1. საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადება ხორციელდება:
ა) სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ;
ბ) ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში.
2. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორი:
ა) შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების პროგრამებს და წარადგენს სააგენტოში შესათანხმებლად ან ახორციელებს მომზადებას ავიასაწარმოს მიერ შემუშავებული ან სააგენტოსთან შეთანხმებული სხვა პროგრამით. პროგრამები ექვემდებარება გადახედვას და განახლებას, საკანონმდებლო და/ან კანონქვემდებარე აქტებში მოთხოვნების ცვლილებებისა და/ან ავიასაწარმოში ახალი პროცედურების დანერგვის შესაბამისად;
ბ) ათანხმებს სააგენტოსთან საგამოცდო, სწავლების დამხმარე მასალებს, თვალსაჩინოებებს (მაგ., მომზადებისთვის საჭირო საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული და სხვა პროგრამა, ტესტები, საგამოცდო ტესტები, მულიაჟები და ა.შ.);
გ) უზრუნველყოფს მომზადებისა და საგამოცდო პროცესისთვის შესაბამისი სივრცის, ტექნიკური მოწყობილობების (როგორიცაა, საჭიროებისამებრ, კომპიუტერები/ლეპტოპები, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობები, მულიაჟები და სხვა) არსებობას; მომზადება შეიძლება განხორციელდეს როგორც ავიასაწარმოს ბაზაზე, ასევე სხვა სივრცეში, რომელიც აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტის მოთხოვნას;
დ) ახორციელებს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის მომზადებას და გასცემს სწავლების დამადასტურებელ სერტიფიკატებს;
ე) შემოწმების ოპერატორების შეფასების მიზნით ქმნის საგამოცდო კომისიას (შემდგომში – კომისია), რომელიც შედგება ინსტრუქტორისა და სააგენტოს წარმომადგენელისგან;
ვ) უზრუნველყოფს მის მიერ განხორციელებული როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების ფარგლებში, სხვა ნებისმიერი სწავლებისა და საგამოცდო ჩანაწერების შეგროვებას/შენახვას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგამოცდო კომისიას თავმჯდომარეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
4. შეფასების პროცესში:
ა) კანდიდატი ფასდება კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა;
ბ) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც აისახება კანდიდატის/მსმენელის მიერ მიღებული ცოდნისა და ჩვევების შეფასება. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
5. როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების ფარგლებში სხვა ნებისმიერი სწავლების გამოცდის შედეგების შესახებ კეთდება ჩანაწერი და ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც აისახება კანდიდატის/მსმენელის მიერ მიღებული ცოდნისა და ჩვევების შეფასება. შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
6. მომზადებასთან დაკავშირებული მასალების შენახვაზე პასუხისმგებელია მომზადებას დაქვემდებარებული პერსონალის ავიასაწარმო. მასალები ინახება, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში.
7. ინსტრუქტორი მომზადების გავლის შემდეგ გასცემს შესაბამისი მომზადების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ამ მიზნით, ის ვალდებულია შეიმუშაოს და სააგენტოსთან შეათანხმოს სერტიფიკატის ფორმები, რომელიც უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს:
ა) სასწავლო კურსის დასახელებას;
ბ) სწავლის პერიოდს;
გ) მსმენელის სახელს და გვარს;
დ) ინსტრუქტორის სახელს, გვარს, თანამდებობას, ხელმოწერას;
ე) სერტიფიკატის რიგით ნომერს.
8. ინსტრუქტორი ვალდებულია დაგეგმილი საავიაციო უშიშროების კურსის შესახებ, სულ მცირე, 5 (ხუთი) დღით ადრე, ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.
9. თუ ინსტრუქტორი ახორციელებს მომზადებას ავიასაწარმოს ან სასწავლო დაწესებულების ბაზაზე, შეიძლება ხელმომწერი უფლებამოსილი პირის სახელსა და გვართან ერთად სერტიფიკატზე დაიწეროს ავიასაწარმოს/სასწავლო დაწესებულების დასახელება.
10. უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის აღიარების/პროგრამის აღიარების ფარგლებში, დაინტერესებული ინსტრუქტორი ან შუამავალი ავიასაწარმო მიმართავს სააგენტოს განცხადებით (დანართი №5), რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) ინსტრუქტორის სერტიფიცირების დამადასტურებელი, სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, სასწავლო კურსის მითითებით;
ბ) მომზადების პროგრამა, მონაცემები თეორიული/პრაქტიკული მომზადების და მისი მოცულობის (საათების) შესახებ.
11. სააგენტო განიხილავს შემოსულ დოკუმენტაციას 20 კალენდარული დღის განმავლობაში და წერილობით აცნობებს პასუხს განმცხადებელს.
12. დადებითი პასუხის შემთხვევაში გაიცემა უცხო ქვეყნის ინსტრუქტორის აღიარების სერტიფიკატი (დანართი №6).
13. უცხო ქვეყნის ინსტრუქტორს, აღიარების ფარგლებში, უფლება აქვს განახორციელოს საქმიანობა იმ პერიოდით, რა დრომდეც მოქმედია უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.
14. სააგენტოს უფლება აქვს, უარი უთხრას აღიარებაზე ინსტრუქტორს, თუ ის ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს ან შეუჩეროს აღიარების სერტიფიკატი, თუ არღვევს ინსტრუქტორისა და პროგრამის მიმართ წაყენებულ, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
თავი II
სხვა პერსონალის შერჩევა და მომზადე