საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.12.2021 ბოლო ცვლილება 09.07.2025
ნომერი
№01-291
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.030.016238
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-291

2021 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესი თანდართული სახით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №29 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი
📎 დანართები (4)
danarti.docx

საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში- სამინისტრო) შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) აწესრიგებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეების (შემდგომში – მოსამსახურე) შრომის ურთიერთობებს და მოსამსახურეებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ძირითად პრინციპებს.

2. შინაგანაწესის გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეთათვის შინაგანაწესის მე-9 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი) ვალდებულია სამსახურში მიღებისას შინაგანაწესი გააცნოს  მოსამსახურეს, რომელმაც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს მისი გაცნობა დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად.

4. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დასვენების და უქმე დღეები, დღის განმავლობაში შესვენების დრო, შესვენების ხანგრძლივობა;

გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული განკარგულებების მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი;

ე) ხელფასის გაცემის დრო;

ვ) სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;

ზ) სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების შეტყობინების წესი;

თ) შრომის უსაფრთხოების საკითხების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ი) მოსამსახურის ვალდებულებები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას;

კ) სამუშაო პროცესის დისტანციურ რეჟიმში წარმართვის წესი/პირობები და სხვა.

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი

შინაგანაწესის მიზანია:

ა)  სამსახურებრივი ქცევის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება;

ბ) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

გ) მოსამსახურეთა შრომის ნაყოფიერებისა და ეფექტიანობის ამაღლება;

დ) მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

ე) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;

ვ) მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა.

მუხლი 3. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული

1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.

2. სამინისტროში სამუშაო დრო განისაზღვრება 5 დღიანი სამუშაო კვირით და მოიცავს 8-საათიან სამუშაო დღეს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო, ასევე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

3. სამუშაო დრო განისაზღვრება 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

4. სამუშაო დღის განმავლობაში მოსამსახურე უფლებამოსილია შეისვენოს 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.

5. დაუშვებელია სამუშაო დროის განმავლობაში, მოსამსახურის სამუშაო ადგილიდან პირად საკითხებზე გასვლა უშუალო ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად.

6. მოსამსახურე, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვი, ასევე, თუ არსებობს სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, უფლება აქვს, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით სამსახურში გამოცხადდეს დადგენილზე ნახევარი საათით გვიან, რაც მოსამსახურის მიერ უნდა ანაზღაურდეს სამუშაო დღის დადგენილ დროზე ნახევარი საათით გვიან დასრულების ფორმით ან შესვენების ნახევარი საათით გვიან დაწყების პერიოდით.

7. მოსამსახურე, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ექვემდებარება ანაზღაურებას.

9. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამსახურე ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eDocument) მეშვეობით, სამსახურებრივი ბარათით აცნობოს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს (შემდგომში – შიდა აუდიტის დეპარტამენტი).

მუხლი 4. თანამდებობრივი სარგოს გაცემის დრო

მოსამსახურეზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ და მისი დარიცხვა ხდება მოსამსახურის სპეციალურ საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 5. სამუშაო დროის აღრიცხვა

1. სამუშაო დროის აღრიცხვა ხორციელდება მოსამსახურისათვის გადაცემული ელექტრონული მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (შემდგომში – პირადობის მოწმობა) სპეციალურ ტექნიკურ საშუალებაზე − ტურნიკეტზე (შემდგომში – ტურნიკეტი) დაფიქსირებით.

2. მოსამსახურე ვალდებულია სამინისტროს შენობაში შესვლისას და სამინისტროს შენობის ნებისმიერი მიზეზით დატოვებისას ელექტრონული მოწმობა ან პირადობის მოწმობა დააფიქსიროს ტურნიკეტზე.

3. მოსამსახურე, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო ვერ აფიქსირებს ელექტრონულ მოწმობას/პირადობის მოწმობას ტურნიკეტზე და სამინისტროს შენობაში შედის დროებითი საშვით, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტებს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტაზე (hr@mfa.gov.ge), (audit@mfa.gov.ge).

4. ელექტრონული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტებს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mfa.gov.ge), (audit@mfa.gov.ge).

5. მოსამსახურეების სამუშაო ადგილზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვას აწარმოებს შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

6. სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვისათვის, ტაბელის წარმოება-ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

7. შინაგანაწესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დისტანციურ რეჟიმში მუშაობისას სამუშაო დროის აღრიცხვა არ ხორციელდება.

მუხლი 6. დისტანციურ რეჟიმში მუშაობა ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას

1. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის (საგანგებო/საომარი მდგომარეობა, პანდემია, სხვა დაუძლეველი ძალა) შემთხვევაში, შესაძლებელია მიღებულ იქნეს ამ წესისაგან განსხვავებული ნორმები.

2. მოხელისათვის ჯანმრთელობის საფრთხის შექმნის თავიდან აცილების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შესაძლებელია შემოღებულ იქნეს დისტანციურ რეჟიმში მუშაობის გრაფიკი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში სამუშაო ადგილზე მისვლის განრიგს ადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე, ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს (შემდგომში − ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური) დასაბუთებული მოთხოვნით და კონკრეტული ვადის მითითებით, მოსამსახურის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ კომპიუტერულ ტექნიკაზე ან პირად კომპიუტერზე საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაზე წვდომის შესახებ.

5. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერულ ტექნიკის/პირადი კომპიუტერის მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ახორციელებს აღნიშნული კომპიუტერით სამსახურებრივ სერვისებზე წვდომის გააქტიურებას;

ბ) ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხულ კომპიუტერში/ პირად კომპიუტერში სამსახურეობრივ რესურსებამდე უსაფრთხო/დაშიფრული კავშირის უზრუნველყოფას, ორმაგ ავტორიზაციასა და ჩატარებულ მოქმედებათა ლოგირებას.

6. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მიერ მოსამსახურის სამინისტროს ბალანსზე რიცხული კომპიუტერულ ტექნიკის/პირადი კომპიუტერის მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აღმოჩენილი კომპიუტერული გაუმართაობის აღმოფხვრამდე აღნიშნული კომპიუტერით სამსახურებრივ სერვისებზე წვდომა არ გააქტიურდება.

7. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში მოსამსახურე ვალდებულია:

ა) საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაზე წვდომამდე ელექტრონულ ფოსტაზე -support@mfa.gov.ge წერილობით დაადასტუროს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობისა და პასუხისმგებლობის შესახებ;

ბ) მაქსიმალურად დაიცვას კიბერუსაფრთხოების წესები;

გ) არ შევიდეს საეჭვო ბმულებზე და არ გახსნას უცხო პირის მიერ გამოგზავნილი ფაილები;

დ) პირად კომპიუტერზე არ დააინსტალიროს თამაშები და სხვა ნებისმიერი სახის პროგრამა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსხურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე.

8. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის მიზნითა და ვადით, მოსამსახურე უფლებამოსილია, სამინისტროს მატერიალური ქონებით ისარგებლოს სამინისტროს შენობის გარეთ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან ან მის მოადგილესთან შეთანხმებით.

9. დაუშვებელია სხვა პირების მიერ დისტანციურ რეჟიმში მუშაობისთვის განკუთვნილი ტექნიკის ექსპლუატაცია.

10. მოსამსახურის მიერ სამინისტროს მატერიალური ქონების დაზიანების, განადგურების, დაკარგვის ან სხვა მიზეზით დაუბრუნებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება შინაგანაწესის მე-13 მუხლით დადგენილი წესით.

11. დისტანციურ რეჟიმში მუშაობისას მოსამსახურე ვალდებულია, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეასრულოს შინაგანაწესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამუშაო დროის განმავლობაში.

12. ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, მოსამსახურეზე არ ვრცელდება შინაგანაწესით დადგენილი სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებული ნორმები.

მუხლი 7. სამუშაო დროს სამსახურში არყოფნის საპატიო შემთხვევები და მათი შეტყობინების წესი

1. მოსამსახურე ვალდებულია დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და დარჩეს სამუშაო დროის დასრულებამდე.

2. სამუშაოზე დაგვიანებად, ადრე გასვლად, სამუშაო დროის გაცდენად ან/და სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაითვლება მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სამინისტროს შენობის გარეთ შესრულება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამსახურე ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (audit@mfa.gov.ge) აცნობოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

4. მოსამსახურის სამსახურში დაგვიანება საპატიოდ ჩაითვლება, თუ იგი გამოცხადდება ამ შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროის დაწყებიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დროის გასვლის შემდგომ მოსამსახურის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება, ასევე სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლა, რაც გამოწვეულია ჯანმრთელობის გაუარესებით ან სხვა ობიექტური გარემოებით, ჩაითვლება საპატიოდ, თუ მოსამსახურე აღნიშნულის შესახებ, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წინასწარ ან პირველივე შესაძლებლობისთანავე, შესაბამისი ობიექტური მიზეზის მითითებით, აცნობებს უშუალო ხელმძღვანელსა და შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

6. თუ მოსამსახურეს არ შეუძლია გამოცხადდეს სამსახურში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი ვალდებულია, ამის შესახებ, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელსა და შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

7. მოსამსახურემ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურში დაბრუნებისთანავე, საავადმყოფო ფურცელი მატერიალური სახით უნდა წარუდგინოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და ასლი შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

8. თუ მოსამსახურე ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად წარმოადგენს საავადმყოფო ფურცელს, გაცდენილი დღეები ჩაეთვლება საპატიოდ და ანაზღაურდება.

9. წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით (ოჯახის წევრის გარდაცვალება, უბედური/გაუთვალისწინებელი შემთხვევა) მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელსა და შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

მუხლი 8. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე, სამუშაო დღისა და სამუშაო დროის დასრულების შემდეგ სამსახურში ყოფნის პირობები და წესი

1. მოსამსახურისათვის სამინისტროში ყოფნა დასვენებისა და უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, ნებაყოფლობითია.

2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და უქმე დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

3. გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დასრულების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს მინისტრი.

მუხლი 9. უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეების მიერ ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვების თაობაზე შეტყობინების წესი

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას წინასწარ წერილობით უნდა აცნობონ მინისტრს.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეებმა უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში ადგილსამყოფელი ქვეყნის საზღვრების დატოვებისას წერილობით უნდა მიმართონ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელს თანხმობის მისაღებად.

მუხლი 10. სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავალების მოსამსახურისათვის გაცნობის წესი

1. მოსამსახურეზე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავალება შესაძლებელია გაიცეს:

ა) ზეპირად;

ბ) წერილობით;

გ) ინსტრუქციით;

დ) ოქმით;

ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დავალება, შესაძლებელია გაიცეს ხელმძღვანელის (მინისტრი, მინისტრის მოადგილე ან უშუალო ხელმძღვანელი) მიერ ზეპირსიტყვიერად ან სამუშაო მასალაზე  ელექტრონულად დადებული რეზოლუციით.

3. დავალების ადრესატი ვალდებულია, შეასრულოს მასზე გაცემული დავალება, ხელმძღვანელის მიერ დავალების შესრულებისათვის განსაზღვრულ დროში.

4. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი დავალების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება, საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა დაუძლეველი ძალის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი დავალების შესრულება საზიანოა მოსამსახურის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს.

5. ამ მუხლის შესაბამისად გაცემული დავალების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.

მუხლი 11. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია

1. სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მოსამსახურე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური უსაფრთხო გარემოთი.

2. მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 12. მოსამსახურეთა ინფორმირება

1. მოსამსახურეთა ინფორმირება, ასევე დავალების გაცემა, შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.  მოსამსახურე ვალდებულია ყოველდღიურად თვალყური ადევნოს ელექტრონულ ფოსტას.

2. ელექტრონული ფოსტის შეუმოწმებლობა მოსამსახურეს არ ათავისუფლებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან.

მუხლი 13. მოსამსახურეთა მატერიალური პასუხისმგებლობა

1. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული სამინისტროს ბალანსზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და არაფინანსური აქტივების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.

2. სამინისტროს ბალანსზე რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაზიანების, განადგურების ან დაკარგვისას მოსამსახურის ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია აანაზღაუროს სამინისტროსთვის მიყენებული ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თავდაპირველი ღირებულებით ან საექსპერტო შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მოსამსახურე.

მუხლი 14. სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებები

1. სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია:

ა)  როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის დეაქტივაციის მიზნით, მიმართოს ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სამსახურს, რომელიც ვალდებულია, გათავისუფლების ბრძანებით განსაზღვრული თარიღიდან მოახდინოს მოსამსახურის საკუთრებაში არსებული ანგარიშების (Accounts) დეაქტივაცია, ხოლო 14 დღის ვადაში ელექტრონული საფოსტო ყუთის წაშლა.

გ) გათავისუფლებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგინოს შემოვლის ფურცელი – სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან გათავისუფლებული მოსამსახურისათვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა და საქმისწარმოების ჩაბარების თაობაზე (დანართი №2), ხოლო შემოვლის ფურცელი – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან გათავისუფლებული მოსამსახურისათვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა და საქმისწარმოების ჩაბარების თაობაზე (დანართი №3).

2. ინფორმაციულ ტექნოლოგიური სამსახური, მოსამსახურის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხელის გათავისუფლების ბრძანებით განსაზღვრული თარიღიდან ახდენს მოსამსახურის საკუთრებაში არსებული ანგარიშების (Accounts) დეაქტივაციას, ხოლო 14 დღის ვადაში ელექტრონული საფოსტო ყუთის წაშლას.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიური სამსახური უფლებამოსილია, სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით ან/და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, მოსამსახურის საკუთრებაში არსებული ანგარიშების (Accounts) დეაქტივაცია და საფოსტო ყუთის წაშლა განახორციელოს მითითებაში/მიმართვაში განსაზღვრულ ვადებში.

4. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვალდებულია, მოსამსახურის გათავისუფლების ბრძანებით განსაზღვრული თარიღიდან, მოახდინოს მოსამსახურისათვის გადაცემული ელექტრონული მოწმობის გაუქმება.

5. მოსამსახურის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების ერთი თვის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

მუხლი 15. დასკვნითი დებულებები

1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს თითოეული მოსამსახურისათვის.

2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს შესაძლებელია დაეკისროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

3.  შინაგანაწესის გაცნობის ფორმა ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.

4. შინაგანაწესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი 1.docx

დანართი №1

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

შინაგანაწესის გაცნობის ფორმა

დეტალურად გავეცანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შინაგანაწესს. ვეთანხმები, ვიზიარებ და ყოველდღიურ საქმიანობაში გავითვალისწინებ შინაგანაწესით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და სამინისტროში საქმიანობის მარეგულირებელ წესებს.

მოსამსახურის სახელი/გვარი:

--------------------------------------------------------------------

თანამდებობა (სტრუქტურული ქვედანაყოფი):

--------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------

ხელმოწერა:

--------------------------------------------------------------------

თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):

--------------------------------------------------------------------

დანართი 2.doc

დანართი №2

შემოვლის ფურცელი – სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან გათავისუფლებული მოსამსახურისათვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა და საქმისწარმოების ჩაბარების თაობაზე

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

(მოსამსახურის სახელი, გვარი, გათავისუფლების თარიღი/ბრძანების ნომერი)

 

 სტრუქტურული ქვედანაყოფი:

 

 ___________________________________________________________________________

(დასახელება)

 

 სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

 ___________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური:

 _________________________________________________________________________________

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საბიუჯეტო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური:

 

 ____________________________________________________________________________________

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

 

 საკონსულო დეპარტამენტი:

 __________________________________________________________________________

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტი:

 ___________________________________________

 (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

 

თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურის ხელმოწერა -------------------------------------

 

თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):

___________________________________________

 

დანართი 3.doc

დანართი №3

შემოვლის ფურცელი – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებებიდან გათავისუფლებული მოსამსახურისათვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა და საქმისწარმოების ჩაბარების თაობაზე

------------------------------------------------------------------------------------------------------

(თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურის სახელი, გვარი)

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება:

__________________________________________________________________________________

(დასახელება)

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი:

________________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)

ფინანსური მენეჯერი:

____________________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, ხელმოწერა)

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:

------------------------------------------------------------------------------------------------------------

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საბიუჯეტო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური:

___________________________________________

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

საკონსულო დეპარტამენტი:

__________________________________________________________________________

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

შიდა აუდიტის დეპარტამენტი:

___________________________________________

(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)

თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურის ხელმოწერა -------------------------------------

 

თარიღი (რიცხვი/თვე/წელი):

___________________________________________