საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 98%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 97%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 92%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-568 |
|
2025 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 ივნისის №01-130 ბრძანება და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7 ივნისის N01-131 ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. |
|
📎 დანართები (1)
01-568-1.docx ⬇
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის
დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პოლიტიკის ანალიზი, დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაცია;
ბ) ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მონიტორინგი, ანალიზი და გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
გ) გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ანგარიშების მომზადება; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მონიტორინგი/კოორდინაცია;
დ) საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის განვითარება, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით დადგენილი ინსტიტუციური ჩარჩოსა და დიალოგის სხვა ფორმატების სხდომების მომზადება/გაძღოლა;
ე) ევროკავშირის ინსტიტუციებთან თანამშრომლობა;
ვ) საქართველოს პრიორიტეტების გათვალისწინებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოების/გაზიარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია/ხელშეწყობა;
თ) ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობა;
ი) ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული აქტივობების/პროცესების კოორდინაცია/მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
კ) აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა;
ლ) ევროკავშირის დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა/კოორდინაცია;
მ) ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულება;
ნ) ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული თანამშრომლობის ყველა შესაბამის ფორმატში მონაწილეობის ხელშეწყობა/კოორდინაცია;
ო) ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების, საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის, დინამიკისა და აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოების ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება;
პ) საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით, სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება.
მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – ხელმძღვანელი), რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და ევროპის საქმეთა დირექტორატის (შემდგომში - დირექტორატი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
3. ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებსა და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს ხელმძღვანელობას წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა რანგირების, დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
ო) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს.
4. ხელმძღვანელის არყოფნისას, ხელმძღვანელის წარდგინებით, დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს.
მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ევროკავშირთან ურთიერთობების სამმართველო;
ბ) ასოცირების შეთანხმების შესრულების კოორდინაციის სამმართველო;
გ) ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის სამმართველო;
დ) ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო.
მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ევროკავშირთან ურთიერთობების სამმართველო:
ა) ევროკავშირის ინსტიტუციებთან (ევროპული საბჭო, ევროკავშირის საბჭო, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახური, ევროკომისია, ევროპარლამენტი) თანამშრომლობა;
ბ) ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობა;
გ) საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური და ინსტიტუციური დიალოგის ფორმატების (ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი, ადამიანის უფლებათა საკითხებზე დიალოგი, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი) მომზადება/კოორდინაცია/გაძღოლა და ახალი ფორმატების შექმნაზე მუშაობა;
დ) საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა;
ე) ევროკავშირთან ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებსა და ევროკავშირის სანქციებზე მიერთების კუთხით. ევროკავშირის (ბრიუსელის) პოზიციებზე მიერთების სტატისტიკის წარმოება;
ვ) ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია;
ზ) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სფეროში თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული განვითარებების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
თ) ორმხრივი ვიზიტების/შეხვედრების მომზადება საორგანიზაციო და შინაარსობრივი განზომილებების ჩათვლით;
ი) თემატური დაფარვის ფარგლებში სასაუბროების, მოხსენებების, განცხადებების, პრესრელიზების მომზადება;
კ) სხვადასხვა ღონისძიებაში მინისტრის/მინისტრის მოადგილეების გამოსვლის ტექსტების მომზადება.
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტების მომზადება;
მ) სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშისთვის ინფორმაციის მომზადება კომპეტენციით გათვალისწინებულ სფეროებში;
ო) ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში და ზოგადად, ევროკავშირში ძირითადი განვითარებების შესახებ განახლებული ინფორმაციის მომზადება (ყოველკვირეული დაიჯესტი).
2. ასოცირების შეთანხმების შესრულების კოორდინაციის სამმართველო:
ა) ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, მათ შორის უწყებებთან კოორდინაციით, ვალდებულებების შესრულების თაობაზე შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
ბ) გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკომისიის ანგარიშისთვის საქართველოს კონტრიბუციის შემუშავების კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების და განხორციელების ხელშეწყობა;
დ) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სფეროებში შესაბამისი რეფორმების შემდგომი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, მათ შორის, უწყებებთან კოორდინაციით, ვალდებულებების შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტების მომზადება;
ვ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;
ზ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომების მომზადება და სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით წინადადებების შემუშავება, ასევე აღნიშნული დაახლოების მიზნით წარმოებული მთარგმნელობითი საქმიანობის კოორდინაცია;
ი) ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების საკითხებზე საინფორმაციო და ანალიტიკური მასალების მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება;
ლ) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა განხორციელების, დაგეგმვისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
3. ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის სამმართველო
ა) გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკომისიის ანგარიშისთვის მასალების მომზადება;
ბ) გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკომისიის კომუნიკაციისა და ანგარიშების ანალიზი;
გ) გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით რეკომენდაციების, ინფორმაციისა და სასაუბრო მასალების მომზადება;
