1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა ხორციელდება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისა და ფრენების მომსახურე საქართველოს აეროპორტებში.
2. აეროპორტის ადმინისტრაცია საავიაციო უშიშროებას უზრუნველყოფს ღონისძიებათა კომპლექსით, რომელიც ითვალისწინებს აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის შექმნას, აეროპორტების, საჰაერო ხომალდებისა და აეროპორტის ტერიტორიაზე განლაგებული სამოქალაქო ავიაციის ობიექტების დაცვას, ეკიპაჟის წევრების, პერსონალის, მგზავრების, ხელბარგის, ბარგის, ფოსტის, ტვირთისა და საბორტო მარაგის შემოწმებას კომპეტენციის ფარგლებში, საჰაერო ხომალდების ხელში ჩაგდების მცდელობის და მათი გატაცების თავიდან აცილებას.
3. აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური უზრუნველყოფს აეროპორტის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნით საავიაციო უშიშროების ნორმების, წესების და პროცედურების შესრულებას.
4. აეროპორტის ადმინისტრაცია საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით ვალდებულია:
ა) სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად შექმნას საავიაციო უშიშროების აეროპორტის კომიტეტი;
ბ) აეროპორტის ახალი სამსახურების და ტექნიკური საშუალებების პროექტირების/შექმნის ან/და სამსახურების რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის, ტექნი-კური საშუალებების გადაიარაღებისას გაითვალისწინოს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს და დაამტკიცოს აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა.
5. აეროპორტის უშიშროების პროგრამა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც თანხმდება ადმინისტრაციასთან და მტკიცდება აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ.
6. აეროპორტის უშიშროების პროგრამა ექვემდებარება გადასინჯვას და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებას არანაკლებ 12 თვეში ერთხელ.
7. აეროპორტის უშიშროების პროგრამა დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებებსა და მათ განხორციელებაში მონაწილეთა ვალდებულებებს. პროგრამის საკითხების ჩამონათვალს განსაზღვრავს ადმინისტრაცია.
8. აეროპორტის უშიშროების პროგრამა უნდა შეიცავდეს დებულებას ამ პროგრამის მოთხოვნების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის დაუყოვნებლივი ინფორმირების ვალდებულების შესახებ.
9. აეროპორტის უშიშროების პროგრამის მოთხოვნათა შესრულების კოორდინაციას და კონტროლს ახორციელებს აეროპორტის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომელი (სამსახურის უფროსი/აეროპორტის ხელმძღვანელის მოადგილე (შემდეგში – თანამშრომელი)), რომელიც დაიშვება აეროპორტის მთელ ტერიტორიაზე, ასევე აეროპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ყველა შენობა-ნაგებობასა და სამსახურში.
10. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამშრომლის უფლება-მოვალეობებს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს აეროპორტის ადმინისტრაცია