1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია, საავიაციო უშიშროების დონის გაუმჯობესება და შენარჩუნება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომ – „სახელმწიფო პროგრამა“) განსაზღვრული პირების და სხვა პერსონალის შერჩევის, მომზადების, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების, ვადის გაგრძელების, შემოწმების ოპერატორების სერტიფიცირების გზით.
2. პროგრამა ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა იმ საწარმოსა და მის პერსონალზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან (აეროდრომის ექსპლუატანტის, ავიაგადამზიდველი/ექსპლუატანტის, სატვირთო ტერმინალის, საწვავ-გასამართი საწარმოს, რეგულირებადი/ცნობილი მიმწოდებლის, ბორტკვების საწარმოს, აეროდრომის მოიჯარე საწარმოს, საჰაერო ხომალდის დასუფთავების სამსახურის, საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანოს, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს პერსონალი, საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირი და სხვა).
3. პროგრამა განსაზღვრავს:
ა) ავიასაწარმოს ვალდებულებებს მასში დასაქმებულ პირთა საავიაციო უშიშროების კუთხით მომზადების უზრუნველსაყოფად;
ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის კრიტერიუმებს, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის და სხვა პერსონალის მომზადების მოთხოვნებს;
გ) შემოწმების ოპერატორის სერტიფიცირების და სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების, ვადის გაგრძელების პირობებს;
დ) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის სერტიფიცირების და სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების, ვადის გაგრძელების პირობებს;
ე) მომზადების ხანგრძლივობას, პერიოდულობას და შინაარსს;
ვ) უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორის (შემდგომში – უცხო ქვეყნის ინსტრუქტორი) აღიარების, უცხო ქვეყნის პროგრამის აღიარების მოთხოვნებს.
4. პროგრამა შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი მე-17 დანართის, „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 98-ე მუხლის მე-6 ნაწილის, „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური გამოცემის Doc 8973, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გამოცემის Doc 30 საფუძველზე.
5. პირს არ აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება სამოქალაქო ავიაციის სფეროში, თუ მას არა აქვს გავლილი ამ პროგრამით დადგენილი მიღებისა და შერჩევის პროცედურები და არ გააჩნია შესაბამისი მომზადება.
6. პირს არა აქვს შემოწმების ოპერატორის უფლებამოსილების განხორციელების უფლება, თუ მას არ გააჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაცემული შემოწმების ოპერატორის მოქმედი სერტიფიკატი.
7. პირს არა აქვს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის უფლებამოსილების განხორციელების უფლება, თუ მას არ გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის მოქმედი სერტიფიკატი/არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად.
8. ამ პროგრამით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს სააგენტო