სახელმწიფო პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ამოუცნობი ბარგი – ბარგი, რომელიც გადმოტვირთულ იქნა აეროპორტში საბარგო საჭდით ან მის გარეშე და არ იქნა მიღებული ან ამოცნობილი მგზავრის მიერ;
ბ) არათანმხლები ბარგი – ბარგი, რომელიც გადაიზიდება როგორც ტვირთი სხვა ან იმავე რეისზე, რომელზეც იმყოფება მისი მფლობელი პირი;
გ) მართლსაწინააღმდეგო ქმედობა – საქართველოს საჰაერო კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული, ან/და ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მოქმედობა ან მოქმედობის ჩადენის მცდელობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციას:
გ.ა) საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება ჰაერში;
გ.ბ) საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება ხმელეთზე;
გ.გ) მძევლების აყვანა საჰაერო ხომალდზე ან აეროპორტში;
გ.დ) ძალისმიერი შეღწევა საჰაერო ხომალდის ბორტზე, აეროპორტში ან აერონავიგაციური საშუალებების ან სამსახურის ტერიტორიაზე;
გ.ე) საჰაერო ხომალდის ბორტზე ან აეროპორტში იარაღის, სახიფათო ნივთიერებების ან/და მოწყობილობის განთავსება დანაშაულის ჩადენის მიზნით;
გ.ვ) ცრუ ინფორმაციის შეტყობინება, რომელიც საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს ჰაერში ან ხმელეთზე, მგზავრებს, ეკიპაჟის წევრებს, აეროპორტში ან სამოქალაქო ავიაციის სხვა სამსახურებში მყოფ პერსონალს და საზოგადოებას;
დ) არაკონტროლირებადი ზონა – აეროპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სხვა ობიექტის ზონა, სადაც მგზავრები, აგრეთვე სხვა პირები დაიშვებიან შეუზღუდავად;
ე) თანმხლები ბარგი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (ავიაგადამზიდველის) თანხმობით საჰაერო ხომალდის ბორტზე დაშვებული მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ნივთები;
ვ) ბარგის დახარისხების ადგილი – ადგილი, სადაც ხორციელდება გადასაზიდი ბარგის დანაწილება რეისების მიხედვით;
ზ) ბარგის შესანახი ადგილი – ადგილი, სადაც ინახება რეგისტრირებული, სატვირთო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგი საჰაერო ხომალდში ჩასატვირთად გაგზავნამდე, აგრეთვე ადგილი, სადაც ინახება შეცდომით ჩამოტვირთული ბარგი მისი დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე, მოთხოვნამდე ან ამოღებამდე;
თ) ბორტკვება და თანამდევი საშუალებები – კვების პროდუქტები, სასმელები, მშრალი პროდუქტების მარაგი და კვებასთან დაკავშირებული მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ხომალდის ბორტზე;
ი) გალერეა – დერეფანი მიწის ზედაპირზე, მის ქვემოთ ან ზემოთ, რომელიც აკავშირებს საჰაერო ხომალდების სადგომს და აეროპორტის შენობას;
კ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი, რომლის ფუნქციონირების დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას;
ლ) გაფრენის დარბაზი – სივრცე რეგისტრაციის ადგილებსა და კონტროლირებად ზონას შორის;
მ) კონტროლირებადი ზონა – აეროპორტის პერიმეტრის შიდა სამუშაო ფართობი (ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვ.), მიმდებარე ტერიტორია და შენობები, ან/და მათი ნაწილი, რომლებში დაშვებაც კონტროლდება;
ნ) კონტროლი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით – ღონისძიებები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია აღიკვეთოს იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების ან/და სხვა საშიში მოწყობილობების გატანა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განსახორციელებლად;
ო) აეროპორტის მოიჯარეები – პირები, რომლებსაც აეროპორტთან/აეროდრომთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვთ აეროპორტის/აეროდრომის ტერიტორიაზე განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;
პ) შეცდომით მოწოდებული ბარგი – მგზავრების ან ეკიპაჟისაგან გაუფრთხილებლობით დაშორებული ბარგი;
ჟ) პერონი – მგზავრების ჩასხდომის ან გადმოსხდომის, ფოსტის ან ტვირთის დატვირთვის ან გადმოტვირთვის, საწვავით უზრუნველყოფის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების მიზნებისათვის განკუთვნილი სახმელეთო აეროდრომის განსაზღვრული ფართობი;
რ) რეგისტრაციის ადგილი – მგზავრის, ტვირთისა და ბარგის რეგისტრაციისათვის საჭირო საშუალებებისა და მოწყობილობების განთავსების ადგილი;
ს) საბორტო მარაგი – მგზავრების მომსახურებისათვის ფრენისას მგზავრების მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საგანი, გარდა ბორტკვებისა და თანამდევი საშუალებებისა – ჟურნალ-გაზეთები, ყურსასმენი, აუდიო და ვიდეო ფირები, ბალიშები და საფარებლები, პირველადი მოხმარების საგზაო ნივთები და სხვა;
ტ) საერთაშორისო სტანდარტი – ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, კონფიგურაციის, პერსონალის ან წესების მიმართ წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების და რეგულარულობის უზრუნველსაყოფად;
უ) საერთაშორისო რეკომენდებული პრაქტიკა – ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, კონფიგურაციის, პერსონალის ან წესების მიმართ წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც რეკომენდებულია ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების და რეგულარულობის უზრუნველსაყოფად;
ფ) სატვირთო ტერმინალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული საწარმო, რომელიც არსებული წესის შესაბამისად ახორციელებს ავიაგადამზიდველთა სატვირთო მოცულობების დაჯავშნას/რეალიზაციას, ტვირთის მიღებას, დამუშავებას, გაგზავნას, გაცემას, შენახვას;
ქ) საჰაერო ხომალდის სადგომი – პერონის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდის სადგომად;
ღ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური დოკუმენტის – DOC 9284 –AN /905 („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში ან კლასიფიცირდება ამ დოკუმენტის შესაბამისად;
ყ) სტერილური ზონა – აეროპორტის კონტროლირებად ზონაში არსებული შეზღუდული დაშვების დაცული ზონა, სადაც დადგენილი წესით კონტროლის გავლის შემდეგ გაფრენის მიზნით საჰაერო ხომალდში მოხვედრამდე ხორციელდება მგზავრების დროებითი განთავსება;
შ) ტვირთი – საჰაერო ზომალდის ბორტზე გადასაზიდი ნებისმიერი ქონება, გარდა ფოსტის, საბორტო მარაგის, ამოუცნობი ბარგის და თანმხლები ბარგისა;
ჩ) ტრანზიტული მგზავრი (ბარგი) – მგზავრი (ბარგი), რომელიც დაფრენის შუალედურ აეროპორტში მგზავრობას (გადაზიდვას) აგრძელებს იმავე რეისით, რომლითაც ჩამოფრინდა (გადაიზიდა);
ც) ტრანსფერული მგზავრი (ბარგი) – მგზავრი (ბარგი), რომელიც გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტში აღნიშნულ დაფრენის შუალედურ აეროპორტში მგზავ-რობის გასაგრძელებლად უნდა გადაჯდეს (გადაიტვირთოს) ერთი რეისიდან მეორეზე;
ძ) უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობა – სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებლად ან სისტემის შემადგენლობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით;
წ) ფოსტა – საფოსტო გზავნილების და ამანათების ერთობლიობა, რომელთა გაგზავნას უზრუნველყოფს საფოსტო ორგანიზაცია ან ეგზავნება მას;
ჭ) შეზღუდული დაშვების დაცული ზონა – აეროპორტის ზონა, რომელიც კონტროლდება სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით (ზონა, რომელიც განკუთვნილია გასაფრენი მგზავრებისათვის შემოწმების პუნქტიდან საჰაერო ხომალდამდე, აგრეთვე ბაქანი, ბარგის დახარისხების ზონები, სატვირთო ტერმინალები და საწყობები, ფოსტის დახარისხების ცენტრები და კონტროლირებად ზონაში განლაგებული მომსახურებისა და საბორტო კვების უზრუნველმყოფი სამსახურების კუთვნილი შენობები და სხვ.);
ხ) შემოწმება – ტექნიკური და სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელებული მოქმედება, პირის იდენტიფიკაციის, იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებების ან/და სხვა საშიში მოწყობილობების აღმოსაჩენად;
ჯ) საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამტარი პუნქტი – აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის, შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში სპეციალურად აღჭურვილი შესასვლელი, რომლის მეშვეობითაც წარმოებს ფიზიკური პირების და/ან სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით (აღნიშნული ტერმინი არ მოიცავს სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს).
თავი III
სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამინისტროთა (უწყებათა, საწარმოთა) უფლებამოსილება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებშ