ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამოსაცდელი – ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით ტესტირებაზე დარეგისტრირებული პირი;

ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

გ) გათანაბრებული ქულა – თითოეული საგნის ტესტში გამოსაცდელის მიერ მიღებულ ქულასა და ამ ქულის ყველა დანარჩენ ტესტის ვარიანტთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი;

დ) გაიგივებული ქულა – თითოეული საგნის ტესტში გამოსაცდელის მიერ მიღებული ქულის პროცენტული რანგის შესაბამისი ქულა იმავე საგნის ტესტის სხვა ვარიანტში;

ე) პროცენტული რანგი – არითმეტიკული საშუალო, რომელიც გამოიანგარიშება თითოეული საგნის ტესტის შესაბამის ვარიანტში გამოსაცდელის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ქულის მქონე გამოსაცდელის პროცენტულ რაოდენობასა და ამავე ვარიანტში გამოსაცდელის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ან ტოლი ქულის მქონე გამოსაცდელთა პროცენტულ რაოდენობას შორის;

ვ) ნაშრომი – ტესტირების პრაქტიკული ან/და წერითი ნაწილის ტესტურ დავალებებზე გამოსაცდელის მიერ გაცემული პასუხები;

ზ) საგამოცდო ბარათი – ამონაბეჭდი ტესტირებაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის – online.naec.ge (შემდგომში – რეგისტრაციის ვებგვერდი) სპეციალური პროგრამიდან, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება ტესტირებაზე;

თ) საგამოცდო ცენტრი – ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

ი) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც გამოსაცდელები განთავსდებიან ტესტირების მიმდინარეობისას;

კ) საგნობრივი კომისია – ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

ლ) საპრეტენზიო კომისია – ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

მ) საცდელი ტესტირება – ტესტირება, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ტესტური დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს ტესტური დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ., სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი);

ნ) ტესტი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმისა (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) და ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე;

ო) ტესტის ვარიანტი – თითოეული საგნისთვის ტესტის ვარიანტების საკმარისი რაოდენობა, განსაზღვრული ტესტირებაზე დარეგისტრირებული გამოსაცდელების რაოდენობის მიხედვით;

პ) ტესტირება – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით ცენტრის მიერ ორგანიზებული პროცესი, რომელიც მოიცავს წერით ან/და პრაქტიკულ ნაწილს;

ჟ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

რ) ტესტირების წერითი ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც გამოსაცდელი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს წერილობითი ფორმით, პასუხების ფურცლის გამოყენებით;

ს) ტექნიკური კონტროლი – ტესტირების ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით;

ტ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტესტის მიხედვით, ცენტრის მიერ გამოსაცდელისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

უ) შეფასების სქემა – ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება გამოსაცდელების ნაშრომების გასწორება;

ფ) სპეციალური მასწავლებლის გამოცდა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს ცენტრი, ამ წესის შესაბამისა