საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის
დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ამერიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება, მათთან პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ხელშეწყობა; ამ მიზნით აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე ჩრდილოეთ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების და განვითარების პოლიტიკის ხელშეწყობა ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების გზით;
ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საგარეო საქმიანობისა და საგარეო ურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა, დაფარვის რეგიონების სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი კურსის გატარების მიზნით;
გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალის და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო და რეგიონული საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;
დ) დადგენილი წესით საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
2. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს რეკომენდაციები კომპეტენციის სფეროში შემავალი მიმართულებებით საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების წარმართვისა და ხელშეწყობის თაობაზე.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის (შემდგომში - დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
3. ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებსა და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა რანგირების, დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. ხელმძღვანელი (კურატორ მინისტრის მოადგილესთან და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით) დეპარტამენტის თანამშრომელს ავალებს დაფარვის რეგიონის კონკრეტულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინაციას, რომელიც:
ა) განაახლებს მონაცემთა ბაზას მითითებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომელშიც აისახება შიდაპოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული პროცესები, მათი განვითარების პროგნოზი და თითოეული საკითხის მიმართ საქართველოს მიდგომა;
ბ) მონაცემთა ბაზის საფუძველზე ამზადებს შესაბამისი მიმართულებით საქართველოს საგარეო ურთიერთობების სამოქმედო გეგმას, რომელშიც ასახულია ღონისძიებათა გრაფიკი და კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა განხორციელება მიზანშეწონილია დასახული ამოცანის შესასრულებლად;
გ) სისტემატურად განაახლებს ზოგად სასაუბროს, რომელშიც მოცემულია შესაბამისი მიმართულებით ურთიერთობების ყოველ საკითხზე მოლაპარაკებების რეკომენდებული გეგმა. ასევე, მონაწილეობს მოლაპარაკებებში შესაბამისი მიმართულებების და დონის მიხედვით;
დ) ამზადებს საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამის დიპლომატიურ მისიებთან, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, საქართველოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან საქმიან კორესპონდენციას;
ე) სისტემატურად ამზადებს შესაბამის რეგიონში მიმდინარე პროცესების და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობისა და განვითარების მოკლე ანოტაციას სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს.
5. ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის წარდგინებით, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს.
მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) აშშ-ს სამმართველო;
ბ) ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველო.
მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. აშშ-ს სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) აშშ-სთან და კანადასთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების კოორდინაცია;
ბ) აშშ-ს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალებისა და სასაუბროების მომზადება აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის;
გ) აშშ-სთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა. მოლაპარაკებათა მომზადების პერიოდში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლობა საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან;
დ) აშშ-სთან და კანადასთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარება, ამ მიზნით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება და სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ე) აშშ-სთან და კანადასთან ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებთან ორმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება აშშ-ის მიმართ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით;
თ) საქართველოს საშინაო და საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის, კერძოდ, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის, მისი საინვესტიციო კლიმატისა და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ში და კანადაში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;
ი) აშშ-სთან და კანადასთან კულტურული ურთიერთობის განვითარება.
2. ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა, აღნიშნული რეგიონების ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საგარეო საქმიანობისა და ურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა დაფარვის რეგიონების სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი კურსის გატარების მიზნით;
გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;
დ) დადგენილი წესით საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ე) ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარება და ამ მიმართულებით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;
ვ) ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის განვითარება.
3. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას სამმართველო უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება სამმართველოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება სამმართველოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;
გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს რეკომენდაციები კომპეტენციის სფეროში შემავალი მიმართულებებით საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების წარმართვისა და ხელშეწყობის თაობაზე;
დ) დეპარტამენტის და შემდგომ სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია აშშ-სთან, კანადასთან, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კოორდინაციის თაობაზე;
ე) მოამზადოს ანგარიში სამმართველოს საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;
ვ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც ამ დებულების შესაბამისად მიეკუთვნება სამმართველოს ფუნქციებსა და ამოცანებს.
მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელის წარდგინებით (კურატორ მინიტრის მოადგილესა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ხელმძღვანელთან შეთანხმებით დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ე) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ხელმძღვანელთან შეთანხმებით, წარუდგენს დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.