1. საერთაშორისო აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, რისკის ადგილობრივი შეფასების საფუძველზე, განსაზღვროს აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონა.
2. არაკონტროლირებადი ზონები დეტალურად აღიწერება აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში. ის უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, ისეთ ზონებს, როგორიცაა:
ა) სამგზავრო ტერმინალების ის ზონები, რომლებიც არ განეკუთვნება კონტროლირებადი და შეზღუდული დავების დაცულ ზონეს;
ბ) აეროპორტის ავტოსადგომები;
გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტები;
დ) სამგზავრო ტერმინალის მიმდებარედ არსებული მუნიციპალური გზები;
ე) სხვა ობიექტები, რომელთა ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ავიაციისთვის.
3. საავიაციო უშიშროების ზომებს ახორციელებს აეროდრომის საავიაციო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები ურთიერთქმედებითა და ურთიერთკოორდინაციით.
4. აეროპორტის არაკონტროლირებადი ზონების უშიშროების ზომების განსაზღვრა უნდა მოხდეს ამ ზონებში არსებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდეგი სააფრთხეების გათვალისწინებით:
ა) ფიზიკური პირის მიერ (სხეულზე დამაგრებული ან ბარგის სახით) ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების მიზნით;
ბ) აეროპორტის შენობაში ან სხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება (შენიღბული ან წარმოდგენილი მიტოვებული ბარგის სახით);
გ) შეიარაღებული თავდასხმა აეროპორტის ხალხმრავალ ზონებზე;
დ) სატრანსპორტო საშუალებაში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება აეროპორტის სამგზავრო ტემინალის ან სხვა ობიექტის განადგურება/დაზიანების მიზნით;
ვ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიული ნივთიერებების გამოყენება.
5. სამგზავრო ტერმინალები დაცული უნდა იყოს ავოსატრანსპორტო საშუალების განზრახ შეჯახებისგან, ისეთი საშუალებებით როგორიცაა ფიზიკური ბარიერები, მასიური კონსტრუქციები, მყარი მასალისგან დამზადებული ბოძები.
6. სამგზავრო ტერმინალთან მისასვლელი გზები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ გამოირიცხოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ტერმინალთან მაღალი სიჩქარით მიახლოვება ან გამოყენებულ იქნას ისეთი საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შენელებას.
7. სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის/რეკონტრუქციის პროექტები უნდა ითვალისწინებდეს მყარი სამშენებლო მასალის გამოყენებას, რომელიც აფეთქების ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს მინიმალურ მსხვერპლსა და ეკონომიკურ ზარალს, მაგალითად: ლამინირებული/უნამსხვრევო მინა, შენობის გასამყარებელი საშუალებები, ცეცხლმედეგი მასალა, და სხვა.
8. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტები და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამანევრო არე განთავსებული უნდა იყოს სამგზავრო ტერმინალიდან მოშორებით. სამგზავრო ტერმინალების უშუალო სიახლოვეს არსებულ გზებზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაღალი გამტარიანობა და გადაადგილების მკაცრი კონტროლი.
9. თუ, აეროპორტის კონფიგურაციიდან გამომდინარე, ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პუნქტების სამგზავრო ტერმინალიდან მოშორებით განთავსება, უნდა განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, საეჭვო ნივთების აღმოჩენის მიზნით. შემოწმება უნდა განხორციელდეს მგზავრების ჩამოსხდომის შემდეგ.
10. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სადგომ(ებ)ი უნდა განთავსდეს აეროპორტის ტერმინალის მაქსიმალური დაშორებით. მინიმალურ მანძილად განსაზღვრულია 30 მეტრი.
11. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს შემუშავებული უნდა ჰქონდეს სამგზავრო ტერმინალის არაკონტროლირებად და კონტროლირებად ზონებში სავაჭრო, საკვები და სხვა ობიექტებისთვის მომარაგების სქემა, სამგზავრო ტერმინალებთან უცნობი სატვირთო ავტსატრანსპორტო საშუალებების წვდომისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანიის მიზნით. სქემა უნდა ითვალისწინებდეს წინასწარ ინფორმაციას მიმწოდებლის სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის, საქონლის ნუსხისა და მიწოდების დროის შესახებ, ასევე სხვა საჭირო ინფორმაციას.
12. სამგზავრო ტერმინალის შესასვლელებში დამატებითი შემოწმების პუნქტების განთავსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მაღალი გამტარიანობა.
