1. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტები, რომლებიც ასრულებენ ავიარეისებს საქართველოს აეროპორტებიდან, ან უცხო ქვეყნის ექსპლუატანტები, რომლებიც ასრულებენ რეგულარულ ავიარეისებს საქართველოდან/საქართველოში, ვალდებული არიან შეიმუშაონ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა (შემდეგში – ავიაგადამზიდველის უშიშროების პროგრამა), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართისა და ამ სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის ექსპლუატანტი საქართველოს საჰაერო სივრცეში არ დაიშვება, თუ მისი უშიშროების პროგრამა არ იქნება შეთანხმებული ადმინისტრაციასთან.
3. ავიაგადამზიდველის უშიშროების პროგრამა დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კონკრეტულ ღონისძიებებსა და მათ განხორციელებაში მონაწილეთა ვალდებულებებს.
4. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის ძირითადი საკითხების ჩამონათვალს განსაზღვრავს ადმინისტრაცია.
5. საჰაერო ხომალდები მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საავიაციო უშიშროების სამსახურის დაცვის ქვეშ.
6. ავიაგადამზიდველი საავიაციო უშიშროების ნორმების, წესების და პროცედურების მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს საკუთარი ძალებით ან ხელშეკრულების საფუძველზე, აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მეშვეობით.
7. საჰაერო ხომალდის გასაფრენად მომზადებისას საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ ხორციელდება საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმება იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების, მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განსახორციელებლად გამოსაყენებელი სხვა ნივთების და საეჭვო პირების გამოვლენის მიზნით.
8. მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში საჰაერო ხომალდი ექვემდებარება დამატებით შემოწმებას სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ სადგომზე. თუ შემოწმება უშედეგოა, საფრთხის არსებობის შემთხვევაში საჰაერო ხომალდი უნდა დარჩეს აღნიშნულ სადგომზე იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა დანიშნულების პუნქტამდე დაგეგმილი რეისის შესასრულებლად.
9. საჰაერო ხომალდის იზოლირებული სადგომი ასევე გამოიყენება მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ჩადენის დროს, სადაც საჰაერო ხომალდი შეიძლება იმყოფებოდეს საჭირო დროის განმავლობაში, ასევე მგზავრების ჩასხდომისა და/ან გადმოსხდომის მიზნით.
10.     იზოლირებული სადგომი უნდა მდებარეობდეს სხვა საჰაერო ხომალდების სადგომებიდან, შენობებიდან, არაკონტროლირებადი ზონებიდან და აეროპორტის საზღვრებიდან მაქსიმალურად დაშორებულ ადგილზე, გამორიცხული უნდა იყოს სადგომზე უცხო პირთა დაშვება და იქ მყოფ საჰაერო ხომალდზე თავდასხმა. იზოლირებული სადგომისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს აეროპორტში ქარის მოძრაობის უპირატესი მიმართულება და საჰაერო ხომალდების დაფრენის და აფრენის მარშრუტები, რათა მინიმუმამდე შემცირდეს აეროპორტის მუშაობის რეჟიმის დარღვევა და გარემოზე ზემოქმედება საჰაერო ხომალდის აალების ან მისი ბორტიდან საშიში ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში.
11. ავიაგადამზიდველი შეიმუშავებს და ადმინისტრაციასთან შეთანხმების შემდეგ ახორციელებს საავიაციო უშიშროების სამსახურის პერსონალის მომზადების პროგრამას, რომელიც ექვემდებარება გადასინჯვას და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებას სულ მცირე 12 თვეში ერთხელ. პროგრამის ძირითად საკითხთა ჩამონათვალს განსაზღვრავს ადმინისტრაცია.
12. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც საქართველოდან/საქართველოში ასრულებს არარეგულარულ ავიარეისს, ვალდებუ-ლია დაიცვას აეროპორტის საავიაციო უშიშროების პროგრამის მოთხოვნები. ასეთ ექსპლუატანტს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკუთარი პროგრამის შეთანხმება ადმინისტრაციასთან არ მოეთხოვება