორთა შეთანხმებით დაურეგულირებლობის შემთხვევაში, კანონით მოხდეს ძირითადი სტანდარტების დადგენა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ იმპერატიული დებულებები, ზოგადად, მნიშვნელოვნად ზღუდავს სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას, საჭიროა ზომიერი, დაბალანსებული მიდგომა იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს შორის, რათა შენარჩუნებულ იქნეს მოქნილობა და, ამასთან, აღმოიფხვრას სამართლებრივი ვაკუუმის პრობლემა. საამისოდ შემოღებულ უნდა იქნეს მთელი რიგი ნორმები, რომლებიც, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გააძლიერებს (რასაც უზრუნველყოფს მოქნილი დისპოზიციური ნორმების არსებობა), ხოლო, მეორე მხრივ, ერთგვარ მარეგულირებელ/შემაკავებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პირობებში.
მოქმედ კანონში არსებული ხარვეზები განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება დავების სასამართლოსთვის გადაცემის შემდგომ. სასამართლო პრაქტიკის კვლევა[1] კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოქმედი კანონის ხარვეზიანობას და მიუთითებს იმაზე, რომ კანონით არასათანადოდ არის მოწესრიგებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება სასამართლოში საქმის წარმოების ხარისხსა და კორპორატიული დავების განხილვისას მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსზე. აქედან გამომდინარე, საჭიროა არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და ამ მიმართულებით კანონმდებლის როლის გაძლიერება.
ზემოაღნიშნული არგუმენტები ცხადყოფს, რომ არსებული ვითარების ხელშესახებად შესაცვლელად საჭიროა ამ სფეროში კომპლექსური საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელება და თანამედროვე სამეწარმეო ურთიერთობებზე მორგებული კანონის შემუშავება. ამ მიზნით მომზადდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი, რომელიც სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლისა და დანიშნულების გაძლიერებას, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, შიდა კორპორატიული ურთიერთობების უფრო დეტალურ მოწესრიგებასა და, სამეწარმეო თავისუფლების ხელშეწყობასთან ერთად, ამ სფეროში გამჭვირვალობის ზრდას ემსახურება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვასთან/გასვლასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს/სიახლეებს.
კანონპროექტს შემოაქვს დისპოზიციური ნორმები, რომელთა გამოყენებითაც მხარეები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები, ცალკეული საკითხების წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის კი იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისათვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში.
აღსანიშნავია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე მუშაობა 2013 წელს, იუსტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანოს - კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში (რომელიც მოგვიანებით, 2016 წლის აგვისტოში, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოდ გარდაიქმნა) შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ დაიწყო, USAID-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით. კანონპროექტის პირველადი ვერსია სამუშაო ჯგუფის წევრი ექსპერტების მიერ მომზადდა, ხოლო შემდგომი სრულყოფის მიზნით ის იუსტიციის სამინისტროს წარედგინა.
მომდევნო ეტაპზე აქტიურმა საკანონმდებლო პროცესმა იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა და ინტენსიური მუშაობა გაგრძელდა კანონპროექტის ავტორების, იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ჩართულობით. შეხვედრების ფარგლებში გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე კანონპროექტის თავდაპირველმა რედაქციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა კანონპროექტის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის გაანალიზების მხრივ.
დონორი ორგანიზაციების (GIZ, PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment), რომლის შედეგებიც იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის ნოემბერში წარედგინა. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ფარგლებში განხილულ იქნა მოქმედების სამი შესაძლო ვარიანტი: 1) არსებული კანონმდებლობის უცვლელად დატოვება; 2) მოქმედ კანონში მხოლოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სავალდებულო ცვლილებების განხორციელება; 3) კანონპროექტის წინამდებარე ვერსია, მოქმედ კანონმდებლობაში მრავალმხრივი ცვლილებებით. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში მითითებულია, რომ თავად სამეწარმეო საზოგადოებებისთვის მესამე ვარიანტი მეორესთან შედარებით განსახორციელებლად უფრო ხარჯიანი იქნება, თუმცა, აქვე არაერთგზის ხაზგასმულია აღნიშნული ვარიანტის უპირატესობა სამეწარმეო სამართლის სფეროში მოქმედი წესებისა და შესაბამისი პრაქტიკის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით. იმავდროულად, ანგარიშში არაფერია ნათქვამი პირველი ვარიანტის (არსებული კანონმდებლობის უცვლელად დატოვება) შესაძლო უპირატესობებზე.
რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესსში კონსულტაციები იქნა გავლილი იურისტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საინვესტიციო კომპანიებთან, სახელმწიფო უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამ კონსულტაციების შედეგად, დამატებით, მოქმედი კანონმდებლობის არაერთი ხარვეზი გამოკვეთა, მათ შორის:
სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლასთან დაკავშირებული საკითხების დაურეგულირებლობა;
ინტერესთა კონფლიქტების დაურეგულირებლობა;
კორპორატიული მმართველობის გამჭვირვალობის პრობლემა;
ლიკვიდაციისა და ქონების განაწილების პროცედურების ხარვეზიანობა და სხვ.
გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნავდა, რომ საკანონმდებლო რეგულაციების სიმწირე ხშირად ართულებს ან შეუძლებელს ხდის არსებული პრობლემების გადაჭრას კორპორატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად, პრობლემას ქმნის კანონში საკმარისი სიცხადის არარსებობა, ურომლისოდაც დაინტერესებული პირებისთვის ძალზე რთულია, განჭვრიტონ განხორციელებული ქმედებებისა თუ მიღებული გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები, რაც, თავის მხრივ, ართულების სწორად დაგეგმვის პროცესს და ხელს უშლის უფლებების რეალიზებას. რეგულირების ზეგავლენის შეფასებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მწვავე საჭიროება.
საყურადღებოა, რომ მოქმედ კანონში არსებული ხარვეზების გარდა, ახალი კანონის შემუშავება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნებიდანაც გამომდინარეობს. ეს დოკუმენტები, თავის მხრივ, განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, ეტაპობრივად დაუახლოვოს კორპორატიული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობას და უზრუნველყოს აქციონერთა, კრედიტორთა და სხვა ბიზნეს-სუბიექტთა დაცვა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
წინამდებარე კანონპროექტით ხდება ასოცირების შესახებ შეთანხმების XXVIII დანართის „საკორპორაციო სამართლის“ ნაწილში მითითებული შემდეგი დირექტივების სრული ტრანსპოზიცია:
1. 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივა იმ გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები ითხოვენ კომპანიებისგან ხელშეკრულების 48-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, რათა ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი. აღნიშნული დირექტივით რეგულირდება შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების რეგისტრაციისა და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა;
2. 1976 წლის 13 დეკემბრის საბჭოს მეორე, 77/91/EEC დირექტივა იმ გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები ითხოვენ კომპანიებისგან ხელშეკრულების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, რომელიც დაკავშირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების ჩამოყალიბებასთან და მათი კაპიტალის შენარჩუნებასა და შეცვლასთან, რათა ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი. ეს დირექტივა შესწორდა 92/101/EEC, 2006/68/EC და 2009/109/EC დირექტივებით;
3. 1978 წლის 9 ოქტომბრის საბჭოს მესამე, 78/855/EEC დირექტივა, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების შერწყმის შესახებ და რომელიც შესწორდა 2007/63/EC და 2009/109/EC დირექტივებით;
4. 1982 წლის 17 დეკემბრის საბჭოს მეექვსე, 82/891/EEC დირექტივა, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების გაყოფის შესახებ და რომელიც შესწორდა 2007/63/EC და 2009/109/EC დირექტივებით;
5. 1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს მეთერთმეტე, 89/666/EEC დირექტივა, რომელიც ეხება სხვა სახელმწიფოს სამართლით დარეგულირებული გარკვეული კატეგორიების კომპანიების მიერ წევრ სახელმწიფოებში ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნებს;
6. 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/102/EC დირექტივა კორპორატიული სამართლის სფეროში ერთწევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანიების შესახებ;
7. 2007 წლის 11 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/36/EC დირექტივა საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ნებადართული აქციების ემიტენტ (ჩამოთვლილ) კომპანიებში აქციონერთა გარკვეული უფლებების განხორციელების თაობაზე.
გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ ჩამონათვალში მითითებული 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/102/EC დირექტივა კორპორატიული სამართლის სფეროში ერთწევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანიების შესახებ უკვე შესრულდა 2017 წელს მოქმედ კანონში ცვლილების შეტანის გზით. შესაბამისად, ამ ნაწილში კანონპროექტი მოქმედი კანონის იდენტურია.
ასევე საყურადღებოა, რომ კანონპროექტის შემუშავებისას, 77/91/EEC და 78/855/EEC დირექტივების ნაცვლად, მხედველობაში იქნა მიღებული მათი ჩამანაცვლებელი - 2012/30/EU და 2011/35/EU დირექტივები, რომლებიც არ ცვლიან ძველი დირექტივების შინაარსს. შესაბამისად, დინამიური დაახლოების თვალსაზრისით, პრობლემები არ წარმოიქმნება. დაბოლოს, 2017 წელს განხორციელდა საკორპორაციო სამართლის სფეროში არსებული დირექტივების კოდიფიკაცია და ზემომითითებული დირექტივების უმეტესობა EU 2017/1132 დირექტივამ ჩაანაცვლა, თუმცა, შინაარსობრივ ცვლილებებს არც ამ შემთხვევაში ჰქონია ადგილი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემომითითებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლისა და დანიშნულების გასაძლიერებლად საჭიროა ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც, მოქმედი კანონისგან განსხავებით, თანამედროვე მიდგომებზე იქნება დაფუძნებული.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღების შედეგად, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება. კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმებისა, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, ხოლო, მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში.
კანონის ამგვარი მიდგომით მხარეები შეძლებენ, უკეთ მოაწესრიგონ კორპორატიული ურთიერთობები, ხოლო ცალკეული საკითხის წესდებით მოუწესრიგებლობის შემთხვევებისთვის იარსებებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც დღეისათვის ხელს უშლის, ერთი მხრივ, ამ ურთიერთობის მონაწილეებს და, მეორე მხრივ, სასამართლოს - სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში. ამასთან, გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორატიული გამჭვირვალობა.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, კანონპროექტში ასახულია ასოცირების შეთანხმებით და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები, რითაც ეს უკანასკნელი ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს კორპორატიული სამართლის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზანს ემსახურება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის შესავალ დებულებებში მოცემულია „მეწარმისა“ და იმ საქმიანობის განმარტება, რომელიც არ ითვლება სამეწარმეო საქმიანობად.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ კანონპროექტის ნორმები ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს, კანონპროექტის კონკრეტული ნორმა დისპოზიციური ხასიათის მატარებელია, თუ იმპერატიული. აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით:
სააქციო საზოგადოებების შემთხვევაში, დისპოზიციურია მხოლოდ ის ნორმა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აქციონერების მიერ სააქციო საზოგადოებისთვის სხვაგვარი რეგულაციის შეთანხმების შესაძლებლობაზე;
სხვა სამეწარმეო საზოგადოებების შემთხვევაში, დისპოზიციურია ყველა ნორმა, გარდა იმ ნორმებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება მესამე პირთა ინტერესებს.
აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვნად გააადვილებს პრაქტიკაში იმ ნორმების იდენტიფიცირებასა და შინაარსის ერთგვაროვნად გაგებას, რომლიდან გადახვევაც წესდებით თუ პარტნიორთა შორის სხვაგვარი შეთანხმებით არის შესაძლებელი.
კანონპროექტის მე-2 თავი ეხება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნებას და ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციას. ამავე თავში ასახულია ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები.
1. სადამფუძნებლო შეთანხმება
„მეწარმეთა შესახებ“ მოქმედ კანონში არსებული რეგულაციების მსგავსად, კანონპროექტის მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციისთვის საჭიროა ერთიანი დოკუმენტის წარდგენა, რომელსაც კანონპროექტი „სადამფუძნებლო შეთანხმებას“ უწოდებს. სადამფუძნებლო შეთანხმება თავის თავში მოიცავს საზოგადოების წესდებას და კანონით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. ამ თვალსაზრისით, კანონპროექტი შემდეგ მიდგომას ემყარება: წესდება უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის ცვლილების საჭიროებაც იშვიათად უნდა დადგეს. ამასთან, კანონპროექტს შემოაქვს სტანდარტული წესდების ინსტიტუტი, როგორც შაბლონური, არაინდივიდუალიზებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება და რომელიც, პარტნიორების სურვილისამებრ, შეიძლება შესაბამისი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებაზე გავრცელდეს. ამ მიდგომიდან გამომდინარე, წესდებისადმი წაყენებული მინიმალური ინფორმაციის მოთხოვნა მხოლოდ ისეთ საკითხებს შეეხება, რომლებიც არ ახდენს საზოგადოების ინდივიდუალიზებას, ხოლო შედარებით ცვალებადი, არამარეგულირებელი ფუნქციის მატარებელი ის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულ სამეწარმეო საზოგადოებასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, საფირმო სახელწოდება, პარტნიორების და დირექტორის ვინაობა და სხვ.), წესდების მიღმა, სადამფუძნებლო შეთანხმების სხვა ნაწილში იქნება მოცემული.
2. წესდება
სტანდარტული წესდება არის საზოგადოების სამართლებრივ ფორმაზე მორგებული, არაინდივიდუალიზებული ტექსტი. სტანდარტულ წესდებებს, საზოგადოებების ფორმების მიხედვით, დაამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. კანონპროექტი ადგენს სამეწარმეო საზოგადოების წესდების, როგორც სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილის, მინიმალურ შინაარსს და შემოიფარგლება სამი მონაცემით: სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი და წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული მინიმალური რეგულაციების მიღმა, პარტნიორები თავისუფლები არიან წესდების შინაარსის განსაზღვრაში. სტანდარტული წესდების ინსტიტუტი ბრიტანულ პრაქტიკას ემყარება და მიზნად ისახავს:
სადამფუძნებლო ხარჯების შემცირებას;
სამეწარმეო საზოგადოებისათვის სამართლებრივად გამართული და დაბალანსებული წესდების შეთავაზებას;
იმ შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მოწესრიგებას, რომლებიც კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული.
შესაბამისი ფორმის საზოგადიების სტანდარტული წესდების გამოყენება თავად ამ საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორთა სურვილზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორებს სურთ სტანდარტული წესდების გამოყენება, მათ ამის შესახებ სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა აღნიშნონ. შესაძლებელია სტანდარტული წესდების მხოლოდ სრული სახით გაზიარება; მასში რაიმე სახის ცვლილების შეტანისას იგივე წესები გავრცელდება, რაც საზოგადოების მიერ დამოუკიდებლად შედგენილი წესდების წარმოდგენის შემთხვევაში. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებულ სტანდარტულ წესდებაში ცვლილების განხორციელება ან მისი გაუქმება არ გამოიწვევს იმ სამეწარმეო საზოგადოების წესდების ცვლილების საჭიროებას, რომელსაც რეგისტრაციის მიზნებისთვის გამოყენებული ჰქონდა იმ მომენტისათვის მოქმედი სტანდარტული წესდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წესდებაში ცვლილების განხორციელების/გაუქმების მიზეზს კანონის შესაბამისი ცვლილება წარმოადგენს, რომელიც ავალდებულებს სამეწარმეო საზოგადოებას, შესაბამისობაში მოიყვანოს წესდება კანონის იმპერატიულ მოთხოვნასთან.
3. რეგისტრაცია და რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება
სამეწრმეო საზოგადოების რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებული ცვლილება შეეხება მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან როგორც პირველადი რეგისტრაციისას, ისე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებისას სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მონაცემების შემოწმების ფარგლებს. კანონპროექტის თანახმად, მარეგისტრირებელ ორგანოს ევალება წარდგენილი დოკუმენტაციის მხოლოდ ფორმალური სისწორის და არა მატერიალური სისწორის შემოწმება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მონაცემების/დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მათი შინაარსის სისწორესა და შექმნის პროცედურების დაცვაზე პასუხისმგებელია კანონით ან/და სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული, ამ მონაცემებისა და დოკუმენტების შექმნაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც მარეგისტრირებელი ორგანოს ამოცანას არ წარმოადგენს დოკუმენტების მიღების პროცედურების სისწორის და კანონიერების კვლევა (მატერიალური შემოწმება), რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს პირველადი და შემდგომი რეგისტრაციის პროცედურას.
კანონპროექტი ერთმანეთისგან მიჯნავს უფლების წარმომშობ და დეკლარაციული ხასიათის მქონე რეგისტრაციას და ამომწურავად ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც რეგისტრაცია არის უფლების წარმოშობის წინაპირობა. ყველა სხვა შემთხვევაში რეგისტრაციას აქვს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი, ანუ წარმოშობილი უფლების გამოქვეყნების მიზანი.
4. რეესტრის საჯაროობა და რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობა
კანონპროექტი აწესრიგებს რეესტრის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის საკითხებს. კანონპროექტს შემოაქვს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის, ცნება. ელექტრონული პორტალის მეშვეობით მოხდება:
მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების გასაჯაროება;
სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასზე კანონით დაკისრებული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება (მაგ.: შერწყმის/გაყოფის გეგმის, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნება, განთავსებული კაპიტალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და სხვ.);
მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის სივრცის მეშვეობით მეწარმესთან ოფიციალური გზით კომუნიკაცია და მისთვის სხვადასხვა ელექტრონული სერვისის მიწოდება.
კანონპროექტი ასევე ადგენს რეესტრის უტყუარობის და სისრულის პრეზუმფციას, კერძოდ:
რეგისტრირებულ და გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, მესამე პირს უფლება აქვს, დაეყრდნოს გამოქვეყნებულ მონაცემებს (უტყუარობის პრეზუმფცია);
მხარეებს შეუძლიათ დაეყრდნონ გამოქვეყნებულ მონაცემებს (სისრულის პრეზუმფცია).
5. საფირმო სახელწოდება
კანონპროექტში მოცემულია საფირმო სახელწოდების შერჩევისა და გამოყენების პრინციპი. მოქმედ კანონში არსებული რეგულაციებისგან განსხვავებით, კანონპროექტი ადგენს, რომ როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ისე ყველა სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდება შესაძლოა იყოს ფანტაზიის ნაყოფი და სავალდებულოდ არ შეიცავდეს ინდმეწარმის ან პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის სახელს. ამასთან, პროექტი აწესებს საფირმო სახელწოდების ქართულ ენაზე გამოსახვის ვალდებულებას.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამო დღეისათვის არსებობს სამეწარმეო საზოგადოებები, რომლებსაც აქვთ იდენტური საფირმო სახელწოდება. კანონპროექტი აზუსტებს, რომ საფირმო სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებას. თუმცა, სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში დამატებითი სირთულეების თავიდან ასაცილებლად, ეს დანაწესი ამოქმედდება მხოლოდ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ რეგისტრირებულ საზოგადოებებსა და ინდმეწარმეებზე, ხოლო კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებებსა და ინდმეწარმეებზე ეს ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ისინი შეიცვლიან საფირმო სახელწოდებას.
6. ფილიალი
კანონპროექტის თანახმად, ფილიალი შეიძლება ჰქონდეთ არა მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოებებს, არამედ ინდივიდუალურ მეწარმეებსაც. ამასთან, მოქმედი კანონის მსგავსად, რეგისტრაციას არ საჭიროებს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის ფილიალი. რაც შეეხება საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაციას, კანონპროექტი ახდენს ევროკავშირის 2017/1132 დირექტივის 29-43-ე მუხლებთან ქართული კანონმდებლობის დაახლოებას და ადგენს იმ ინფორმაციის ნუსხას, რომელიც ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიეწოდოს. ამასთან, კანონპროექტი უშვებს საქართველოში არა მხოლოდ საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის რეგისტრაციას, არამედ ასევე უცხო ქვეყნის ინდმეწარმის ფილიალის რეგისტრაციას.
7. საქმიანი წერილი. ვებ-გვერდი
კანონპროექტი აწესებს იმ მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც საქმიან წერილზე და საზოგადოების ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნეს დატანილი. ეს მონაცემებია:
საფირმო სახელწოდება;
იურიდიული მისამართი;
საიდენტიფიკაციო ნომერი;
ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სახელი და გვარი.
აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირის 2017/1132 დირექტივის 26-ე, 35-ე და 39-ე მუხლებთან დაახლოებასთან ერთად, მიმართულია უკეთესი სამეწარმეო პრაქტიკის დამკვიდრებისა და იმის უზრუნველყოფისაკენ, რომ მესამე პირებმა მარტივად მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ საზოგადოებასთან აქვთ ურთიერთობა და ვინ არის ამ საზოგადოების წარმომადგენელი. ეს ნორმა ასევე მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაადგინოს. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის ადეკვატური სანქციის დაწესება ასევე ევროკავშირის 2017/1132 დირექტივის მე-40 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარეობს.
8. შეტყობინების ჩაბარება
კანონპროექტი ადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მეწარმისათვის გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების წესს და ითვალისწინებს, რომ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მეწარმის იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან, ან მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან მე-15 დღეს. აქვე მოცემულია იურიდიული და ელექტრონული მისამართების განმარტება. კერძოდ, იურიდიულ მისამართად მეწარმემ მარეგისტრირებელ ორგანოში უნდა მიუთითოს ის ფაქტობრივი მისამართი, რომელზეც შესაძლებელია საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობა და რომელზე მისული შეტყობინებაც ჩაბარებულად ჩაითვლება.
რაც შეეხება ელექტრონულ მისამართს, კანონპროექტი მას განმარტავს, როგორც სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში მეწარმისთვის მიკუთვნებულ მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდს. ამ მხრივ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი იზიარებს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის პრაქტიკას, რომელიც წარმატებით არის დანერგილი საქართველოში.
კანონპროექტის შესაბამის მუხლებში სრულად არის ასახული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში 2017 წლის 30 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის 2009/102/EC დირექტივასთან დაახლოების მიზანს ემსახურებოდა.
„შენატანის“ საგანი წარმოადგენს ქონებრივ სიკეთეს, რომელიც სამეწარმეო საზოგადოებას პარტნიორის მიერ გადაეცემა საზოგადოებაში წილის (მონაწილეობის) სანაცვლოდ. ევროკავშირის 2017/1132 დირექტივის 46-ე მუხლის აკრძალვიდან გამომდინარე, სააქციო საზოგადოების კაპიტალში შენატანი არ შეიძლება იყოს მომსახურების გაწევა ან სამუშაოს შესრულება. შეზღუდვა განპირობებულია მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების თანხობრივი ეკვივალენტის ობიექტურად დადგენის სირთულით. იგივე შეზღუდვა მოქმედებს კოოპერატივის შემთხვევაშიც.
საწარმოს თავდაპირველი კაპიტალის რეალურად ფორმირების მიზნით, როგორც წესი, დაუშვებელია შენატანის შეტანის ვალდებულებისგან კაპიტალური ტიპის საზოგადოების (კოოპერატივი, შპს, სს) პარტნიორის, ასევე კომანდიტური საზოგადოების კომანდიტის გათავისუფლება.
იმ შემთხვევისთვის, თუ რეგისტრაციის მომენტისთვის განხორციელებული არაფულადი შენატანის ღირებულება ნაკლებია შენატანის შეთანხმებულ ღირებულებაზე, დადგენილია სხვაობის ფულადი სახით შევსების ვალდებულება.
წილის/აქციის სანაცვლოდ განხორციელებული შენატანისგან განსხვავდება დამატებითი შენატანი, რომელიც არ არის დაკავშირებული პარტნიორის მიერ ახალი წილის/აქციის შეძენასთან.
კანონპროექტი ერთმანეთისგან მიჯნავს კაპიტალის ტიპებს. „განთავსებული კაპიტალი“ ეწოდება თანხობრივ ოდენობას, რომელზეც თანხმდებიან დამფუძნებელი პარტნიორები და მიუთითებენ სადამფუძნებლო შეთანხმებაში. სააქციო საზოგადოების (სს) გარდა, განთავსებული კაპიტალის არსებობა არ არის სავალდებულო სხვა ფორმის სამეწარმეო საზოგადოებებისთვის.
შენატანის საგანი შესაძლოა იყოს როგორც საკუთრების, ისე სარგებლობის უფლება.
განთავსებული კაპიტალის არსებობის შემთხვევაში, ის უნდა უდრიდეს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს. ვინაიდან, კანონპროექტის თანახმად, საწარმოს შეუძლია ერთდროულად გამოუშვას როგორც ნომინალური ღირებულების არმქონე, ისე ნომინალური ღირებულების მქონე წილები/აქციები, ამ უკანასკნელ შემთხვევაში განთავსებული კაპიტალი უნდა აღემატებოდეს ნომინალური ღირებულებების ჯამს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ნომინალური ღირებულების წილების განთავსების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გააჩნდეს განთავსებული კაპიტალი. როგორც აღვნიშნეთ, განთავსებული კაპიტალი ფაკულტატური კატეგორიაა ყველა ფორმის საწარმოსათვის, გარდა სააქციო საზოგადოებისა. თავისი ბუნებით, განთავსებული კაპიტალი ე.წ. საწესდებო კაპიტალის ეკვივალენტია (statutory capital, legal capital, charter capital, subscribed capital).
განთავსებული კაპიტალის მთავარი ფუნქცია დაფუძნებისას საზოგადოების საწყისი კაპიტალის ფორმირებაა. საზოგადოების დაფუძნების შემდგომ, განთავსებული კაპიტალი საზოგადოების ქონების შენარჩუნების ან გაზრდის მიზანს ემსახურება.
კანონპროექტი ადგენს ყველა ფორმის სამეწარმეო საზოგადოების ორგანოებთან - პარტნიორთა კრებასთან, სამეთვალყურეო საბჭოსთან, ხელმძღვანელ ორგანოებთან დაკავშირებულ ზოგად წესებს.
1. პარტნიორთა კრება
პარტნიორთა კრების კომპეტენციის საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი დისპოზიციურად ადგენს, რომ კრება გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც კანონით პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება, თუმცა, იქვე იძლევა წესდებით პარტნიორთა კრების კომპეტენციის გაფართოების შესაძლებლობას.
კანონპროექტი კვორუმთან დაკავშირებით ასევე დისპოზიციური წესის სახით ადგენს, რომ პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მასზე წარმოდგენილი ხმის უფლების მქონე პარტნიორების ან წარმოდგენილი კაპიტალის ოდენობის მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედი კანონით პარტნიორთა კრება მხოლოდ განმეორებით მოწვევის შემთხვევაშია გადაწყვეტილებაუნარიანი, მიუხედავად კრებაში მონაწილეთა ოდენობისა. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტი დეტალურად ჩამოთვლის პარტნიორთა კრების ბათილობის წინაპირობებს, მათ შორის, კრების მოწვევის წესების დარღვევას და გადაწყვეტილების კანონთან წინააღმდეგობას, ხელმეორედ მოწვევის პირობის დადგენის აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან თუ პროცედურების დაცვით მოწვეულ კრებას სათანადოდ ინფორმირებული პარტნიორი არ დაესწრება, მან თავად უნდა გაითავისოს ის რისკიც, რომ ის შესაძლოა, არ ეთანხმებოდეს კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმა, ერთი მხრივ, აამაღლებს პარტნიორთა კრების ეფექტიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, აღარ დატოვებს სივრცეს პროცედურული საკითხებით მანიპულირებისათვის.
გარდა ამისა, კანონპროექტი დისპოზიციური წესის სახით ადგენს, რომ კანონით ან წესდებით კვალიფიციური უმრავლესობის დაწესების შემთხვევის გარდა, გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით. ამასთან, აღნიშნული მუხლი იძლევა უფრო ნაკლები ოდენობის ხმათა დაწესების შესაძლებლობას, თუ საკითხი ალტერნატიული კანდიდატების ან წინადადებების წამოყენებას შეეხება.
2. საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო
ხელმძღვანელი ორგანოს წევრის დანიშვნის ჩვეულებრივ წესთან ერთად კანონპროექტი ითვალისწინებს პარტნიორის განცხადების საფუძველზე ხელმღვანელის დანიშვნას სასამართლოს მიერ, თუკი საზოგადოების პარტნიორებს შორის არსებული გამოუვალი სიტუაციის ან სხვა გარემოების გამო, თავად პარტნიორები ვერ ნიშნავენ ხელმძღვანელი ორგანოს წევრს.
