1. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები უნდა იყოს დაცული არასანქცირებული შეღწევისაგან, როგორც ფიზიკური საშუალებების, ისე საავიაციო უშიშროების სამსახურის პერსონალის გამოყენებით.

2. ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა პერიმეტრული შემოღობვა, ბუნებრივი ზღვარი, შენობების გარე კედელი ან მისი გამყოფი ტიხარი და სხვა საშუალებები, რომელიც ქმნის დაცულ ზონაში შეღწევის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ ბარიერებს.

3. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს, რომ შეზღულული დაშვების დაცულ ზონებში გამოირიცხოს შეუმოწმებელი პირების შეღწევა.

4. პერიმეტრულ შემოღობვაზე  არაკონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან  განთავსებული უნდა  იყოს გამაფრთხილებელი ანშლაგები.

5. ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა, ზონის პერიმეტრზე დამცავი სიგნალიზაციის, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის, დამცავი განათების დამონტაჟება, აგრეთვე საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების პატრულირება და ა.შ. აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცული ზონების დაცვის საშუალებები განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, ხოლო სხვა ავიასაწარმოების შეზღუდული დაშვების დაცული ზონების დაცვის საშუალებები, გარდა ამ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, განისაზღვრება სააგენტოსთან შეთანხმებით, ადგილობრივი რისკის შეფასების საფუძველზე.

6. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს.

7. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვება ხორციელდება სპეციალურად მოწყობილი საკონტროლო-გამშვები პუნქტის (შემდგომ – სგპ) გავლით, რომელიც აღიჭურვება პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების  იდენტიფიცირების ან/და  შემოწმებისთვის  საჭირო საშუალებებით.

8. ავიასაწარმო განსაზღვრავს საკონტროლო გამშვები პუნქტ(ებ)ის მდებარეობას და უზრუნველყოფს მათ საიმედო დაცვას.

9. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს სასაშვო სისტემის დანერგვა პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებისათვის, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში არასანქცირებული დაშვების  თავიდან აცილების მიზნით.

10. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს:  კონტროლირებადი/შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების კონტროლი/შემოწმება  და უზრუნველყოს ამ ზონებისა და მისი დაცვის საშუალებების  გამართულ  მდგომარეობაში შენარჩუნება.

11. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს შემოწმების განხორციელება შემოწმების შესაბამისი  ტექნიკური  მოწყობილობების გამოყენებით, ეფექტური  შემოწმების   განხორცილების მიზნით.

12. აეროპორტის  კონტროლირებადი/შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შემოწმების საფუძველზე დაიშვებიან:

ა) მგზავრები,  მოქმედი  სამგზავრო დოკუმენტისა და ჩასხდომის ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში;

ბ) მგზავრის სტატუსის არმქონე პირები, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი მოქმედი საშვის წარმოდგენის საფუძველზე;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი მოქმედი საშვის,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისა სააგენტოს ნორმატიული აქტის  შესაბამისად გაცემული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის მოწმობის  წარმოდგენის საფუძველზე.

13. საქართველოში ფრენების განმახორციელებელი უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ეკიპაჟის წევრები ფრენის განხორციელების მიზნით აეროპორტის  კონტროლირებადი/შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან  გენერალური დეკლარაციის, მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს  მიერ გაცემული ეკიპაჟის წევრის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტის ან რეგისტრაციის სახელმწიფოს/ექსპლუატანტის  სახელმწიფოს მიერ გაცემული პიროვნების მუდმივი საშვის წარმოდგენის საფუძველზე.

14. თუ ავიასაწარმოს გამიჯნული აქვს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები, ავიასაწამოს კონტროლირებად ზონაში  პირთა   და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვება ხორციელდება მოქმედი საშვის წარმოდგენის საფუძველზე.

15. თუ ავიასაწარმოს გამიჯნული აქვს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები, ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში პირთა   და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვება ხორციელდება მოქმედი საშვის წარმოდგენისა და შემოწმების  საფუძველზე.

16. ავიასაწამოს, რომელსაც არ აქვს გამიჯნული  კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონები, დაშვება ხორციელდება მოქმედი საშვის წარმოდგენისა და შემოწმების  საფუძველზე.

17.  საშვი აძლევს პირს/ავტოსატრანსპორტო საშუალებას ავიასაწარმოს კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ იმ ზონებში დაშვების უფლებას, რომელიც საშვით არის განსაზღვრული.

18. პირებს, რომლებსაც ეძლევათ უფლება  გადაადგილდნენ ავიასაწარმოს  შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის თანხლების გარეშე, გავლილი უნდა ჰქონდეთ საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსი და მათი ანკეტური მონაცემები უნდა იყოს შემოწმებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19.  აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვთა დამზადება და გაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე.

20. სააგენტო საშვთა გაცემას უზრუნველყოფს საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისათვის, სააგენტოს თანამშრომლებისა და სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის სფეროს კურატორი მინისტრის მოადგილისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სხვა თანამშრომლებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.

21. აეროდრომის ექსპლუატანტი საშვს გასცემს  ზედა პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მგზავრის სტატუსის არმქონე სხვა პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.

22. სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშვთა გაცემას უზრუნველყოფს ავიასაწარმო.

23. აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დასაშვები საშვის მიღების მიზნით განსახორციელებელი ანკეტური მონაცემების შემოწმებისთვის, დამსაქმებელი ვალდებულია მიმართოს საშვის გამცემს შუამდგომლობის თაობაზე და წარუდგინოს ანკეტური მონაცემების შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. საშვის გამცემი, თავის მხრივ, დოკუმენტაციას, ანკეტური მონაცემების შესამოწმებლად, უგზავნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

24. ავიასაწარმო, რომელიც თავად გასცემს საშვს საკუთარი ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაშვების მიზნით, ასევე ნებისმიერი ავიასაწარმო  საავიაციო უშიშროების პერსონალის შერჩევა-მიღების პროცესში  განსახორციელებელი  ანკეტური მონაცემების შესამოწმებლად, თავად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირის ანკეტური მონაცემების შემოწმების თაობაზე.

25. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მუდმივი საშვის გაცემა ხდება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოში ბინადრობის მოწმობის მიღების საფუძველზე.

26. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საშვის მისაღებად საშვის გამცემს უნდა წარუდგინონ  იმ ქვეყნის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული სათანადოდ დამოწმებული ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ნათარგმნი ქართულ ენაზე, რომლის მოქალაქეს/რეზიდენტსაც  წარმოადგენს პირი.

27.  საშვების გაყალბებისაგან დამცავი კოდური სისტემის გათვალისწინებით საშვის დამამზადებელმა უნდა უზრუნველყოს გაცემული საშვების დაცვის კოდური სისტემით აღჭურვა.

28. პირებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, გარდა მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

29. საგანგებო სიტუაციისას: სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საავიაციო შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო ბრიგადების, მართლსაწინაღმდეგო ქმედების დროს  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი  უწყებების წარმომადგენლები და სატრანსპორტო საშუალებები, აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან საშვის გარეშე,  აეროპორტის საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

30. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები კონტროლირებად ტერიტორიაზე სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასაროლი იარაღით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით დაიშვებიან მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

31. უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, სასაზღვრო და საბაჟო ორგანოსთან  შეთანხმებით გაცემული საშვით.

32. სხვა უწყებების/საწარმოების წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ კონტროლირებადი და შეზღუდული  დაშვების დაცულ ზონებში  შესვლა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, უწყების/საწარმოს ხელმძღვანელობის წინასწარი განაცხადისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, გაიცემა დროებითი ან ერთჯერადი საშვი.

33. ავიასაწარმოს შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესასვლელი, პიროვნების დროებითი საშვის გაცემის მიზნით,  ანკეტური  მონაცემების შემოწმება ხორციელდება  გამარტივებული წესით,  სრული ანკეტური მონაცემების შემოწმების გარეშე. საშვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობები ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის  შესახებ (ფორმა №2).

34. მუდმივი, დროებითი და ერთჯერადი საშვები სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებისათვის გაიცემა მხოლოდ სასაზღვრო და საბაჟო  ორგანოებთან შეთანხმებით.

35. ყველა პირი, რომელიც იმყოფება კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში, ვალდებულია ატაროს საშვი გარე ტანსაცმლის თვალსაჩინო ადგილზე.

