1. სამოქალაქო ავიაციის დარგში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს ყველა აეროპორტში იქმნება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტის კომიტეტი (შემდეგში – აეროპორტის კომიტეტი).
2. აეროპორტის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან აეროპორტის ადმინისტრაციის და საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები, საქარ-თველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, აეროპორტის საბაჟო ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმძღვანელი, აეროპორტის საავარიო-სამაშველო სამსახურის უფროსი, აეროპორტის რეგულარულად გამომყენებელი საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ქვედანაყოფების მეთაურები (ერთობლივი ბაზირების აეროდრომების შემთხვევაში).
3. აეროპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობს აეროპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
4. საჭიროების შემთხვევაში აეროპორტის კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა დაინტერესებული პირები და სპეციალისტები.
5. აეროპორტის კომიტეტს აქვს დებულება, რომელსაც შესაბამის უწყებებთან და ადმინისტრაციასთან შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს აეროპორტის კომიტეტის თავმჯდომარე.
6. აეროპორტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო პროგრამის დებულებების შესასრულებლად აეროპორტში განხორციელებული ღონისძიებების კოორდინაცია;
ბ) აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის შესრულების კონტროლი;
გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე აეროპორტის პერსონალისა და აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის კონკრეტული მოთხოვნების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირების მომზადების ორგანიზაცია.
7. აეროპორტის კომიტეტი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო პროგრამისა და თავისი დებულების შესაბამისად.
8. აეროპორტის კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობენ ან იმყოფებენ აეროპორტის ტერიტორიაზე