კანონპროექტი ნორმატიულ დონეზე აწესრიგებს საერთაშორისო და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში დამკვიდრებულ გამიჯვნას, ერთი მხრივ, ხელმძღვანელი ორგანოს წევრის დანიშვნას/გათავისუფლებას, როგორც კორპორატიულსამართლებრივ აქტსა და, მეორე მხრივ, ხელმძღვანელი ორგანოს წევრთან სასამსახურო ხელშეკრულების დადებას/მოშლას, როგორც ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებას, შორის. სხვა საკითხებთან ერთად, სათანადო მუხლები ადგენს, რომ ხელმძღვანელი ორგანოს წევრის დანიშვნა და გათავისუფლება შესაბამისი ორგანოს სრულ დისკრეციას მიეკუთვნება და ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა ბათილია. რაც შეეხება სასამსახურო ხელშეკრულებას, მასზე, როგორც ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებაზე, ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი წესები ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით, რომლებიც დამატებით აკონკრეტებს, რომ სასამსახურო ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით ხელშეკრულებას.
რაც შეეხება ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, კანონპროექტის თანახმად, ეს უფლებამოსილება შეუზღუდავია მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირმა იცოდა ამ შეზღუდვის არსებობის შესახებ.
კანონპროექტი აწესრიგებს ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა კორპორატიულ მოვალეობებს, კერძოდ:
გათვალისწინებულია კეთილსინდისიერების მოვალეობა, როგორც მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით საზოგადოების საქმიანობის გაძღოლის მოვალეობა. ამასთან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, ხელმძღვანელი ორგანოს წევრს თავად აქვს იმის მტკიცების ტვირთი, რომ მას არ დაურღვევია დაკისრებული მოვალეობა. კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამასთან, შემოტანილია ე.წ. „სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების“ წესი (business judgement rule), რომელიც გამორიცხავს კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევას, თუკი ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს გადაწყვეტილების მიღებისას გონივრულად შეეძლოთ ევარაუდათ, რომ გადაწყვეტილებას იღებდნენ საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე;
კანონპროექტი აწესრიგებს კონკურენციის აკრძალვას, რომელიც ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უკრძალავს სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე იგივე საქმიანობის განხორციელებას, რომელსაც ეწევა სამეწარმეო საზოგადოება, ასევე უკრძალავს, იყოს მსგავს სფეროში მოქმედი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, ან დადებული გარიგებიდან მიღებული ან მისაღები სარგებლის დათმობის უფლებას;
კანონპროექტით დგინდება საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვა, რომლის ფარგლებშიც ხელმძღვანელი ორგანოს წევრს ეკრძალება, სამეწარმეო საზოგადოების წინასწარი თანხმობის გარეშე პირადი სარგებლის მისაღებად გამოიყენოს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ის საქმიანი შესაძლებლობა, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა თავისი მოვალეობის შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო და რომელიც, გონივრული თვალსაზრისით, შესაძლებელია სამეწარმეო საზოგადოების ინტერესის საგანი ყოფილიყო. აღნიშნული წესის დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, ან დადებული გარიგებიდან მიღებული ან მისაღები სარგებლის დათმობის უფლებას;
კანონპროექტით რეგულირდება ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოვალეობა, როგორც ხელმძღვანელი ორგანოს წევრის მიერ საზოგადოების შესაბამისი ორგანოსათვის ისეთი გარიგების შესახებ შეტყობინების ვალდებულება, რომელშიც ის დაინტერესებულ პირს წარმოადგენს. აღნიშნული წესის დარღვევა წარმოშობს საზოგადოების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
3. სამეთვალყურეო საბჭო
სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები და სხვა საკითხები დეტალურად მოწესრიგებულია კანონპროექტის „სააქციო საზოგადოების“ თავში.
მართვის დუალისტური სისტემის არჩევისას სააქციო საზოგადოებას, პარტნიორთა კრებისა და ხელმძღვანელი ორგანოს გარდა, ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც არანაკლებ 3 წევრისაგან შედგება. სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი ფუნქციაა ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლი და მასთან თანამშრომლობა სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში. გარდა ამისა, სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ხელმძღვანელი ორგანოსგან სააქციო საზოგადოების საქმიანობის ანგარიში; გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია; შეამოწმოს ხელმძღვანელი ორგანოს წლიური ანგარიშები და სხვ. აქვე მოცემულია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურული საკითხები.
მართვის მონისტურ სისტემაში სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირი, ხოლო თუ ხელმძღვანელი ორგანო მხოლოდ აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირებისგან შედგება, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს პარტნიორთა კრება.
კანონპროექტში სრულად არის გადმოტანილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში 2016 წლის 8 ივნისს შეტანილი ცვლილების რედაქცია, რომელიც კანონმდებლობის ევროკავშირის 2013/34/EU და 2006/43/EC დირექტივებთან დაახლოების მიზანს ემსახურებოდა.
კანონპროექტი აწესრიგებს სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანის საკითხებს. ამასთან, ეს ნორმები ემსახურება ევროკავშირის 2017/1132 დირექტივის 87-117-ე და 135-160-ე მუხლების ქართულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონით რეორგანიზაციის ყველა სახე/ფორმა ერთი მუხლით არის მოწესრიგებული. ამისგან განსხვავებით, კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებს და პროცედურას, რეორგანიზაციის განხორცილების პროცესს, ამ პროცესში კრედიტორების დაცვისა და რეორგანიზაციის დასრულების საკითხებს. ასევე, საყურადღებოა, რომ იმ მიზნის მიღწევა, რომელსაც რეორგანიზაცია ემსახურება (საზოგადოების ქონების ან მისი ნაწილის ერთი საზოგადოებიდან მეორეში გადატანა ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოების დაშლა), შესაძლებელია საზოგადოების ქონების შემადგენელი ელემენტების ცალკეულ ნაწილებად, ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებების მეშვეობით სხვა საზოგადოებისთვის გადაცემის გზით. ამიტომ რეორგანიზაცია წარმოადგენს არა სავალდებულო ან ერთადერთ გზას ამ მიზნის მისაღწევად, არამედ გამარტივებულ გზას უმცირესობაში მყოფი პარტნიორების და კრედიტორების ინტერესების დასაცავად. ამდენად, რეორგანიზაციის პროცესის დეტალური მოწესრიგება ნაკარნახევია ამ პროცესის მიმართ დადგენილი მინიმალური სტანდარტის დაცვის საჭიროებით.
1. გარდაქმნა
კანონპროექტი აწესრიგებს საზოგადოების გარდაქმნის პროცედურას, გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებისთვის საჭირო უმრავლესობას (ერთხმად ან გარკვეულ შემთხვევაში 3/4-ის უმრავლესობა) და ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვალდებულებას; კანონპროექტი ასევე ადგენს, რომ პარტნიორების წილი გარდაქმნილ სამეწარმეო საზოგადოებაში უნდა იყოს იმ წილის პროპორციული, რაც მათ ჰქონდათ წინა სამეწარმეო საზოგადოებაში. ამ წესიდან გადახვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას კენჭისყრაში მონაწილეები ერთხმად დაადგენენ.
2. შერწყმა/გაყოფა
კანონპროექტი აწესრიგებს საზოგადოებების შერწყმისა და გაყოფის პროცესს, მათ შორის, ადგენს შერწყმის და გაყოფის სხვადასხვა სახეებს, კერძოდ:
დაყოფა დაფუძნებით - როდესაც დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოება თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილებს გადასცემს ორ ან მეტ ახლადდაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას ისე, რომ დაყოფილი საზოგადოება წყვეტს არსებობას;
დაყოფა შეძენით - როდესაც დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოება თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილებს გადასცემს ორ ან მეტ არსებულ სამეწარმეო საზოგადოებას ისე, რომ დაყოფილი საზოგადოება წყვეტს არსებობას;
გამოყოფა დაფუძნებით - როდესაც დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოება თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილს/ნაწილებს გადასცემს ერთ ან მეტ ახლადდაფუძნებულ სამეწარმეო საზოგადოებას ისე, რომ დაყოფილი საზოგადოება არ წყვეტს არსებობას;
გამოყოფა შეძენით - როდესაც დაყოფილი სამეწარმეო საზოგადოება თავისი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილს ან ნაწილებს გადასცემს ერთ ან მეტ არსებულ სამეწარმეო საზოგადოებას ისე, რომ დაყოფილი საზოგადოება არ წყვეტს არსებობას;
შერწყმა მიერთებით - როდესაც ერთი ან მეტი სამეწარმეო საზოგადოება (მიერთებული სამეწარმეო საზოგადოება) მიუერთდება სხვა სამეწარმეო საზოგადოებას (შემძენ სამეწარმეო საზოგადოებას) ამ უკანასკნელისათვის მთელი თავისი აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემის გზით;
შერწყმა გაერთიანებით - როდესაც ორი ან მეტი სამეწარმეო საზოგადოება (გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოება) გაერთიანდება ახალი სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნების გზით, რომელსაც გადაეცემა გაერთიანებული სამეწარმეო საზოგადოებების სრული აქტივები და ვალდებულებები.
შერწყმის/გაყოფის პირობების დადგენის და პარტნიორებისა და კრედიტორების ინფორმირების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს შერწყმის/გაყოფის გეგმის შედგენას და გამოქვეყნებას, ხოლო სააქციო საზოგადოებებისთვის, დამატებით - შერწყმის/გაყოფის გეგმის შემოწმებას დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და შერწყმის/გაყოფის ანგარიშის შედგენას.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს განსაკუთრებულ დაცვას რეორგანიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოების კრედიტორებისთვის და ანიჭებს მათ სამეწარმეო საზოგადოების მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის გამოყენების უფლებას, თუკი რეორგანიზაცია საფრთხეს უქმნის მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს რეორგანიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოების პარტნიორთა დაცვის შემოთავაზებულ მექანიზმზე. კერძოდ, იმ პარტნიორებს, რომლებმაც რეორგანიზაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ენიჭებათ საზოგადოებისგან მათი წილის სამართლიან ფასად გამოსყიდვის უფლება.
3. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა
კანონპროექტი ასევე ეხება უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობას და პრაქტიკულად, იმეორებს მოქმედი კანონის 57 მუხლის დებულებებს.
კანონპროექტი აწესრიგებს ინდმეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების არსებობის შეწყვეტის პროცესს და გამოყოფს არსებობის შეწყვეტის სამ სტადიას:
საზოგადოების დაშლა, როგორც არსებობის შეწყვეტის ინიციირების სტადია;
საზოგადოების ლიკვიდაცია, როგორც აქტივების რეალიზაციის, ვალდებულებების დაფარვის და დარჩენილი ქონების პარტნიორთა შორის გადანაწილების სტადია;
რეგისტრაციის გაუქმება, როგორც საზოგადოების მიერ არსებობის შეწყვეტის საბოლოო სტადია.
1. საზოგადოების დაშლა
კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოების ნებაყოფლობით დაშლას პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იძულებით დაშლას სასამართლოს გადაწყვეტილებით.
სიახლეს წარმოადგენს პარტნიორის სარჩელის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს მიერ. აღნიშნული რეგულაცია ემსახურება საზოგადოებაში შექმნილი ჩიხური სიტუაციის გადაწყვეტას, როდესაც, მაგალითად, პარტნიორი უხეშად არღვევს მის მოვალეობებს ან საზოგადოებაში ხმათა თანაბარი გადანაწილების გამო პარტნიორები ვეღარ იღებენ გადაწყვეტილებას, რაც, საბოლოო ჯამში, შეუძლებელს ხდის საზოგადოების მიზნის მიღწევას. მსგავს სიტუაციაში კანონპროექტი შესაძლებლობას აძლევს პარტნიორს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საზოგადოების დაშლა. ამავე დროს, გასათვალისწინებელია სხვა პარტნიორების ინტერესიც საზოგადოების არსებობის გაგრძელების თაობაზე, ამიტომ, კანონპროექტი შესაძლებლობას აძლევს სხვა პარტნიორებს, თავიდან აიცილონ საზოგადოების დაშლა განმცხადებელი პარტნიორისთვის წილის სამართლიან ფასად გამოსყიდვის შეთავაზებით.
2. საზოგადოების ლიკვიდაცია
საზოგადოების დაშლის შემდგომ იწყება ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდატორის დანიშვნის და მისი უფლებამოსილების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ საჯარო შეტყობინების, კრედიტორთა დაცვის და ქონების განაწილების საკითხებთან ერთად გათვალისწინებულია ასევე სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებაზე დამატების „ლიკვიდაციის პროცესში“ დართვის ვალდებულება.
3. საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება
კანონპროექტის თანახმად, ვალდებულებების დაფარვის და დარჩენილი ქონების პარტნიორთა შორის განაწილების შემდეგ ხდება საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება, როგორც მისი არსებობის შეწყვეტის ბოლო ეტაპი. ამასთან, კანონპროექტი ისეთ შემთხვევასაც აწესრიგებს, როდესაც რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საზოგადოებას დარჩა ქონება, ან აუცილებელია დამატებითი სალიკვიდაციო მოქმედებების განხორციელება. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს ლიკვიდაციის პროცესის ბოლომდე მისაყვანად.
კანონპროექტით რეგულირდება ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებული საკითხები და განისაზღვრება პარტნიორთა კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტები და ვადები. კანონპროექტი შეცილების ერთწლიან ვადასთან ერთად ადგენს, რომ ასეთი ვადა არ მოქმედებს, თუ მოხდა გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვა.
კერძო ნაწილი
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება/კომანდიტური საზოგადოება
1. პარტნიორები
კანონპროექტით შენარჩუნებულია იურიდული პირების სპს-ის და კს-ის პარტნიორად მონაწილეობის უფლება. თუმცა, მესამე პირების დაცვის მიზნით, თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში (შემდგომ - სპს) ან კომანდიტურ საზოგადოებაში (შემდგომ - კს) პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებები არიან (ე.ი. შპს, სს, კოოპერატივი), სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას უნდა დაემატოს შესაბამისი აღნიშნვნა: „შეზღუდული პასუხისმგებლობის სპს“ ან „შეზღუდული პასუხისმგებლობის კს“.
ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
სპს-ში, როგორც ამხანაგური ტიპის სამეწარმეო საზოგადოებაში, დისპოზიციურად, საზოგადოების წარმომადგენლობისა და ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. აღნიშნული არ წარმოადგენს ერთობლივი წარმომადგენლობის ან ერთობლივი ხელმძღვანელობის პრინციპის გამოხატულებას, არამედ ყველა პარტნიორს ანიჭებს წარმომადგენლობისა და ხელმძღვანელობის ინდივიდუალურ უფლებას. თუმცა, პარტნიორი დაარღვევს ხელმძღვანელის ვალდებულებას, თუკი განახორციელებს რაიმე ქმედებას, როდესაც სხვა ხელმღვანელი პარტნიორი ამ ქმედების წინააღმდეგია და ის განაცხადებს ამის შესახებ.
2. პარტნიორის მოგება-ზარალის დაანგარიშება და ქონების განაწილება
საზოგადოების ვალებისთვის კრედიტორთა წინაშე პარტნიორთა პირადი და შეუზღუდავი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, კანონპროექტი მხოლოდ დისპოზიციურად განსაზღვრავს წილობრივი მონაწილეობის გამოანგარიშებისა და ქონების განაწილების წესებს.
კანონპოექტის თანახმად, ასევე დისპოზიციურ დანაწესს ეფუძნება მოგების განაწილება სპს-ში, რომელიც ითვალისწინებს სპს-ის ამხანაგურ ბუნებას (პარტნიორთა თანაბარი, შენატანისგან დამოუკიდებელი უფლება-მოვალეობები ერთმანეთის და საზოგადოების მიმართ).
3. პასუხისმგებლობის ფორმა (კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობა)
პროექტი სათანადოდ აწესრიგებს სპს-ში პარტნიორთა პასუხისმგებლობის ფორმების როგორც შიდა, ისე გარე (ე.ი. კრედიტორების წინაშე) ასპექტებს. საწარმოს ვალდებულებისთვის პარტნიორები პირადად აგებენ პასუხს კრედიტორების წინაშე. შესაბამისად, ისინი საწარმოს კრედიტორების მიმართ სპს-ს კუთვნილი შესაგებლის, შეცილების ან გაქვითვის უფლებებითაც სარგებლობენ.
საწარმოს ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პარტნიორის პასუხისგებლობა პირდაპირია. შესაბამისად, კრედიტორს შეუძლია უშუალოდ პარტნიორს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. პარტნიორს, რომელმაც შეასრულა კრედიტორის მოთხოვნით მის წინაშე საწარმოს ვალდებულება, უფლება აქვს, სპს-გან მოითხოვოს გადახდილი თანხა, როგორც „აუცილებელი ხარჯი, რომელიც მან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად გაიღო“. შიდა ვალდებულებების გადანაწილება დაშვებულია სხვაგვარადაც, თუ ამას წესდება ან პარტნიორთა შეთანხმება ითვალისწინებს. პარტნიორთა შორის ფინანსური ტვირთის გადანაწილებაზე (თუკი საწარმოს არ შეუძლია დაფაროს ხსენებული „ხარჯი“), შესაბამისად, მოქმედებს სოლიდარულ მოვალეთა შორის ანგარიშსწორების წესები.
4. პარტნიორის გასვლა, გარიცხვა, გარდაცვალება
კანონპროექტის ჩანაწერი, რომლითაც პარტნიორები ვალდებულნი არიან სპს-დან გასული ან გარიცხული პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ კომპენსაცია იმ თანხის ოდენობით, რასაც იგი საზოგადოების დაშლის შემთხვევაში მიიღებდა, მოქმედებს მხოლოდ შიდა ურთიერთობაში და არ წარმოადგენს კრედიტორის წინაშე ყოფილი პარტნიორის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ საფუძველს.
კანონპროექტის მიხედვით, პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლებელია სპს-ის კომანდიტურ საზოგადოებად ტრანსფორმაციის გამარტივებული გზის გამოყენება, თუ მემკვიდრეებს არ სურთ საწარმოში პირადად პასუხისმგებელ პარტნიორებად შესვლა.
5. კომანდიტური საზოგადოება და კომანდიტის სტატუსი
კომანდიტს არ გააჩნია საწარმოს ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, თუმცა, შეიძლება მიენიჭოს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება წესდებით, კომპლემენტართა გადაწვეტილებით (რომელიც წესდების ცვლილებისთვის საჭირო უმრავლესობით იქნება მიღებული).
კომანდიტს წარმომადგენლობით უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ მინდობილობის (სახელშეკრულებო წარმომადგენლობა) სახით, კომპლემენტართა გადაწვეტილებით. თუ კომანდიტს ერთ, რამდენიმე ან ყველა კომპლემენტართან ერთად ხელმღვანელობის უფლებამოსილება აქვს მინიჭებული, მას არ აქვს უფლება, დააბრკოლოს ხელმძღვანელი კომპლემენტარების გადაწვეტილებები და ქმედებები.
კომანდიტის ქონებრივი უფლებები კს-ის მიმართ, კომპლემენტარებისგან განსხვავებით, შემოიფარგლება მისი სრულად განხორციელებული შენატანის შესაბამისი მოგების დივიდენდის სახით მიღებით.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
1. კაპიტალი და წილები
კანონპროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს შპს-ში კაპიტალის მოზიდვის გამარტივება. შესაბამისად, კაპიტალის სტრუქტურა უფრო მოქნილია და ის სს-ის კაპიტალის ძირითად ნიშან-თვისებებს იზიარებს, რაც ნებადართული წილების დასაშვებობასა და წილების განსხვავებული კლასების გამოშვების შესაძლებლობაში გამოიხატება. აღნიშნული სიახლე საშუალებას მისცემს შპს-ს, მაქსიმალურად მოარგოს განსათავსებელი წილი ინვესტორთა მოთხოვნებს.