36.ავიასაწარმოს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვის  გაცემა ხორციელდება   სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

37. საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამშვებ პუნქტში სტენდზე გამოიკვრება მოქმედი საშვებისა და მათზე ხელმოწერის უფლების მქონე პირების ხელმოწერის ნიმუშები.

38. მგზავრებს ეძლევათ იმ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესვლის უფლება, რომლებიც განსაზღვრულია საჰაერო ხომალდში ჩასხდომისათვის გამოსაყენებლად, იმ პირობით, თუ მათ აქვთ საჰაერო ხომალდზე ჩასხდომისათვის საჭირო დოკუმენტები:  სამგზავრო დოკუმენტი და ჩასხდომის ბარათი, მათ შორის ელექტრონული, გაცემული ავიაგადამზიდველის მიერ (ჩასხდომის ბარათში ნაჩვენები უნდა იყოს დარეგისტრირებული მგზავრის გვარი).

39. ადგილობრივ ფრენებზე  სტერილურ ზონაში და საჰაერო ხომალდში ჩასასხდომად მგზავრების გადაადგილების კონტროლი უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების სამსახურების თანამშრომლების, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე – მათთან ერთად სასაზღვრო და საბაჟო ორგანოების წარმომადგენლების მიერ.

40. სპეციალური დავალების შესრულებისას, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან საშვის გარეშე. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მოთხოვნის შემთხვევაში, აცილებს საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი.

41. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავიაციო შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებები კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ  დადგენილი წესით.

42. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის შესრულებაში ჩართული ძალების და საშუალებების აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაშვების წესი განისაზღვრება აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმით.

43. საქართველოს აეროპორტებში ბაზირებული/დასაქმებული, ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმხორციელებელი უწყებებისა და სხვა  სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც აეროპორტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ესაჭიროებათ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა და იარაღის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვთ სამსახურეობრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება,  შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით, შემოწმების საფუძველზე. შემოწმება უნდა განხორციელდეს მგზავრის სტატუსის არმქონე პირის მიმართ დადგენილი შემოწმების სრული წესის დაცვით.

44. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები კონტროლირებად ტერიტორიაზე სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასაროლი იარაღით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით დაიშვებიან მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

45. ამ მუხლის 43-ე პუნქტით განსაზღვრული პირების პიროვნების მუდმივ  საშვზე  დატანილი უნდა იყოს   სპეციალური აღნიშვნა (სიმბოლო/ნიშანი), რომელიც ადასტურებს ამ კატეგორიის  პირთა უფლებას,  გადაადგილდნენ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით, აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში.

46. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დასაშვები პირების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.

47. ყველა უწყება ვალდებულია, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს წერილობით აცნობოს იმ პირთა შესახებ, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ესაჭიროებათ სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში. ასევე ვალდებულნი არიან, საშვის დროული დეაქტივაციის მიზნით, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია იმ პირებზე, რომელთაც შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების უფლება.

48. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც  არ არიან ბაზირებული აეროპორტის ტერიტორიაზე, მაგრამ  სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, ოპერატიულად, ესაჭიროებათ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაშვება კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში, დაიშვებიან შემოწმების გარეშე აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების ხელმძღვანელი პირის   წინასწარი ინფორმირების საფუძველზე.

49. ყველა კარი, კიბე და ტელესკოპური ტრაპი, რომელიც იძლევა წვდომას შეზღუდული დაშვების დაცულ ზონასთან უნდა იყოს ჩაკეტილი. ავარიული გასასვლელის კარი, რომელიც არ იმყოფება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, აღჭურვილი უნდა იყოს  სიგნალიზაციით.

50. აეროპორტის დაპროექტების, მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციისას, უშიშროების მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით, იქმნება შესაბამისი ჯგუფი აეროპორტის კომიტეტის წევრების, შესაბამისი სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგენლების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კერძო ექსპერტების, საინჟინრო-ტექნიკური თანამშრომლებისა და საკონსულტაციო ფირმების წარმომადგენლების შემადგენლობით.

51. ავიასაწარმოს ექსპლუატანტი, საავიაციო უშიროების პროგრამის ფარგლებში, შეიმუშავებს საკუთარი ავიასაწარმოს ტერიტორიაზე დაშვების, საშვის გაცემის პროცედურას ამ დადგენილებისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნის შესაბამისა