1. მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა (შემდეგში – სახელმწიფო პროგრამა) არის მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია საქართველოს აეროპორტებში, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის გამომყენებელი/მომსახურე ავიაგადამზიდველების/ავიასაწარმოების ფრენების უსაფრთხოების, რეგულარობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციაში არსებული საერთაშორისო სტანდარტების, პრაქტიკისა და პროცედურების გამოყენებით.
2. სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიზანია მოსახლეობის, მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, სახმელეთო პერსონალის, საჰაერო ხომალდების, აეროპორტების, საჰაერო მოძრაობის სამსახურებისა და ტექნიკური საშუალებების დაცვა მართლსა-წინააღმდეგო ქმედობისაგან ხმელეთზე და ფრენის დროს.
3. სახელმწიფო პროგრამა შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს (1944 წ.) კონვენციის (შემდეგში – ჩიკაგოს კონვენცია) მე-17 დანართის – „საავიაციო უშიშროება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედობებისგან“ (შემდეგში – ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართი) მოთხოვნათა შესაბამისად და არის აღნიშნული დანართით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის მოთხოვნათა განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.
4. სახელმწიფო პროგრამა განსაზღვრავს:
ა) სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებსა და ამოცანებს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებისა და განვითარების კუთხით;
ბ) სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილეთა უფლებამოსილებებსა და დასახული ამოცანების შესრულების მეთოდებს;
გ) სამოქალაქო ავიაციის დარგში ფუნქციონირებად ავიასაწარმოთა ვალდებულებას ჰქონდეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან შეთანხმებული საკუთარი საავიაციო უშიშროების უზრუნ-ველყოფის პროგრამები.
5. საავიაციო უშიშროების სისტემებისა და ტექნიკური მოწყობილობების, აგრეთვე აეროპორტებისა და საჰაერო მოძრაობის სამსახურების დაპროექტებისა და აღჭურვის ან/და რეკონსტრუქციის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი მოთხოვნები.
6. სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში, სავალდებულოა იმ სამინისტროებისა და უწყებებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასთან.
7. მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის საკითხები რეგულირდება სახელმწიფო პროგრამის XII თავით.
თავი II
ტერმინთა განმარტებებ