შპს-ს შესაძლებლობა აქვს, გამოუშვას როგორც ნომინალური ღირებულების, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები.
საწარმოს შეუძლია ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი. ამ შემთხვევაშიც, იგი თავისუფალია მისი ოდენობის განსაზღვრაში. განთავსებული კაპიტალის არსებობის ერთადერთი წინაპირობა ის არის, რომ იგი არ უნდა იყოს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამზე ნაკლები, ხოლო თუ განთავსებულია როგორც ნომინალური, ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები - უნდა აღემატებოდეს მას.
2. დივიდენდის განაწილება პარტნიორებზე
სააქციო საზოგადოებისგან განსხვავებით, კანონპროექტის მიდგომა ამ შემთხვევაში უფრო ლიბერალურია. კერძოდ, შპს-ს დივიდენდის განაწილება შეუძლია მაშინაც, როცა მას მოგება არ მიუღია, მაგრამ დადებითი საკუთარი კაპიტალი, ე.ი. წმინდა აქტივი გააჩნია, ხოლო იმ შპს-ს, რომელსაც აქვს განთავსებული კაპიტალი - თუკი მისი წმინდა აქტივი განთავსებულ კაპიტალს აღემატება. გარდა ამისა, ხელმძღვანელებს მართებთ, ქონების განაწილების წინადადების შემუშავების დროს, გაითვალისწინონ საწარმოს გადახდისუნარიანობის პროგნოზი.
3. პარტნიორის გასვლა და გარიცხვა საზოგადოებიდან
კანონპროექტში მოცემულია პარტნიორის გასვლისა და გარიცხვის წინაპირობები, რაც მოქმედ კანონმდებლობაში, ასევე სასამართლო და იურიდულ პრატიკაში, საკმაოდ ბუნდოვან და პრობლემატურ საკითხთა რიგს განეკუთვნება. კანონპროექტი ადგენს როგორც გასვლის ან გარიცხვის წინაპირობებს, ისე მის პროცედურას. მნიშვნელოვანია, რომ ორივე შემთხვევაში, საზოგადოებიდან გასული ან გარიცხული პარტნიორის ქონებრივი უფლებები დაცულია საწარმოს ვალდებულებით, წილის სანაცვლოდ მას გადაუხადოს სამართლიანი კომპენსაცია. დღეისათვის, ყოფილი პარტნიორის წილის კომპენსაციის საკითხზე ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა არათანმიმდევრულია, რაც უმთავრესად კანონში არსებული არასაკმარისი რეგულაციებით აიხსნება.
4.პარტნიორთა გადაწვეტილებები. კრების გარეშე პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღება
კანონპროექტის თანახმად, პარტნიორები თავიანთ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს თავად განსაზღვრავენ. კანონპროექტი ამ მხრივ პარტნიორებს მაქსიმალურ დისკრეციას ანიჭებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს კრებაზე დასწრების გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას (ხმის მიცემა დისტანციურად). კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პარტნიორების მიერ კრებაში მონაწილეობის გამარტივების მიზნით ტექნიკური საშუალებების გამოყენებას.
კანონპროექტი რიგგარეშე კრების მოწვევის უფლებას ანიჭებს დირექტორს, სამეთვალყურეო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და 5%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს. პარტნიორთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ რამდენიმე უფლებამოსილი კრების ჩატარების თავიდან ასაცილებლად გათვალისწინებულია კვორუმის არსებობის აუცილებლობა.
სააქციო საზოგადოება
1. სააქციო საზოგადოების ცნება
სააქციო საზოგადოების თავის პირველ ნაწილში მოწესრიგებულია სააქციო საზოგადოების ისეთი ზოგადი ელემენტები, როგორიცაა კაპიტალის დაყოფა აქციებად და აქციონერებსა და საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობის გამიჯვნა. კანონპროექტის სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით, ამ თავით წარმოდგენილი ნორმები იმპერატიული ბუნებისაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ სააქციო საზოგადოების წესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცავდეს კანონისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, თუ ეს პირდაპირ არის დაშვებული კანონით. სააქციო საზოგადოების წესდებით ასევე შეიძლება მოწესრიგდეს კანონით გაუთვალისწინებელი საკითხები, ან განივრცოს კანონის ის ნორმები, რომლებიც მოცემულ საკითხს ამომწურავად არ აწესრიგებს.
2. სააქციო საზოგადოების მინიმალური აუცილებელი ქონება
სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, ევროკავშირის 2017/1132 დირექტივის 45-ე მუხლთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონპროექტი აწესრიგებს მინიმალური განთავსებული კაპიტალის საკითხს. ამ მიზნით, შემოდის მინიმალური განთავსებული კაპიტალის ოდენობა, რომელიც, სულ მცირე, უნდა უტოლდებოდეს 25 000 ევროს ეკვივალენტს ლარში. გარდა კაპიტალის ოდენობის დადგენისა, კანონპროექტი აწესრიგებს ამ ოდენობის მიღწევისა და შენარჩუნების საკითხებს (შენატანები), განთავსებული კაპიტალის ცვლილების წესს, სარეზერვო კაპიტალთან, საზოგადოების კაპიტალის შემცირებასა და სააქციო საზოგადოების კაპიტალის არსებით დანაკარგებთან დაკავშირებულ საკითხებს.
წინამდებარე კანონის ამოქმედებამდე შექმნილ სააქციო საზოგადოებებს, ისევე, როგორც სხვა ფორმის სამეწარმეო საზოგადოებებს, განესაზღვრებათ კანონის ამოქმედებიდან 2-წლიანი ვადა საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემებს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად,3. სააქციო საზოგადოების კაპიტალის შევსება და შენარჩუნება
კანონპროექტში, მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებით, დეტალურად არის მოწესრიგებული შენატანების შესრულების ხარჯზე საზოგადოების კაპიტალის ფორმირების პროცესი და განსაზღვრულია როგორც შენატანის საგანი, ისე შენატანის განხორციელების პირობები. კანონპროექტის თანახმად, შენატანის შეტანის წესი და ვადა განისაზღვრება კანონით და სააქციო საზოგადოების წესდებით. წესდებაში შესაბამისი ვადის თაობაზე დათქმის არარსებობის შემთხვევაში, შენატანი უნდა განხორციელდეს სააქციო საზოგადოების მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში. თუმცა, ასეთი ვადა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს რეგისტრაციის ან კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წელს.
კანონპროექტით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამოირიცხება შენატანად სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის გამოყენება. არაფულად შენატანთან დაკავშირებით პროექტი ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს შენატანის შეტანის უზრუნველყოფის აუცილებელ რეპრესიულ/პრევენციულ ინსტრუმენტებს. კერძოდ, აქციონერის მიერ შენატანის განხორციელების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ვადამოსულ შეუტანელ შენატანს დაერიცხება წლიური პროცენტი. გარდა ამისა, აქციონერის მიერ ფულად შენატანის განხორციელების ვადის დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი, რაც შესაძლებელია დასრულდეს აქციონერის მიერ აქციის და ნაწილობრივ განხორციელებული შენატანის და მასთან დაკავშირებული უფლებების დაკარგვით.
4. სააქციო საზოგადოების კაპიტალის ზრდა - კაპიტალის ბაზრის განვითარების წახალისება
კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს აქციასთან, როგორც მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტთან, დაკავშირებულ საკითხებს. ამ მიზნით, პროექტით განსაზღვრულია აქციის ცნება, აქციის კლასი, აქციაში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდი, ნებადართული და განთავსებული აქციები, აქციის ნომინალური ღირებულება, აქცია ნომინალური ღირებულების გარეშე, აქციის კონსოლიდირება და დანაწევრება, ასევე აქციათა რეესტრი.
სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის ფომირებასთან. არსებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კანონპროექტი მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს ინვესტიციების მოზიდვის ალტერნატიული წყაროს - კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისათვის. კერძოდ, კანონპროექტი არეგულირებს საზოგადოების აქციათა მიმოქცევის ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანხმობასავალდებულო გადაცემა, სააქციო საზოგადოების მიერ ახალი აქციების თავის სასარგებლოდ განთავსების აკრძალვა, მიმოქცევაში მყოფი აქცია, საკუთარი აქცია და განთავსებული კაპიტალის ცვლილების წესი.
საზოგადოების აქციონერების, ინვესტორთა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მისაღწევად კაპიტალის გაზრდა ახალი აქციების გამოშვებით დაშვებული იქნება მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობით - საერთო კრებაზე კენჭისყრაში მონაწილე ხმათა არანაკლებ 3/4-ის მიერ.
5. სააქციო საზოგადოების მართვის სისტემები
სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს მართვის დუალისტური ან მონისტური სისტემა. დუალისტურია მართვის სისტემა, სადაც სააქციო საზოგადოებაში, პარტნიორთა კრებისა და ხელმძღვანელი ორგანოს გარდა, შექნილია სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მონისტურია მართვის სისტემა, სადაც სააქციო საზოგადოებაში არ არის შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო. შესაბამისად, მართვის მონისტური სისტემის არჩევისას სააქციო საზოგადოების ორგანოებს წარმოადგენს პარტნიორთა კრება და ხელმძღვანელი ორგანო, ხოლო მართვის დუალისტური სისტემის არჩევისას - პარტნიორთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო.
6. აქციონერთა უფლება-მოვალეობები
კანონპროექტი დეტალურად განსაზღვრავს აქციონერთა უფლებებსა და მოვალეობებს. კერძოდ, უფლებების ნაწილში, კანონპროექტი ერთმანეთისგან გამოჰყოფს აქციონერის ძირითად და დამატებით უფლებებს. ძირითადი უფლებების წრეში ექცევა თითოეული აქციონერისათვის გათვალისწინებულ უფლებათა ისეთი მინიმუმი, როგორიცაა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, დღის წესრიგის გაცნობის უფლება, დივიდენდის უფლება, აქციათა თავისუფალი განკარგვის უფლება, საზოგადოებისათვის აქციათა სავალდებულო წესით მიყიდვის უფლება და სხვ.
კანონპროექტი 5%-ის მფლობელ აქციონერებს აღჭურვავს დამატებით მნიშვნელოვანი კომპეტენციით. კერძოდ, აღნიშნული კატეგორიის აქციონერებს ენიჭებათ საერთო კრებისაგან სპეციალური აუდიტორის დანიშვნის მოთხოვნის შესაძლებლობა, რომელიც ვალდებულია მოახდინოს საზოგადოების სამეურნეო მოქმედების ან წლიური ფინანსური ანგარიშგების სპეციალური შემოწმება, თუ ის კანონით უამისოდაც არ ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს, ასევე დგინდება აუდიტის ჩატარების წესი და პირობები. აქციათა 95%-ის მფლობელ აქციონერს ენიჭება აქციების შესყიდვის უფლება.
კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეს აქციონერთა მოვალეობების მარეგლამენტირებელი დამოუკიდებელი მუხლის სახით. კერძოდ, აქციონერს ეკისრება გარკვეული მოვალეობები არა მხოლოდ შენატანის შეტანის, არამედ საზოგადოებისათვის ცალკეული ინფორმაციის მიწოდების და ყველა სხვა მოვალეობის სახით, რომლებიც განსაზღვრულია კანონიდან გამომდინარე სააქციო საზოგადოების წესდებით. აქვე მოწესრიგებულია შესაბამისი ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი.
კანონპროექტის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს აქციონერთა შეთანხმების საკანონმდებლო რეგლამენტაცია. კანონპროექტი აწესრიგებს ასეთი შეთანხმების დადების წესსა და პირობებს.
ინვესტორთა ინტერესის დაცვის მიზნით, კანონპროექტი დეტალურად განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვის საკითხს. კერძოდ, კანონპროექტი აქციონერს ანიჭებს უფლებას, სააქციო საზოგადოებას მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებითად ლახავს აქციონერის უფლებებს ან ეხება სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციას. ამავდროულად, აღნიშნულ საკითხში საზოგადოებისათვის უფრო მეტი საწესდებო ავტონომიის მინიჭების მიზნით, კანონპროექტი იძლევა შესაძლებლობას, სააქციო საზოგადოების წესდებამ დეტალურად მოაწესრიგოს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ამ პროცედურის განხორციელების წესსა და პირობებს.
აქციონერთა კრებას კოლეგიურად, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელ ორგანოს, კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვთ მოითხოვონ სააქციო საზოგადოებისთვის ხელმძღვანელ და სამეთვალყურეო ორგანოთა წევრების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გარდა ამისა, აქციონერებს ენიჭებათ ე.წ. დერივაციული სარჩელის წარდგენის უფლებაც, რომლის მიხედვითაც ხმის უფლების მქონე აქციონერს ან აქციონერებს უფლება აქვთ, შეიტანონ სარჩელი თავისი სახელით და სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ სააქციო საზოგადოების კუთვნილი მოთხოვნის განსახორციელებლად, მათ შორის, სააქციო საზოგადოების თანამდებობის პირთა წინააღმდეგ, მათ მიერ ვალდებულებების დარღვევით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ან მიღებული სარგებლის სააქციო საზოგადოებისთვის გადაცემის ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობის მოთხოვნით.
კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგეს მნიშვნელოვანი გარიგებების დადების სპეციალური წესი. მნიშვნელოვან გარიგებას წარმოადგენს გარიგება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია სააქციო საზოგადოების ქონების (სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების) 25%-ის ან მეტის შეძენასთან, გასხვისებასთან ან უფლებრივ დატვირთვასთან. ამგვარი გარიგების დადებამდე, ხელმძღვანელი ორგანო მოვალეა, მიიღოს სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრების, ხოლო მონისტურ სისტემაში - არააღმასრულებელი დირექტორების ან საერთო კრების თანხმობა, იმის მიხედვით, კანონით ან სააქციო საზოგადოების წესდებით როგორ არის გადანაწილებული ასეთი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემისათვის შესაბამის ორგანოთა შორის კომპეტენცია.
7. ოპტიმალური დივიდენდის პოლიტიკა
დივიდენდის განაწილების საკითხი სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებული თითოეული პირის ინტერესის საგანს წარმოადგენს, ეს ინტერესები კი ხშირ შემთხვევაში მკვეთრად ურთიერთსაპირისპიროა. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებაში დივიდენდის ოპტიმალური პოლიტიკის მიღწევის ხელშეწყობას. ამ მიზნით, კანონპროექტი, ერთი მხრივ, დეტალურად აწესრიგებს წლიური ანგარიშისა და სამეურნეო მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედგენისა და, მეორე მხრივ, დივიდენდის გაცემის საკითხს. დადგენილი წესის თანახმად, სააქციო საზოგადოება შუალედური ან წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით და კანონით გათვალისწინებული წესით უფლებამოსილია, მიიღოს განთავსებულ აქციებზე დივიდენდების სახით მოგების განაწილების გადაწყვეტილება. ამავდროულად, დივიდენდის გაცემა იკრძალება რიგ შემთხვევებში, რომელთა გაანგარიშების წესიც წარმოდგენილია კანონპროექტში.
8. აქციონერთა საერთო კრება
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სააქციო საზოგადოების კორპორატიულ მართვაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის მიღწევას. კანონპროექტი ითვალისწინებს კორპორატიული მართვის როგორც ერთსაფეხურიანი, ისე ორსაფეხურიანი სისტემის შერჩევის შესაძლებლობას.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სააქციო საზოგადოების მართვის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. კერძოდ, საერთო კრების გადაწყვეტილება კრების მოწვევის შესახებ ქვეყნდება სააქციო საზოგადოების ვებ-გვერდზე, ხოლო იმ სააქციო საზოგადოების ვებ-გვერდზე, რომლის ფასიანი ქაღალდებიც სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, დამატებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა შესაბამისი ინფორმაციაც.
9. საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო
როგორც აღვნიშნეთ, კანონპროექტში გათვალისწინებულია კორპორატიული მართვის როგორც ერთსაფეხურიანი, ისე ორსაფეხურიანი მოდელის გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, სპეციალური მოწესრიგება ეთმობა ხელმძღვანელი ორგანოს საკითხს. სააქციო საზოგადოების წესდებით ან კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში ხელმძღვანელი ორგანოს დებულებით შესაძლებელია განისაზღვროს ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს შორის ფუნქციათა განაწილება და მათ მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს თითოეული დირექტორისთვის მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება.
დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მონისტურ სისტემაში - საერთო კრება. ამავდროულად, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებულია დირექტორთან დასადები სასამსახურო ხელშეკრულების საკითხები. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორის დანიშვნა ჭიანურდება და მის გარეშე საზოგადოებას არ შეუძლია საქმიანობის განხორციელება, აქციონერის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე, დირექტორი შეიძლება დანიშნოს სასამართლომ. ამ წესით დანიშნული დირექტორის უფლებამოსილება წყდება იმ მომენტიდან, როდესაც დირექტორს დანიშნავს სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მონისტურ სისტემაში - საერთო კრება.
10. სამეთვალყურეო საბჭო
კანონპროექტის მიხედვით, ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლისა და სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტისას ხელმძღვანელ ორგანოსთან თანამშრომლობა სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთან, მონისტური სისტემის არჩევის შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქცია არააღმასრულებელი ხელმძღვანელი პირებისთვის არის მიკუთვნებული. თუ ხელმძღვანელი ორგანო შედგება მხოლოდ აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირისგან, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციას ასრულებს საერთო კრება. შესაბამისად, გამოიყენება კანონის სათანადო ნორმები სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციის შესახებ. სხვა შემთხვევაში კი კანონპროექტი ადგენს მკვეთრ ზღვარს ზემოაღნიშნულ ორგანოებს შორის, რაც იმაში გამოიხატება, რომ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის სფეროში ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები არ შეიძლება გადაეცეს სამეთვალყურეო საბჭოს.
კანონპროექტში სპეციალური ყურადღება ეთმობა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საბჭოდან გასვლის საკითხს. კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მისი განწესების უფლების მქონე სუბიექტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნებისმიერ დროს, ისევე, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სააქციო საზოგადოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს საპატიო მიზეზი. ამავე კონტექსტში საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გაზრდილია სასამართლოს როლი; იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გასვლიდან 6 თვის განმავლობაში არ იქნება არჩეული ახალი წევრი, ხელმძღვანელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, ეს წევრი შეიძლება დანიშნოს სასამართლომ.
კოოპერატივი
1. კოოპერატივის ცნება და ამოცანები
კანონპროექტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ სამართლებრივ ფორმას კოოპერატივი წარმოადგენს. კოოპერატივის, როგორც ერთ-ერთი სამართლებივი ფორმის საზოგადოების, განმარტებაში შემოტანილია სიახლე, რაც მის სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებზე ხაზგასმაში გამოიხატება. კანონპროექტში მოცემულია კოოპერატივის ფორმები, რომელიც დღეისათვის არსებული ფორმების იდენტურია.
2. კოოპერატივის წევრობა
კანონპროექტის სიახლეს წარმოადგენს კოოპერატივის ინვესტორი წევრი, რომელსაც წესდებით შეიძლება მიენიჭოს ვეტოს უფლება იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს შეეხება. ინვესტორ წევრს არ შეიძლება ჰქონდეს ხმათა 25%-ზე მეტი. ამავდროულად, კანონპროექტით შემოთავაზებულია მთელი რიგი ახალი ნორმები სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორების შესვლასა და გასვლასთან დაკავშირებით.
3. კორპორატიული მართვა კოოპერატივში
კანონპროექტით საკანონმდებლო დონეზე ხდება კოოპერატივში კორპორატიული მართვის მოდელის შერჩევის შესაძლებლობის დამკვიდრება, ასევე მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული საერთო კრებასთან, ხელმძღვანელ ორგანოსთან და სამეთვალყურეო საბჭოსთან დაკავშირებული რეგულაციები.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედება, მისი მოცულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე მეწარმეთა სათანადოდ მომზადებას. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას 2021 წლის 1 იანვრიდან.
გარდამავალი რეგულირების თანახმად, ახალი კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო ვალდებულია, სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს ამავე კანონის მოთხოვნებთან მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, მეწარმეს განუსაზღვროს დამატებითი ვადა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ხარვეზისთვის განსაზღვრული ვადა შეადგენს 3 თვეს, რაც აითვლება ადრესატისათვის შესაბამისი გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან, ხოლო თუ ამოწურულია გადაწყვეტილების გაცნობის ყველა შესაძლებლობა, ეს ვადა შეადგენს არაუმეტეს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 6 თვეს. აღნიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო აუქმებს იმ სამეწარმეო საზოგადოების/სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის რეგისტრაციას, რომელიც არ შეასრულებს გარდამავალი დებულებით დადგენილ მოთხოვნებს. ლიკვიდაცია ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვევა, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება. ამ შემთხვევაში ლიკვიდატორები ინიშნებიან სასამართლოს მიერ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, მოქმედებს კანონით დადგენილი წესები სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული სტანდარტული წესდებების დამტკიცებას არაუგვიანეს 2020 წლის 15 დეკემბრისა. ამავე ვადაში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული პორტალის შექმნას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
კანონპროექტის მიღება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან. დროის შუალედი კანონის მიღებიდან მის ამოქმედებამდე გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე მეწარმეთა მიერ სათანადოდ მოსამზადებლად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი სამეწარმეო საზოგადოებების მიმართ მთელ რიგ ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს, ცალკეულმა რეგულაციებმა კი შესაძლოა, გარკვეული ფინანსური გავლენა იქონიოს სამეწარმეო საზოგადოებებსა და მის პარტნიორებზე/აქციონერებზე.
კანონპროექტი გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს განთავსებულ კაპიტალთან დაკავშირებით, რომელთა მიზანს არასათანადო მმართველობის განხორციელებით, ან საზოგადოების პარტნიორთა/აქციონერთა ქცევით გამოწვეული გადახდისუუნარობის მოსალოდნელი რისკის თავიდან აცილება/შემცირება წარმოადგენს. განთავსებულ კაპიტალთან მიმართებით პროექტით გათვალისწინებული რეგულაციების მთავარი ფუნქცია კრედიტორებისა და მინორიტარი აქციონერების უფლებების დაცვაა.
განთავსებულ კაპიტალთან დაკავშირებით კანონპროექტით გათვალისწინებულია:
განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობის რეგულირება;
დივიდენდების გაცემის შეზღუდვა, როდესაც წმინდა აქტივების ოდენობა ნაკლებია განთავსებული კაპიტალის ღირებულებაზე.
სააქციო საზოგადოებების მიმართ კანონპროექტით დგინდება განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა. შედეგად, არსებულ სააქციო საზოგადოებებს, რომელთაც სურთ, რომ ფუნქციონირება გააგრძელონ ამავე სამართლებრივი ფორმით, მოუწევთ, კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად თავიანთი განთავსებული კაპიტალი პროექტით განსაზღვრულ მინიმალურ ნიშნულამდე შეავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააქციო საზოგადოებებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიმართონ რეორგანიზაციის გზას, რაც ასევე გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
ამასთან, როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევებში, როდესაც წმინდა აქტივები ნაკლებია განთავსებული კაპიტალის ღირებულებაზე, შეიზღუდება დივიდენდის გაცემა, რაც გაზრდის კრედიტორების დაცვის გარანტიებს, თუმცა, გარკვეულ ფინანსურ გავლენას იქონიებს უშუალოდ პარტნიორებზე/აქციონერებზე, ვინაიდან ისინი აღნიშნულ პირობებში ვერ შეძლებენ დივიდენდის მიღებას.
აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით სამეწარმეო საზოგადოებებს წარმოეშობათ გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება, რისთვისაც მათ შესაბამისი ინფორმაცია უნდა დაარეგისტრირონ/განაახლონ საჯარო რეესტრში, რაც ასევე გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება. გარდა ამისა, კანონპროექტით ცალკეულ შემთხვევებში სავალდებულოა ექსპერტის დასკვნის არსებობა, რამაც ასევე შეიძლება განსაზღვრული ფინანსური გავლენა იქონიოს სამეწარმეო საზოგადოებებზე (მაგალითად, სააქციო საზოგადოების რეგისტრაციამდე ნებისმიერ არაფულად შენატანთან დაკავშირებით უნდა შედგეს ანგარიში სასამართლოს მიერ დანიშნული ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს რეესტრში).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების 319-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც საქართველო ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება შეთანხმების XXVIII დანართში (კორპორაციული სამართალი) მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების XXVIII დანართის (კორპორაციული სამართალი) ნაწილში მითითებულ შემდეგ დირექტივებთან:
2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივა იმ გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც, წევრებისა და მესამე მხარეების ინტერესების დასაცავად, ითხოვენ კომპანიებისგან წევრი სახელმწიფოები ხელშეკრულების 48-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, რათა ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი;
2012 წლის 25 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012/30/EU დირექტივა „გარანტიების კოორდინაციის შესახებ, რომლებიც წევრებისა და სხვების ინტერესების დასაცავად მოეთხოვება კომპანიებს წევრი სახელმწიფოებისგან, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 54-ე მუხლის მეორე პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიის ფორმირებასა და მისი კაპიტალის ცვლილებასთან მიმართებით, აღნიშნული გარანტიების ეკვივავალენტურად გახდის მიზნით“ შეცვლილი რედაქციით[2];
2011 წლის 5 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011/35/EU დირექტივა „საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების შერწყმის შესახებ“[3];
1982 წლის 17 დეკემბრის საბჭოს მეექვსე, 82/891/EEC დირექტივა, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების გაყოფის შესახებ, და რომელიც შესწორდა 2007/63/EC და 2009/109/EC დირექტივებით;
1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს მეთერთმეტე, 89/666/EEC დირექტივა, რომელიც ეხება მეორე სახელმწიფოს სამართლით დარეგულირებული გარკვეული კატეგორიების კომპანიების მიერ წევრ სახელმწიფოებში ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით კომპანიის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროების მოთხოვნებს;
2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/102/EC დირექტივა, კორპორაციული სამართლის სფეროში ერთ-წევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების შესახებ;
2007 წლის 11 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/36/EC დირექტივა, საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ნებადართული აქციების ემიტენტ (ჩამოთვლილ) კომპანიებში აქციონერთა გარკვეული უფლებების განხორციელების თაობაზე.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, დონორი ორგანიზაციების - PROLoG-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით. კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების, სასამართლო ხელისუფლების, ბიზნესომბუდსმენის, ეკონომიკური საბჭოსა და ინვესტორთა საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა, ასევე შესაბამისი დარგის უცხოელმა ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტთან დაკავშირებით განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), რომლის ანგარიშში მითითებულია, რომ არსებული კანონპროექტი სხვა განხილულ ვარიანტებთან შედარებით განსახორციელებლად სამეწარმეო საზოგადოებებისთვის ყველაზე უფრო ხარჯიანი იქნება, თუმცა, აქვე არაერთგზის ხაზგასმულია კანონპროექტის უპირატესობა სამეწარმეო სამართლის სფეროში მოქმედი წესებისა და შესაბამისი პრაქტიკის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში თან ერთვის კანონპროექტს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
[1] იხ. „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის მიმართ განხორციელელებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ფარგლებში განხორციელებული სასამართლო პრაქტიკის კვლევა.
[2] ასოცირების შესახებ შეთანხმების XXVIII დანართით გვევალება 1976 წლის 13 დეკემბრის საბჭოს მეორე, 77/91/EEC დირექტივის შესრულება, იმ გარანტიების კოორდინაციის თაობაზე, რომლებსაც, წევრებისა და სხვა მხარეთა ინტერესების დასაცავად, ითხოვენ კომპანიებისგან წევრი სახელმწიფოები ხელშეკრულების 58-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, რომელიც დაკავშირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების ჩამოყალიბებასთან და მათი კაპიტალის შენარჩუნებასა და შეცვლასთან, რათა ამგვარი გარანტიები გახადონ თანაბარი, და რომელიც შესწორდა 92/101/EEC, 2006/68/EC და 2009/109/EC დირექტივებით, თუმცა შესაბამისობის ცხრილის შედგენისას გამოყენებულია 2012/30/EU დირექტივა (კონსოლიდირებული ვერსია 02/07/2014-ის მდგომარეობით), რომელიც აუქმებს მას.
[3] ასოცირების შესახებ შეთანხმების XXVIII დანართით გვევალება 1978 წლის 9 ოქტომბრის საბჭოს მესამე, 78/855/EEC დირექტივის შესრულება, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულების 54-ე მუხლის 3(g) ქვეპუნქტს შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების შერწყმის შესახებ, და რომელიც შესწორდა 2007/63/EC და 2009/109/EC დირექტივებით, თუმცა შესაბამისობის ცხრილის შედგენისას გამოყენებულია 2011/35/EU დირექტივა (კონსოლიდირებული ვერსია 02/07/2014-ის მდგომარეობით), რომელიც აუქმებს მას.
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახ