1. თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს განსხვავებულ მოთხოვნებს, მაშინ დამუშავების გეგმა უნდა შეიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს) ამ მუხლის მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. დამუშავების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს საბადოს დახასიათებას:
ა) დასამუშავებელი ფართობის ადგილმდებარეობა;
ბ) საბადოს და თითოეული პროდუქტიული ბუდობის გეოლოგიური დახასიათება;
გ) საბადოს და თითოეული პროდუქტიული ბუდობის სეისური მონაცემების ინტერპრეტაცია და სტრუქტურული კონფიგურაცია;
დ) პეტროფიზიკური პარამეტრები, კაროტაჟული დიაგრამების, კერნული მასალისა და ჭაბურღილში ჩატარებული კვლევების მონაცემების ჩათვლით;
ე) ფენური ფლუიდების თავისებურებები, გაზკონდენსატის გამოკვლევის შედეგების ჩათვლით;
ვ) ბუდობის მოსალოდნელი რეჟიმი;
ზ) ნავთობისა და გაზის გეოლოგიური და ამოსაღები მარაგების შეფასება, ამ შეფასების შესაძლო უზუსტობისა და უზუსტობის მიზეზის მითითებით.
3. დამუშავების გეგმა უნდა შეიცავდეს საბადოს დამუშავებასა და ექსპლუატაციაზე შემდეგ ინფორმაციას:
ა) დამუშავების, ექსპლუატაციისა და კონტროლის ალტერნატიული მეთოდების აღწერა (ბუდობის დამუშავებასთან დაკავშირებული საინჟინრო გამოკვლევები და შერჩეული მეთოდების დასაბუთება);
ბ) დამუშავების მეთოდის აღწერა, დამუშავების გეგმის ყოველ ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოების, ოპერაციების თანმიმდევრობისა და მათი შესრულების გრაფიკის ჩათვლით, აგრეთვე გაზისა და ნავთობის მოსაპოვებლად ბუდობის არჩევანის დასაბუთება და იმის ჩვენება, რომ ასეთი არჩევანი შეესაბამება ამ წესების VIII კარის მოთხოვნებს, ნავთობგაზგაცემის საბოლოო ეკონომიკურად დასაბუთებული მნიშვნელობის მისაღწევად;
გ) ბურღვის, ათვისებისა და ექსპლუატაციის შემოთავაზებული პროგრამის აღწერა, რომელშიც მითითებულია ყოველი დასამუშავებელი ჭაბურღილის პირისა და სანგრევის მდებარეობა, საპროექტო სიღრმე, მოპოვებისა და ათვისების მეთოდი, ჭაბურღილების განლაგების ბადის სიმჭიდროვე და რამდენიმე ბუდობის ერთობლივი ექსპლუატაციის დასაბუთება;
დ) შემოთავაზებული საბურღი, მოპოვების, მომზადების, შეგროვებისა და საცავი მოწყობილობა და ნაგებობები, საბურღი დაზგის, საოპერაციო დანადგარებისა და სხვა ძირითადი მოწყობილობის ჩათვლით;
ე) მაქსიმალური ეფექტურობის ნორმის პრინციპიდან გამომდინარე და ჭაბურღილზე ყველა მოსალოდნელი პირობის გათვალისწინებით: პროდუქტიულობის შეფასება, მოპოვების მოცულობის პროგნოზი და დამუშავების სხვა ინდიკატორები (გაწყლიანების პროგნოზი, ფენის წნევის ცვალებადობა, წყლის დაწნევის რეჟიმი);
ვ) წინადადებები ნავთობის და გაზის პროდუქტების ტრანსპორტირების შესახებ და მიმღებ პუნქტ(ებ)ში და/ან საექსპორტო სახმელეთო ან საზღვაო ტერმინალში მიწოდების თაობაზე;
ზ) ჭაბურღილის ლიკვიდაციის მეთოდის აღწერა;
თ) დამუშავების გეგმით განსაზღვრული ყველა სახის ოპერაციის ხარჯთაღრიცხვა და ამ ხარჯების გაწევის გრაფიკი, მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის.
4. დამუშავების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის შემდეგ საკითხებს:
ა) ამ წესების 144-ე მუხლის მიხედვით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ასეთი შეფასების ანგარიში უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
ბ) გარემოს დაცვის გეგმა, დაღვრის თავიდან აცილების გეგმის ჩათვლით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 147-ე და 152-ე მუხლებით. ასეთი გეგმა უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
გ) ამ წესების 183-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მონაცემები გოგირდწყალბადის (H2S) არსებობისა და უსაფრთხოების შესაბამისი ზომების შესახებ;
დ) უსაფრთხოების ზომებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
ე) ამ წესების 157-ე მუხლის მიხედვით ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების გეგმა, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ ან დაზუსტებულ მონაცემებს;
ვ) წინადადებები აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე.
სააგენტოს დასკვნა დამუშავების გეგმის შესაბამისობასა ან შეუსაბამობა