1. ავიასაწარმოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევისა და მიღების პროცედურა, რომელიც ასახული უნდა  იყოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის  პროგრამაში.

2. შერჩევის პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს  გასაუბრებას და ანკეტური მონაცემების შემოწმებას სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

3. პირი, რომელსაც აქვს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების სამსახურში მუშაობის სურვილი (შემდგომ – კანდიდატი), გადის გასაუბრებას ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელ პირთან  და/ან ავიასაწარმოს  ხელმძღვანელთან.

4. გასაუბრების შემდეგ კანდიდატი ავიასაწარმოში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლს;

ბ) ავტობიოგრაფიას, სადაც დეტალურად აისახება ინფორმაცია კანდიდატის შრომითი საქმიანობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განათლების შესახებ, მათ შორის: სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

გ) დახასიათებას ბოლო სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სასწავლო დაწესებულებიდან (სრული ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი);

დ) ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100, რომელშიც გათვალისწინებულია ამ პროგრამის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათალისწინებული მოთხოვნები შესაბამისი პეროსნალისთვის);

ე) ცნობას ნასამართლობის შესახებ;

ვ) ცნობას სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

5. ამ მუხლის შესაბამისად შერჩეული/მიღებული პირისათვის, ანკეტური მონაცემების შემოწმების შემდეგ, ავიასაწარმო უზრუნველყოფს  პირველადი მომზადების კურსის გავლას.

6. დოკუმენტაცია საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების  შესახებ ინახება დასაქმებულის პირად საქმეში