დ) გაფართოების პოლიტიკის ქვეყნებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებზე თვალყურის დევნება და მათი ანალიზი;
ე) დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ევროინტეგრაციის საკითხებში დიალოგი;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის შესაბამის სექტორულ გაერთიანებებში მონაწილეობის / გაწევრიანების ხელშეწყობა;
ზ) აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც გაფართოების პოლიტიკის დანამატის, ფარგლებში თანამშრომლობა და შესაბამის ფორმატებში მონაწილეობა (სამიტი, მინისტერიალი, უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრები);
თ) სამინისტროს კომპეტენციით, ევრონესტის სხდომების შინაარსობრივ მომზადებაში მონაწილეობა;
ი) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონფერენცია. (CORELEAP) (კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში);
კ) ევროკავშირის ინსტრუმენტების/მექანიზმების/პოლიტიკების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება საქართველოსთვის მათ გასახსნელად/გასაწევრიანებლად (SEPA, UCPM, Roaming, CEI, და ა.შ.);
ლ) ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიასთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკის/პოზიციების განსაზღვრა, შიდა უწყებრივი კოორდინაცია;
მ) ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) - თემატური და საორგანიზაციო კოორდინაცია;
ნ) ევროკავშირის დახმარების მარეგულირებელი საფინანსო შეთანხმებების და სხვა საბაზისო დოკუმენტების მომზადებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია. ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო დოკუმენტის (Single Support Framework (SSF)) და ყოველწლიური სამოქმედო პროგრამების დაგეგმვა, დარგობრივ უწყებებთან შეთანხმება და განხორციელების კოორდინაცია;
ო) საქართველოს შესაბამის უწყებასთან კოორდინაციით, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
პ) ევროკავშირის დახმარების ინსტიტუციური განვითარების პროგრამების (TWINNING, TAIEX, SIGMA და სხვა) ადმინისტრირების ოფისის (Programme Administration Office - PAO) ფუნქციების განხორციელება (ENP-ის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, სადაც აღნიშნულ პროგრამების კოორდინაცია ხორციელდება ცალკე არსებული სტრუქტურული ერთეულების (PAO) საშუალებით) და ამ მიმართულებით დარგობრივ უწყებებთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ევროკომისიის სტრუქტურებთან (DG NEAR, EEAS) აქტიური თანამშრომლობა;
ჟ) ევროკავშირის საზღვრისპირა (CBC) და ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ერთიანი საკონტაქტო სტრუქტურის ფუნქციის შესრულება და პროგრამის ფარგლებში არსებულ მრავალმხრივ მოლაპარაკების ფორმატებში მონაწილეობა. ასევე, CBC პროგრამის ბენეფიციარი ორგანიზაციების მხარდაჭერა პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით;
რ) ევროკავშირის სპეციალურ თანამეგობრობის პროგრამებში (Community Programmes) საქართველოს ჩართულობის ხელშეწყობა და აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარი სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა;
ს) საქართველოში ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კოორდინაცია და ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისთან (OLAF) აქტიური თანამშრომლობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხების, წინადადებების და რეკომენდაციების პროექტების მომზადება;
უ) დარგობრივი უწყებების ინფორმირება (სემინარების, კონფერენციების ორგანიზება) ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელების პროცედურების, წესებისა და რეგულაციების შესახებ;
ფ) ევროკავშირის დახმარების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ევროკომისიის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ქ) საქართველოში ევროკავშირის რეგიონული, თემატური და სხვა სახის დახმარების პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, დახმარების მიმღებ ორგანიზაციებთან და ევროკომისიის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ღ) ევროკავშირის დახმარების ახალი ინსტრუმენტების შესწავლა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის მათში ჩართვის ხელშეწყობა;
ყ) სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
შ) თემატური დაფარვის ფარგლებში სასაუბროების, მოხსენებების, განცხადებების, პრესრელიზების მომზადება;
ჩ) საერთაშორისო ფორუმებზე ხელმძღვანელი პირების გამოსვლების მომზადება საქართველოს ევროინტეგრაციის/გაწევრიანების პერსპექტივის/პრიორიტეტების მიმართულებით;
ც) ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის მომზადება კომპეტენციით გათვალისწინებულ სფეროებში.
4. ევროპული და ევროატლანტიკური ინეტეგრაციის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო
ა) საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევის და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოების ცოდნის და მართლშეგნების/ცნობიერების ამაღლება;
ბ) საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა უწყების სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის დაგეგმვის, კოორდინაციისა და განხორციელების გზით;
გ) უწყების სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
დ) ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და მისი განხორციელების მონიტორინგი;
ე) საქართველოს ცნობადობის, ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საერთო საკომუნიკაციო სტრატეგიის ჭრილში კამპანიების/ღონისძიებების განსაზღვრა, საინფორმაციო/ვიზუალური მასალების მომზადება, შესაძლო რისკების ანალიზი და მართვა, დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) თემატური დაფარვის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა საინფორმაციო-ანალიტიკური მასალებით, ინსტრუქციებით, რეკომენდაციებით და მათი შესრულების მონიტორინგი:
ზ) ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო/საერთაშორისო/არასამთავრობო/ ორგანიზაციები, კერძო სექტორი, სამეცნიერო წრეები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა სტრატეგიული აუდიტორია) კომუნიკაციის უზრუნველყოფა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე;
თ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება; სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;
ი) სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის განსაზღვრის, აგრეთვე, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფების წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე წინადადებების მომზადება და აღნიშნული ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებიდან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის, აგრეთვე საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე აქტივობების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა, დამუშავება და სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო სტრატეგიაში ინტეგრირება;
ლ) თემატური დაფარვის ფარგლებში, სამინისტროს თანამდებობის პირებისთვის საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებებისთვის მთავარი გზავნილების მომზადება;
მ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან გენერალური დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.
მუხლი 6. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელის წარდგინებით (კურატორ მინიტრის მოადგილესა და დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ხელმძღვანელთან შეთანხმებით დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
ე) დირექტორატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.