1. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა (შემდგომში – გეგმა) განსაზღვრავს:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბებული საავარიო-ოპერატიული ცენტრის ფუნქციებსა და უფლებამოსილებს;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული ქვედანაყოფების ამოცანებსა და კოორდინაციის სქემებს;
გ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას:
გ.ა) შეტყობინებისა და კავშირის სქემას;
გ.ბ) შექმნილი სიტუაციების რეგულირებისთვის საჭირო ძალებისა და საშუალებების რაოდენობას;
გ.გ) მუქარის მიღებისა და შეფასების პროცედურებს.
2. შეტყობინების და კავშირის სქემა და ძალების და საშუალებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია საბოლოოდ მიეწოდება აეროდრომის/ვერტოდრომის სამსახურებსა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობამდე.
3. აეროდრომის/ვერტოდრომის საავარიო-ოპერატიული ცენტრი აღიჭურვება:
ა) საჭირო რაოდენობის სამუშაო მაგიდებითა და სკამებით;
ბ) საკანცელარიო ნივთებით;
გ) კომპიუტერული ტექნიკით (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი და ა.შ.);
დ) კავშირგაბმულობის საშუალებებით (სტაციონარული ტელეფონები, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი, სატელევიზიო, რადიო და სატელიტური კავშირის საშუალებები და ა.შ.);
ე) აეროდრომის/ვერტოდრომის რუკებითა და სქემებით;
ვ) აეროდრომის/ვერტოდრომის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით;
ზ) საერთაშორისო და ეროვნული ნორმატიული ბაზის ბიბლიოთეკით;
თ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული პირებისა და სხვა აუცილებელი საკონტაქტო მონაცემებით;
ი) სათადარიგო ელექტროკვების წყაროთი;
კ) სამზარეულოთი და სველი წერტილებით.
4. აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას დაზარალებული მგზავრების ოჯახის წევრებისა და მასმედიის წარმომადგენლების განსათავსებელი სივრცეები.
5. აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სპეციალური იზოლირებული სადგომი, სადაც გადაიყვანება საჰაერო ხომალდები, რომლებზეც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ან/და არსებობს ინფორმაცია ან ვარაუდი საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
6. ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით, საეჭვო საგნების შემოწმებისათვის აეროდრომს/ვერტოდრომს უნდა გააჩნდეს სპეციალური ზონა, აღჭურვილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ლოკალიზატორებით.
7. მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის პერსონალი, ავიასაწარმოების თანამშრომლები და აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე საქმიანობის მწარმოებელი სხვა პირები ვალდებულნი არიან დახმარება გაუწიონ ოპერატიულ ცენტრს სიტუაციის რეგულირებისათვის გატარებულ ღონისძიებებში, აეროდრომის/ვერტოდრომის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული სქემის თანახმად.
8. მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ვითარების დარეგულირებისთვის, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს უფლება აქვს აეროდრომზე/ვერტოდრომზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიღოს უშიშროების დამატებითი ზომები, როგორიცაა: ფიზიკურ პირთა მოქმედების შეზღუდვა, საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების აკრძალვა ან შეზღუდვა, სამგზავრო ტერმინალისა და აეროდრომის/ვერტოდრომის სხვა ობიექტების შენობებიდან მგზავრების, პერსონალის და სხვა პირების გაყვანა.