1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტყის ბუნებრივი რესურსი - ტყეში არსებული მერქნიანი და არამერქნიანი მცენარეები და მათი ნაწილები, ცხოველთა სამყაროს ობიექტები, ნიადაგი, წყლის ობიექტები;
ბ) საკვლევი ობიექტი - ტყის ტერიტორია, სადაც ხორციელდება ტყის აღრიცხვა და მონიტორინგი, ასევე სპეციალური გამოკვლევა;
გ) სირონი - 0,5-დან არაუმეტეს 2 მეტრის ჩათვლით სიგანის ტყის ზოლი, სადაც იჭრება მერქნიანი მცენარეები ტყით დაფარული ფართობების ურთიერთგამიჯვნისას. გამოიყენება კვარტალების გამიჯვნისათვის (როცა კვარტალები ბუნებრივი საზღვრით არ არის გამოყოფილი) და ბარის ტყეებში ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტორიისგან გამიჯვნისათვის;
დ) საკვარტალე ქსელი - კარტოგრაფიულ მასალაზე ასახული კვარტალების ერთობლიობა, სადაც თითოეულ კვარტალს მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი. კვარტალის ნუმერაცია წარმოებს სატყეოს ფარგლებში ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით;
ე) ლიტერი (სატაქსაციო უბანი) - კვარტალის შემადგენელი უმცირესი ერთეული, რომელიც ერთგვაროვანია ტაქსაციური მაჩვენებლებით და მის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სატყეო ღონისძიებების მსგავსებით (იდენტურობით). ის არის ტყის აღრიცხვის და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების პროექტირების პირველადი ტერიტორიული ერთეული;
ვ) საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა - ტყის ეროვნული აღრიცხვით, ტყეთმოწყობით, მონიტორინგით და სხვა გამოკვლევებით (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებით) მიღებული ინფორმაციის ერთობლიობა;
ზ) გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზა - მონაცემთა ბაზასთან თავსებადი გეოინფორმაციული სისტემისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით მიღებული მონაცემები;
თ) თემატური რუკა (კორომთა გეგმა) - ტყის გარკვეული ტერიტორიის შესაბამისი მასშტაბის რუკა გაბატონებული სახეობის, დაპროექტებული ღონისძიებების, ხანძარსაშიშროების კლასების მიხედვით და სხვა;
ი) კორომის ტაქსაციური მახასიათებლები - კორომის ძირითადი სატაქსაციო მახასიათებლები: კორომის წარმოშობა (თესლითი ან ამონაყრითი), სახეობრივი შემადგენლობა, საშუალო სიმაღლე, საშუალო დიამეტრი, საშუალო ხნოვანება, საშუალო ბონიტეტი, საშუალო სიხშირე, სასაქონლო კლასი, მარაგი და სხვა;
კ) ტყის კულტურები - თესვით ან დარგვით მიღებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები;
ლ) სატყეო - ტყის მოვლის, აღდგენის და სარგებლობის ორგანიზების მიზნით დადგენილი სატყეო უბნის ნაწილი;
მ) სატყეო უბანი - ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფართობი;
ნ) სატყეო კვარტალი - ტყის გარკვეული ტერიტორია, ნატურაში ბუნებრივად ან ხელოვნურად (სირონის მოწყობით) გამიჯნული მუდმივი სააღრიცხვო და სამეურნეო ერთეული, რომელიც შედგება სატაქსაციო უბნებისაგან (ლიტერებისაგან);
ო) საკვლევი ობიექტის ციფრული სიმაღლითი მოდელი - საკვლევი ობიექტის რელიეფის ამსახველი მონაცემი: სიმაღლე ზღვის დონიდან, ფერდობის დაქანება და ექსპოზიცია;
პ) სატყეო ტაქსაცია - ტექნიკური ქმედებების კომპლექსი ტყის რესურსების (მათ შორის, ზეზემდგომი, მოჭრილი, ძირნაყარი ხეტყე და მათი ნაწილები) გამოვლენის, აღრიცხვის, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისათვის;
ჟ) დეშიფრირება - აეროფოტოსურათებზე და ორთოფოტოგეგმებზე ობიექტების შემჩნევა-ამოცნობა და ადგილმდებარეობის მონიშვნა ხელით, ინსტრუმენტური (აზომვით) ან ავტომატიზირული (სპეციალური პროგრამები) მეთოდებით;
რ) სტრატი - ერთი ან რამდენიმე ტაქსაციური მახასიათებლებით ერთგვაროვანი ლიტერების ერთობლიობა;
ს) ხნოვანების ჯგუფი - კორომის ხნოვანების კლასები გაერთიანებული ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ჯგუფებში;
ტ) სიხშირის ჯგუფი - ტყეები იყოფა მეჩხერი (0,1-0,2), დაბალი (0,3-0,4), საშუალო (0,5-0,6) და მაღალი (0,7 და მეტი) სიხშირის კორომებად;
უ) სატაქსაციო ბარათი - ლიტერის ტაქსაციური დახასიათების და მასში განსახორციელებელი ღონისძიებების ამსახველი, საველე პირობებში შესავსებად გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმა;
ფ) სანიმუშო ფართობი - ტყის დახასიათებისათვის აღებული გარკვეული სიდიდის ფართობი, სადაც ხორციელდება ტყის აზომვითი აღრიცხვა, სპეციალური გამოკვლევა, გამოკვლევების მონაცემების განზოგადოებისა და შედარების მიზნით;
ქ) აბრისი - ხელით ან სხვა საშუალებით შესრულებული ერთი ან რამდენიმე კვარტალის საველე სქემატური ნახაზი ქაღალდზე ან ორთოფოტოსურათზე (ფოტოაბრისი), ან ამონახაზი თემატური რუკებიდან, რომელზეც დატანილია ლიტერების კონტურები, სირონები და სხვა ელემენტები;
ღ) ადგილსამყოფლის ტიპი - მეტყევეობითი საკლასიფიკაციო ერთეული, რომელიც აერთიანებს ადგილსამყოფლის პირობებით მსგავს ტერიტორიებს, რომლებიც განაპირობებს განსაზღვრული შემადგენლობის და წარმადობის მცენარეულობის არსებობას;
ყ) კორომი - ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეებით დაფარული ტყის ნაწილი, რომელიც მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებულია;
შ) კორომის ბონიტეტი - კორომის პროდუქტიულობის მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება კორომის საშუალო სიმაღლითა და ხნოვანებით;
ჩ) კორომის ხნოვანების კლასი - ხნოვანებითი ინტერვალი, რომელიც დგინდება მერქნიან მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების, კორომთა და ტყის ხნოვანებითი სტრუქტურის მახასიათებლების მიხედვით (სახეობის მიხედვით: 5 ან 10- წლიანი–ამონაყრით მიღებული ფოთლოვანი სახეობისათვის, 20 წლიანი–წიწვოვანი და თესლით წარმოშობილი მაგარმერქნიანი ფოთლოვანი სახეობისათვის);
ც) სარევიზიო პერიოდი - ტყის ეროვნული აღრიცხვიდან, ტყის მართვის (ტყეთმოწყობის) გეგმის და ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებიდან 10 წლიანი პერიოდი;
ძ) სამცველო/სარეინჯერო - ტყის დაცვის ორგანიზების მიზნით გამოყოფილი ტყის გარკვეული ტერიტორია;
წ) სასაქონლო კლასი - შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების შემქმნელი ზეზემდგომი ხეების მერქნის ხარისხის მაჩვენებელი;
ჭ) ხის სიმაღლე - სიმაღლე მიწის ზედაპირიდან ზეზემდგომი ხის კენწეროს ჩათვლით;
ხ) ხის ტაქსაციური დიამეტრი - პირობითად მიღებული სიდიდე გაზომილი მიწის ზედაპირიდან 1.3 მ სიმაღლემდე. ამ სიმაღლეზე დიამეტრის საზომი ორთითის საშუალებით განისაზღვრება ხის დიამეტრი (ტაქსაციური დიამეტრი) ხეების აღრიცხვის დროს;
ჯ) ხის ღერო - ხის მთავარი (ღერძული) მერქნული ნაწილი ფესვის ყელიდან კენწეროს ჩათვლით;
ჰ) კორომის საშუალო ხნოვანება - კორომის შემქმნელი გაბატონებული მერქნიანი სახეობის საშუალო ასაკი;
ჰ1) ხის ხნოვანება - წელთა რაოდენობა ხის სასიცოცხლო ციკლის დაწყებიდან (აღმოცენებიდან);
