საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-586
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.030.016366
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-586

2025 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი
📎 დანართები (1)
01-586.docx

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია, შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში; საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროს პოზიციის დაფიქსირების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება; საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დამუშავება და სისტემატიზაცია.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა დაამ დებულებით.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია;

გ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

 დ) დიპლომატიური ურთიერთობების სფეროში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ანალიზის საფუძველზე დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინადადებების მომზადება, აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, მათი გაუქმების ან ახალი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების მიზნით;

ე) სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამის უწყებებში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია;

ვ) მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელების კოორდინაცია;

ზ) სამინისტროში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსულ პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

თ) საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ი) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა;

კ) სამინისტროს საკანონმდებლო აქტების საქართველოს პარლამენტში წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია;

ლ) საქართველოს მთავრობის სხდომებზე სამინისტროს მიერ წარსადგენ საკითხთა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე სამინისტროს ერთიანი პოზიციის შემუშავებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ ღონისძიებათა კოორდინაცია;

მ) შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ნ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა, ზეპირი მოსმენისისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება და საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ო) სამინისტროს სახელით გასაფორმებელი ხელშეკრულებების/მემორანდუმების სამართლებრივი ექსპერტიზა;

პ) საზღვარგარეთ საქართველოს სახელით უძრავი ქონების შეძენის მიზნით გასაფორმებელი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოსაწერად საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების საერთო კოორდინაცია;

ჟ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

რ) პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის დამუშავება და სისტემატიზაცია;

ს) სამინისტროს ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

ბ) შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვოს საჭირო სახის ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად;

გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია, სამინისტროს საქმიანობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე.

მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში − ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის (შემდგომში − დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.

3. ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობასა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობასა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს;

ნ) მინისტრს, კურატორ მინისტრის მოადგილესა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

4. ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;

დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე.

6. ხელმძღვანელის არყოფნისას, მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ხელმძღვანელის მოადგილეს.

მუხლი 4. დასკვნითი დებულებები

დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.