საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-515
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.030.016343
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-515

2025 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს არარეზიდენტი  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქმიანობის წესი. 
2. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი
📎 დანართები (1)
danarti.doc

დანართი

საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის 

საქმიანობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი არეგულირებს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, რეზიდენციით საქართველოში მყოფი, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (შემდგომში – ელჩი) საქმიანობის წესს.

მუხლი 2. ელჩის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი

1. ელჩი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და მინისტრის ბრძანებებითა და ინსტრუქციებით. ელჩი თავისი საქმიანობისას ითვალისწინებს ასევე მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობას.

2. ელჩს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი და განთავსების ადგილს განუსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

3. გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, საქართველოს მთავრობა, მინისტრის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, წარდგინებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს ელჩის გათავისუფლების შესახებ.

მუხლი 3. ელჩის ძირითადი ფუნქციები

1. ელჩის ძირითადი ფუნქციებია:

ა) წარმოადგინოს საქართველო აკრედიტაციის სახელმწიფოში, უზრუნველყოს საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელება და აღნიშნული მიზნის მისაღწევად განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა, დელეგაციათა და ექსპერტთა ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ) დიპლომატიური საშუალებებითა და გზებით უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა, პოლიტიკური, ეკონომიკური და საქართველოს სხვა ინტერესები აკრედიტაციის სახელმწიფოში;

გ) რეგულარულად მიაწოდოს მინისტრს და სამინისტროს ცენტრალური აპარატის ტერიტორიულ და ფუნქციონალურ დეპარტამენტებს ინფორმაცია აკრედიტაციის სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამხედრო და კულტურული სიახლეებისა და განვითარების თაობაზე, მათ შორის, დაამუშაოს ინფორმაცია აკრედიტაციის სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიმართულებების, მისი ადგილის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე და ზოგადად რეგიონში, შეისწავლოს სხვა სახელმწიფოთა საქმიანობა და კონკრეტული რეგიონის რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი;

დ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და აკრედიტაციის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო, კულტურულ და სხვა სფეროებში;

ე) წარმართოს დიპლომატიური ურთიერთობები აკრედიტაციის სახელმწიფოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) უზრუნველყოს საქართველოდან აკრედიტაციის სახელმწიფოში და აკრედიტაციის სახელმწიფოდან საქართველოში ოფიციალურ დელეგაციათა ვიზიტების მომზადება და განხორციელება;

ზ) ხელი შეუწყოს მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას საქართველოსა და აკრედიტაციის სახელმწიფოს შორის, შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს წინადადებები აკრედიტაციის სახელმწიფოსა და რეგიონში საქართველოს ინტერესების დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

თ) უზრუნველყოს აკრედიტაციის სახელმწიფოში საქართველოს საშინაო და საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების, ასევე სხვადასხვა სფეროში არსებული მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის პოპულარიზაცია;

ი) ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს, საჭიროების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს წარმოაჩინონ საქართველოს შესაძლებლობანი და თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, დაამყარონ კავშირები აკრედიტაციის სახელმწიფოს შესაბამის დაწესებულებებთან;

კ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოსა და აკრედიტაციის სახელმწიფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებაში, მოამზადოს წინადადებები საქართველოსა და აკრედიტაციის სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებათა ხელმოწერის, აღსრულების, ანულირებისა და დროებითი შეჩერების თაობაზე;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლოს ქართულ დიასპორასთან და სათვისტომოებთან და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას;

მ) შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის დავალებები, ასევე სამინისტროსთან შეთანხმებით განიხილოს სხვა სახელმწიფო უწყებათა წინადადებები;

ნ) განიხილოს საქართველოსა და აკრედიტაციის სახელმწიფოს ადგილობრივი დაწესებულებების, თვითმმართველი ორგანიზაციების, სააგენტოების, ორგანიზაციებისა და კომპანიების წინადადებები;

ო) ხელი შეუწყოს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს ქართული პროდუქციისა და მომსახურების პოპულარიზაციაში აკრედიტაციის სახელმწიფოს, რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე;

პ) განახორციელოს საქმიანობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ტერიტორიულ და ფუნქციონალურ დეპარტამენტებთან უშუალო კოორდინაციით;

ჟ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები.

მუხლი 4. ელჩის უფლებამოსილებები

ელჩი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და წარუდგინოს მინისტრს წინადადებები ოფიციალურ დელეგაციათა ვიზიტების თაობაზე;

ბ) დაამყაროს ურთიერთობა აკრედიტაციის სახელმწიფოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან (საზოგადოებრივ დაწესებულებებთან და ასოციაციებთან), სამეცნიერო და კულტურული წრეებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ მისიებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან, რომლებიც განლაგებული არიან აკრედიტაციის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

გ) მოიპოვოს დოკუმენტაცია, ინფორმაცია და/ან სხვა მასალები საქართველოსა და აკრედიტაციის სახელმწიფოს სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებიდან, სააგენტოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან მისი საქმიანობის განსახორციელებლად;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს კონფერენციები, შეხვედრები, გამოფენები, ფორუმები და სხვა ღონისძიებები.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1. ელჩს, მისი ძირითადი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას, დახმარებას უწევს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. ელჩის მივლინების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

3. ელჩის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო.