1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამართლებრივი ბაზის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან ბრძოლის მეთოდების და საშუალებების სრულყოფის მიზნით, სააგენტო თანამშრომლობს ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან.
2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ნორმებისა და პრაქტიკის კოორდინირებული შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო სხვა სახელმწიფოებს, მათივე თხოვნით, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, წერილობით გადასცემს ამ პროგრამით გათვალისწინებული საკითხების, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის და საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების შესახებ ნორმატიული დოკუმენტების შესაბამის დებულებებს.
3. საქართველო საკუთარი სუვერენიტეტის და ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, სხვა სახელმწიფოსთვის (მოთხოვნის საფუძველზე), საავიაციო უშიშროების სფეროში განხორციელებული აუდიტისა და მის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების შესახებ.
4. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სპეციალური ზომები, რომელთა მიღების შესახებ სააგენტოს თხოვნით მიმართავს სხვა სახელმწიფო, ხორციელდება პრაქტიკული შესაძლებლობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ განისაზღვრება განსახორციელებელი მოქმედებები, საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადაცემაზე სააგენტოს, აეროდრომის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის უფლებამოსილი პირები, უშიშროების სპეციალური ზომების პარამეტრები და დამატებითი ხარჯების დაფინანსების წყარო.
5. საქართველო თანამშრომლობს ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან პერსონალის მომზადების პროგრამის შემუშავების, ახალი მეთოდების დანერგვის, სწავლების ეფექტიანობის ამაღლებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვა საკითხებში.
6. სააგენტოსთვის ცნობილი ინფორმაცია სხვა სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, სააგენტოს მიერ, უმოკლეს ვადაში, გადაეცემა შესაბამის სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციის საავიაციო უშიშროების საკონტაქტო ქსელითა (PoC Network) და ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ქსელით (SECLIST) განსაზღვრული საკონტაქტო წყაროების გამოყენებით.
7. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაციის დაცვას და მის ხელმისაწვდომობას უფლებამოსილი პირებისათვის. სხვა სახელმწიფოსათვის/სახელმწიფოდან გადაცემის/მიღების საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან, გაცვლასა და გაგზავნასთან დაკავშირებული საკითხები დაუყოვნებლივ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთა