საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის
დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)
ევროპის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს
სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ევროპის,
მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს პარტნიორული, მეგობრული და
ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარება და შემდგომი განმტკიცება;
პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური,
კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ორმხრივ ურთიერთობებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა; სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და
სტაბილურობის, ასევე რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა და
განვითარება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს
კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს
დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
(შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და
ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ორმხრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს და დადგენილი
წესით წარადგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები ევროპისა და
მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე;
ბ) სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატების აქტიური გამოყენება და დიალოგის
ახალი, მათ შორის, მრავალმხრივი პლატფორმების ჩამოყალიბების
ხელშეწყობა;
გ) ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში საქართველოს მონაწილეობის
ხელშეწყობა;
დ) ევროპის, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და
საგარეო პოლიტიკის, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის
მიმართულებათა შესწავლის საფუძველზე, წინადადებებისა და რეკომენდაციების
მომზადება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების
სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, საერთაშორისო
ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ
წარმომადგენლობებთან;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად
წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის
დაგეგმარებისა და განხორციელების შესახებ;
ზ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა
პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში, ასევე, დადგენილი წესით,
წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას ხელშეკრულებათა
დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ და
დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება ევროპისა და მეზობელ
სახელმწიფოებთან;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს
საზღვარგარეთ საქართვე-ლოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების
შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ სამინისტროს
ხელმძღვანელობის ინსტრუქციების ოპერატიულ შესრულებას;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს
წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასანიშნი პირების თაობაზე;
ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და
სასაზღვრო ურთიერთობების საკითხებზე ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო
უწყებებთან და მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული
ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის
მოადგილისა და ევროპის საქმეთა დირექტორატის (შემდგომში – დირექტორატი)
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
3. ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების
განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული
ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებსა და
დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და
განკარგულებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების
მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას,
ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს მის
კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი
სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების
პროექტებს;
ვ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს ანგარიშს
დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული
ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ხელმძღვანელობას წინადადებებს
ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს
წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის
ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა რანგირების, დეპარტამენტის
თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან მათთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის
გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და
ამოცანების შესასრულებლად;
კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ
გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა
და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა
შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს;
ო) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და
დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ
დავალებებს.
4. ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის წარდგინებით, დირექტორატის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და მინისტრის
გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება
დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს.
მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული
ქვედანაყოფები
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ორმხრივი ურთიერთობების სამმართველო;
ბ) მეზობელი ქვეყნების სამმართველო.
მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები,
მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და
ფუნქციებია:
ა) ევროპის ქვეყნების, გარდა მეზობელი ქვეყნებისა, შესახებ პოლიტიკური,
სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება
და ანალიზი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის
ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების
განხორციელება;
გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების
შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის
წარსადგენად;
დ) საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და დიპლომატიურ
წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების
დამყარება;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის
(ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება;
2. მეზობელი ქვეყნების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და
ფუნქციებია:
ა) მეზობელი ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და
თავდაცვისა და უსაფრთხოების ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და
ანალიზი;
ბ) მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში
საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;
გ) მეზობელი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ
წარმომადგენლობებთან კონტაქტების დამყარება;
დ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა
შესრულების კოორდინაცია, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს
ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება;
ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და
სასაზღვრო ურთიერთობების საკითხებზე შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან
თანამშრომლობა და წინადადებებისა და რეკომენდაციები მომზადება აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების,
რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და
დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის
(ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება.
მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების
ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს
ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ხელმძღვანელის წარდგინებით (კურატორ მინიტრის მოადგილესა და
დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან
შეთანხმებით), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული
ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა
სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ
სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული
ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ხელმძღვანელთან შეთანხმებით დირექტორატის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს
ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ე) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და
ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის
შესახებ;
ვ) ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა
რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
დაკისრების შესახებ;
ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის
სამართლებრივი აქტით.