1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსით, რომლებიც ითვალისწინებს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურის შექმნას, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ინფრასტრუქტურის მოწყობას, აეროდრომების/ვერტოდრომების, საჰაერო ხომალდებისა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, მგზავრების, ხელბარგის, საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის, ტვირთის, ფოსტის, საბორტო მარაგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, აეროპორტის მარაგის შემოწმების უზრუნველყოფას, მართლსაწინააღმდეგო ქმედების მცდელობის გამოვლენას და აღკვეთას.

2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება აეროდრომებისა/ვერტოდრომების და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული პირების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამსახურებისა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილი ორგანოების/სამსახურების მიერ.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების სამსახურები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა აღიჭურვონ ავტოტრანსპორტითა და სხვა მატერიალური  და  ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც საჭიროა შემოწმების, დაშვების კონტროლისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.

4. საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა უნდა გაიარონ სამსახურებრივი მოვალეობის შესაბამისი მომზადება და მიიღონ მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

5. აეროდრომს/ვერტოდრომს უნდა ჰქონდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის გასატარებელი ღონისძიებები, ბაზირების აეროდრომის ექსპლუატაციის პირობების თავისებურებების, საჰაერო ხომალდების ფრენების გეოგრაფიის, ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდების ტიპების, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

6. აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობისა და/ან რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან, უნდა ითვალისწინებდეს:

ა) სამგზავრო ტერმინალში მინიმუმამდე დაყვანილ ისეთ სივრცეებს, რომელიც ხელს შეუწყობს მათლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეუმჩნევლად განთავსებას;

ბ) ისეთი სამშენებლო მასალის შერჩევას, რომელიც აფეთქების ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს მინიმალურ მსხვერპლსა და ეკონომიკურ ზარალს (მაგ.: ლამინირებული/უნამსხვრევო მინა, შენობის გასამყარებელი საშუალებები და ა.შ.);

გ) გამფრენი და მომფრენი მგზავრების ერთმანეთთან შერევის გამორიცხვის მიზნით, გაფრენისა და მოფრენის დარბაზებისთვის ცალკე სივრცეების გამოყოფას;

დ) არაკონტროლირებადი და კონტროლირებადი ზონების  ერთმანეთისგან გამოყოფას კედლით, საკონტროლო-გამშვები პუნქტით ან მგზავრთა შემოწმების პუნქტით;

ე) საკმარის სივრცეს საკონტროლო-გამტარი პუნქტებისა და მგზავრთა შემოწმების პუნქტების განსათავსებლად;

ვ) საკმარის სივრცეს საავიაციო უშიშროების სამსახურის, სასაზღვრო-საიმიგრაციო, საბაჟო და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურების პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი  ოთახების განსათავსებლად;

ზ) მკაფიოდ განსაზღვრულ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებს, უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობებით აღჭურვილ შემოწმების პუნქტებს მგზავრების, ხელბარგის და ბარგის შემოწმებისათვის;

თ) საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმებისა და დახარისხების ზონას;

ი) ოთახს მგზავრების მიერ დროებით შესანახად გადაცემული იარაღის, ტყვია-წამლის შესამოწმებლად და გადასაზიდად გასაფორმებლად;

კ) სათავსს საჰაერო დაცვის ოფიცრის სამსახურებრივი  იარაღის შესანახად;

ლ) სივრცეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართული უწყებების თანამშომლებისათვის;

მ) საკმარისი რაოდენობის მოსასვენებელი ადგილების მქონე დასასვენებელ სივრცეს საავიაციო უშიშროების სამსახურის  მორიგე ცვლისთვის, ადეკვატური ვენტილაციითა და სანიტარიული პირობებით;

ნ) საკმარის სივრცეს მგზავრთა საავიაციო უშიშროების შემოწების პუნქტებსა და სასაზღვრო-საიმიგრაციო შემოწმების პუნქტებს შორის, ეფექტური და შეუფერხებელი შემოწმების უზრუნველსაყოფად;

ო) საგუშაგოებს;

პ) საკონტროლო-გამტარ პუნქტებს (შემდგომში – სგპ);

ჟ) აეროდრომის/ვერტოდრომის პერიმეტრის შემოღობვას;

რ) რისკის შეფასების საფუძველზე გამოყოფილ არაკონტროლირებად ზონას;

ს) სივრცეს ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის ოპერირებისთვის;

ტ) ზონას  სპეციალური იზოლირებული სადგომისათვის  და ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოვლენის და გაუვნებელყოფის მიზნით  გამოყოფილ, ლოკალიზატორებით აღჭურვილ  სპეციალური ზონას.

7. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური.

8. აეროპორტის/ვერტოდრომის არაკონტროლირებად ზონაში, საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა შესრულებას უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური და  სამართალდამცავი ორგანოები  ურთიერთკოორდინაციით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის № 241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად