საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-588
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.030.016367
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-588

2025 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი  პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტისა  და „ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტროს  შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 25 თებერვლის №01-30 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი
📎 დანართები (1)
1.doc DOC

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის

დეპარტამენტის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში არსებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. დეპარტამენტი მოქმედებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდოლოგიური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად და საქმიანობისას იცავს შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითად პრინციპებს და შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს.

3. დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

მუხლი 2. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა

1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე.

2. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.

3. დეპარტამენტი სამინისტროს სისტემის სხვა ქვედანაყოფებისგან არის ფუნქციურად დამოუკიდებელი.

4. დეპარტამენტი და აუდიტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მათ მინიჭებული აქვთ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი II

დეპარტამენტის მიზნები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

მუხლი 4. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები

1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია სამინისტროს ღირებულების გაზრდა და დაცვა ობიექტური და რისკებზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარების გზით. დეპარტამენტი უზრუნველყოფს ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ოპერაციების გაუმჯობესების და დამატებითი ღირებულებების შექმნისათვის. შიდა აუდიტი ეხმარება სამინისტროს მიზნების და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს მართვის, რისკის მართვის და კონტროლის პროცესების ეფექტიანობას.

2. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზნები და შიდა აუდიტის განხორციელების პრინციპებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცესების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.

3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება.

4. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვის, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენების შეფასება, ასევე არსებული მდგომარეობის ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარება.

5. დეპარტამენტის ამოცანაა მინისტრი უზრუნველყოს ინფორმაციით სამინისტროში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.

მუხლი 5. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:

ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება;

ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ა.ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინური გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე დისციპლინური წარმოების ჩატარება, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის შედგენა, მისი ხელმძღვანელობისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირისთვის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, მისი შედეგების და შემოწმების ობიექტთან შეთანხმებული რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა;

ბ.დ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ბ.ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;

ბ.ვ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერსთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;

ბ.ზ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;

ბ.თ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;

ბ.ი) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

მუხლი 6. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებზე და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

2. დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

3. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სისტემაში რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

ბ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების შედეგად გამოავლინოს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის, სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტები, განიხილოს და შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია;

გ) მიიღოს და განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებები და წერილები;

დ) სამინისტროს სისტემიდან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა) და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება, აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ე) ჩამოართვას განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში;

ვ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციებისათვის მოიწვიოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარების დაკვეთა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მითითება სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;

თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, წარუდგინოს წინადადება მინისტრს ან/და შესაბამისი დაწესებულების წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;

ი) სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, გადააგზავნოს მასალები შესაბამის უწყებებში;

კ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა წარუდგინოს მინისტრს და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში), სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილ დასკვნაში ასახოს რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევში) მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციის ან პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 7. დეპარტამენტის ვალდებულებანი

დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, ინსტრუქციები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი და სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით;

დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მინისტრს;

ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;

ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

ზ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

თ) სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა, რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს და შემოწმებულ ობიექტს.

მუხლი 8. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან

დეპარტამენტი მინისტრთან შეთანხმებით, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამშრომლობს სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ბ) სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და ამ მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აუდიტის ობიექტებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობათა კოორდინაციას;

გ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში მასალებს აგზავნის შესაბამის ორგანოში.

მუხლი 9. დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგების უზრუნველყოფა

1. დეპარტამენტის საქმიანობა ხორციელდება რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.

2. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიმუშავებს შიდა აუდიტის წლიურ გეგმას, რომელიც ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.

3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს ამტკიცებს მინისტრი.

4. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.

5. შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების შედეგად დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან განსაზღვრულ გონივრულ ვადაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში.

6. შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას უგზავნის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

7. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაშვების შემთხვევაში, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, მასში ასახული გარემოებები დადგენილად და რეკომენდაციები შეთანხმებულად.

8. შიდა აუდიტორულ ანგარიშს ხელს აწერს აუდიტის ჯგუფის ყველა წევრი.

9. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღების შემდეგ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, შიდა აუდიტის ობიექტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი რეაგირებისთვის.

10. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს, სადავო რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.

11. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ასრულებს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აღნიშნულ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.

12. შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

13. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მინისტრს წარუდგენს დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო წლის 31 იანვრამდე.

14. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშში მინისტრს ასევე წარუდგენს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების პროგრამის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას შიდა (მიმდინარე და პერიოდული) და გარე შეფასების შედეგებზე, რომელიც ჩატარდება, სულ ცოტა, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებლის ან შემფასებელთა გარე ჯგუფის მიერ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოხელეები

მუხლი 10. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დებულების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში შემუშავებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ვ) ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას ან/და ინსპექტირების პროგრამას;

ზ) მინისტრს წარუდგენს ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგებს, ინსპექტირების დასკვნებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს;

თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

კ) შუამდგომლობს მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებს;

ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;

ო) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

პ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ჟ) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;

რ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, მინისტრის გადაწყვეტილებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს.

მუხლი 11. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დეპარტამენტის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ თანამშრომლებს შორის;

გ) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს მინისტრის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

თავი IV

სამსახურებრივი შემოწმების და დისციპლინური წარმოების წესი

მუხლი 12. სამსახურებრივი შემოწმების მიზანი

სამსახურებრივი შემოწმების მიზანია სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და მიმდინარე პროცესების გაუმჯობესება. არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ან/და პროცესში არსებული რისკების შესამცირებლად შესაფერისი რეკომენდაციების გაცემა ან/და შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება, შემდგომში დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით.

მუხლი 13. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი

1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომლების (რომელთა იდენტიფიცირება სამსახურებრივი შემოწმების დაწყების ეტაპზე შეუძლებელია) მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები და სხვა.

2. სამსახურებრივი შემოწმება ტარდება მინისტრის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.

3. შემოწმების შედეგებზე შემოწმების ჯგუფი ადგენს დასკვნას, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი, არსებულ ან/და მოსალოდნელ დარღვევა - ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ.

4. შემოწმების დასკვნას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი.

5. დასკვნა გაცნობისათვის და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება მინისტრს, ასევე შემოწმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის (დირექტორატი/დეპარტამენტი/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფი) ხელმძღვანელს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.

მუხლი 14. დისციპლინური წარმოების მიზანი

დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.

მუხლი 15. დისციპლინური წარმოების დაწყება

დისციპლინური წარმოება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პრინციპებისა და მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 16. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება

1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) დეპარტამენტის მოსამსახურე შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;

ბ) დეპარტამენტის მოსამსახურის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;

გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.

3. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აცილების საკითხს – მინისტრი.