ჰ2) ძირნაყარი - წაქცეული ხეები ან მიწაზე დაყრილი მისი ნაწილები (ღერო, ტოტები), რომელთაც ბუნებრივი ან სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ აქვს მერქნული რესურსის ღირებულება;
ჰ3) სატყეო ინფრასტრუქტურა - სატყეო-სამეურნეო გზები (საავტომობილო, ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო, საბაგირო), ხეტყის დასაწყობების ადგილები (სამეურნეო ეზო) და ტყითსარგებლობის, ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის მიზნების განსახორციელებლად მოწყობილი ბილიკები, სამონადირეო, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული ინფრასტრუქტურა და სხვა დროებითი ან მართვის ორგანოს ბალანსზე რიცხული კაპიტალური ნაგებობები;
ჰ4) სატყეო-სამეურნეო ღონისძიება - ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომელიც ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლისა და დაცვის და ტყით მდგრადი სარგებლობის მიზნით;
ჰ5) ტყის ენტო და ფიტომავნებლები - მწერების, ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების სახეობები, რომლებიც ასნებოვნებენ და აზიანებენ მცენარეებს;
ჰ6) ტყის ხანძარსაშიშროების კლასი - ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფლის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება ტყის უბნის ხანძარსაშიშროების შეფასების შკალით. შკალის მიხედვით ხანძარსაშიშროების გათვალისწინებით ტყეები იყოფა ხუთ კლასად: I კლასი - ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; II კლასი - მუხის, რცხილის, წაბლის, აკაციის, ჯაგრცხილის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; III კლასი - I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; IV კლასი - სოჭის, ნაძვის, წიფლის და დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; V კლასი - თხმელის, ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნარები, ჭალის ტყეები და სხვა ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები. ხანძარსაშიშროების კლასი დგინდება თითოეული კვარტალისათვის, მასში შემავალი ლიტერების შესაბამისი მონაცემების გასაშუალოებით;
ჰ7) ტექნიკური დავალება - ტყის ეროვნული აღრიცხვის ან ტყეთმოწყობისას ტყის მართვის გეგმის შემუშავების მიზნით შესასრულებელი სამუშაოების ციკლი კონკრეტულ სამუშაოთა მითითებით;
ჰ8) ტყის მართვის გეგმა - კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია სარევიზიო პერიოდისათვის ტყეთმოწყობის შედეგად და შეიცავს: განმარტებით ბარათს (I ტომი), დაპროექტებულ ღონისძიებათა უწყისებს (II ტომი), ტაქსაციურ (III ტომი) და საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალებს;
ჰ9) ტყითსარგებლობის გეგმა - სახელმწიფო ტყით სარგებლობის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ სარევიზიო პერიოდისათვის (10-წლიანი ვადით) და შეიცავს ტყეთმოწყობის მასალების შედეგად შემუშავებულ: განმარტებით ბარათს (I ტომი), დაპროექტებულ ღონისძიებათა უწყისებს (II ტომი), ტაქსაციურ (III ტომი) და საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალებს;
ჰ10) ტყის ტიპი - მეტყევეობითი საკლასიფიკაციო ერთეული, რომელიც აერთიანებს განსაზღვრული ტიპის ერთგვაროვანი ადგილსამყოფლის ტყეებს, ხევნარებს (კორომები) მათი შესაბამისი სახეობრივი შემადგენლობით, სხვა მცენარეულობით;
ჰ11) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ჰ12) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის” საფუძველზე.
ტყის ეროვნული აღრიცხ