1. საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი (შემდგომ – გაცნობითი კურსი) გავლილი უნდა ჰქონდეთ: ავიასაწარმოს იმ პერსონალს, რომელიც ფლობს ავიასაწარმოს და/ან სამოქალაქო აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით გაცემულ  პიროვნების მუდმივ საშვს, ასევე, სახელმწიფო პროგრამის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებულ პირებს და აეროპორტის იმ მოიჯარეებსა და მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტებს (მაგ., ბანკები, კვების ობიექტები, კომერციული ობიექტები, სატრასპორტო კომპანიები და ა.შ.), რომლებიც დასაქმებულნი არიან აეროპორტის არაკონტროლირებად ზონაში, მათ შორის, ტერმინალის შენობის გარეთ თუ მის უშუალო სიახლოვეს.

2. გაცნობითი კურსი მოიცავს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) სამოქალაქო ავიაციაში არსებულ საფრთხეებს, მომხდარი ტერორისტული აქტებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სტატისტიკას;

ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის უზრუნველმყოფ ეროვნულ მოთხოვნებს, საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდებულ პრაქტიკას;

გ) სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს ფუნქციებს და  უფლებამოსილებას;

დ)  ტერორიზმსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს;

ე) საავიაციო უშიშროების მიზნებს და ამოცანებს;

ვ) სააგენტოს, აეროპორტების და ძალოვანი სტრუქტურების უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს;

ზ) აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის მიზნებს და ამოცანებს, აეროპორტის/ავიასაწარმოს სქემას, აეროპორტის/ავიასაწარმოს არაკონტროლირებად, კონტროლირებად, შეზღუდული დაშვების დაცულ  ზონებს, დაშვების კონტროლის პროცედურებს;

თ) სასაშვო სისტემას და საშვის ტარების ინსტრუქციას;

ი) ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს დამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი ზომების და პროცედურების გატარებას;

კ) საფრთხის არსებობისას (მათ შორის, საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, აფეთქების მუქარის, საეჭვო საგნების აღმოჩენისას, მძევლების აყვანის შემთხვევაში და ა.შ.) გასატარებელ მოქმედებებს;

ლ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შეტყობინების პროცედურებს;

მ) გადასაზიდად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების იდენტიფიკაციას;

ნ) ადამიანურ ფაქტორებს საავიაციო უშიშროების სფეროში;

ო) ქცევის და კომუნიკაციის ეტიკეტს;

პ) სატელეფონო ზარით მიღებული მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:

პ.ა) საუბრის მოსმენის ტექნიკას, საუბრის დროს დამრღვევის მიერ გამოყენებული ზუსტი ფრაზების და სიტყვების ჩანიშვნას;

პ.ბ) ზარის წამოწყების ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციას;

პ.გ) სატელეფონო საუბრის ჩაწერას, თუ ეს ავტომატურად არ ხორციელდება;

პ.დ) სატელეფონო საუბრის გაგრძელებას მაქსიმალური ინფორმაციის მოსაპოვებლად;

პ.ე) გამოკითხვის მეთოდიკას მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით;

პ.ვ) მუქარის საფუძვლიანობის შეფასების მეთოდიკას;

პ.ზ) სატელეფონო მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს;

ჟ) ფიზიკური პირისაგან მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:

ჟ.ა) გამოკითხვის მეთოდიკას მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით;

ჟ.ბ) მუქარის საფუძვლიანობის შეფასების მეთოდიკას;

ჟ.გ) ურთიერთქმედებას შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან;

ჟ.დ) მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს;

რ) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:

რ.ა) ფოსტის საშუალებით მიღებული აფეთქების მუქარის დროს განსახორციელებელი მოქმედებების თანამიმდევრობას;

რ.ბ) მუქარის შესახებ შეტყობინების მეთოდებს;

ს) საავიაციო უშიშროების კულტურას და  როლს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად;

ტ) საავიაციო მოვლენათა შეტყობინების მიზანს, სავალდებულო და ნებაყოფილობით შეტყობინებას, სავალდებულო შეტყობინების წარდგენის წესს.

3. გაცნობითი კურსი მოიცავს თეორიულ სწავლებას და მისი პირველადი  და პერიოდული მომზადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, სწავლების 3 (სამ) საათს.

4. საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის გავლა სავალდებულოა 24 თვეში ერთხელ და იგი უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შეთანხმებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ ან ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში.

5. ავიასაწარმოს  პერსონალი გაცნობითი კურსის წარმატებით გავლას ადასტურებს ზეპირი ან წერითი გამოცდით. გამსვლელია ქულა, თუ საგამოცდო კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 70%-ს.

6. პირს, რომელმაც ვერ მიიღო დადებითი შეფასება, ეძლევა უფლება განმეორებით, მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს გამოცდა ინსტრუქტორთან შეთანხმებით, ინსტრუქტორის მიერ დადგენილ ვადაში.

7. გაცნობითი კურსის გავლის შემდეგ გაიცემა გაცნობითი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

8. სერტიფიკატის  მონაცემები  შეიტანება მონაცემთა ბაზაში. სერტიფიკატის ასლი ინახება პირის პირად საქმეში.

9. გაცნობითი კურსის გავლა შეიძლება განხორციელდეს როგორც  ადგილზე (აუდიტორიაში),  ასევე  დისტანციური სწავლების ფორმით.

10. ავიასაწარმოს ის პერსონალი, რომელიც არ ფლობს პიროვნების მუდმივ საშვს, გაცნობილი უნდა იყოს  მუქარის მიღების შემთხვევაში განსახორციელებელი მოქმედებების თანამიმდევრობა