13. აეროპორტის ტერმინალის როგორც კონტროლირებადი, ასევე არაკონტროლირებადი ზონები უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოების და საავიაციო უშიშროების სამსახურის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც დაკვირვების ფარული, ისე ღია მეთოდების გამოყენებით ამ ორგანოებისათვის მინიჭებული კომპეტენციით განსაზღვრული მიზნებისათვის. საეჭვო ქმედების, პირების, საგნებისა და მიტოვებული ბარგის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან ოპერატიულად მიაწოდონ ინფორმაცია არაკონტროლირებად ზონებში კონტროლის განმხორციელებელ საავიაციო უშიშროების სამსახურსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, შესაბამისი რეაგირების მიზნით.
14. სამგზავრო ტერმინალში არაპროგნოზირებადი სიხშირით უნდა ხორციელდებოდეს პატრულირება. პატრულირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ სივრცეებს, რომელიც არ ხვდება ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის არეალში (მაგ: საპირფარეშოები) და სივრცეებს, სადაც შეუმჩნევლად შეიძლება მოხდეს ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსება. პატრულირება უნდა ხორციელდებოდეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ ურთიერთკოორდინაციით. აეროდრომის ექსპლუატანტს პატრულირებისთვის შემუშავებული უნდა ჰქონდეს შესამოწმებელი სივრცეების საკონტროლი ბარათი.
15. აეროპორტში საეჭვო პირების სწრაფი გამოვლენის მიზნით, მიზანშეწონილია საეჭვო ქცევის გამოვლენის პროგრამის დანერგვა.
16. სამგზავრო ტერმინალებში მგზავრებისა და მოქალაქეების მომსახურება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ტერმინალების სხვადასხვა ზონაში, ხალხმრავლობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. სასაზღვრო და საავიაციო უშიშროების შემოწმების პუნქტებთან ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, უნდა ხორციელდებოდეს მგზავრთნაკადის კონტროლი.
17. თუ სამგზავრო ტერმინალის შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები, რომელიც გადაჰყურებს ხალხმრავალ ზონებს, როგორიცაა რეგისტრაციის და სხვა ზონები, უნდა გამოირიცხოს ამ სივრცეებიდან ფიზიკური წვდომის საშუალება.
18. აეროპორტის არაკონტროლირებად ზონებში არსებული სამგზავრო ბილეთების გასაყიდი სააგენტოები/სალაროები, მაღაზიები, ჯიხურები, და სხვა კომერციული ობიექტები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და აღჭურვილი, რომ არასამუშაო საათებში, ან ობიექტის წარმომადგენლის ადგილზე არყოფნის პერიოდში, გამოირიცხოს ობიექტში ფიზიკური წვდომა/ნებისმიერი საგნის განთავსება.
19. პატრულირებისა და ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით დაკვირვების მიზნით, აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს ღამის საათებში, სამგზავრო ტერმინალების მიმდებარე არაკონტროლირებადი ზონის, მათ შორის ავტოსადგომების ტერიტორიის განათება.
20. ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის გამოყენებისას თვალსაჩინო ადგილზე კეთდება განცხადება ასეთი სისტემის გამოყენების თაობაზე.
21. აეროპორტის ტერმინალში 30 წუთის ინტერვალით (ქართულ, ინგლისურ და შეძლებისდაგვარად, სხვა საერთაშორისო ენებზე) გადაიცემა ინფორმაცია საავიაციო უშიშროების წესების თაობაზე, რომელთა შესრულება სავალდებულოა როგორც მგზავრებისათვის, ისე სხვა პირებისათვის. ინფორმაცია, გადასატანად აკრძალულ საგნებისა და ნივთერებების ჩამონათვალის გარდა უნდა მოიცავდეს ინსტრუქტაჟს პირის მიერ საეჭვო ქმედების გამოვლენის და საეჭვო საგნის ან მიტოვებული ბარგის აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ.
22. „მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სამოქალაქო ავიაციაში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმა“ და აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს საპასუხო მოქმედებებს აეროპორტის არაკონტროლირებად ზონაში განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში.
23. უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბარგი/საგანი განიხილება როგორც საეჭვო და მის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურს.
24. უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ბარგთან/საეჭვო საგანთან მოპყრობის წესს განსაზღვრავს აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმ