საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის კაბინეტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინისტრის კაბინეტი (შემდგომში – მინისტრის კაბინეტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა, მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება; ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი; საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და შესაბამისი კონცეპტუალური თუ სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება.
2. მინისტრის კაბინეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. მინისტრის კაბინეტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მინისტრის კაბინეტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება;
დ) მინისტრის დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება;
ე) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, მსოფლიოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების სისტემატური ანალიზი, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მსოფლიოში მიმდინარე საქართველოსთვის აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათებისა და სხვა მასალების მომზადება;
ზ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ანგარიშებში ასახული აქტუალური საკითხებისა და რეკომენდაციების ანალიზი და მათი შესრულების მონიტორინგი;
თ) საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა, დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების სისტემატური განახლება და საჭიროებისამებრ ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
ი) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სამოქმედო გეგმების შემუშავება;
კ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინსტრუქციებით უზრუნველყოფა;
ლ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ცენტრალურ აპარატთან ანგარიშგების სისტემის, პერიოდულობისა და ფორმის განსაზღვრა;
მ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიღება და ანალიზი;
ნ) ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებისა და სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით განსაზღვრული მიმართულებებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობისათვის, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის წარსადგენი ანგარიშების მომზადების კოორდინაცია;
პ) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებით მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავება, სასაუბროებისა და სხვა მასალების მომზადება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების, ასევე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ გზავნილების მომზადება და საჭიროებისამებრ ასახვა სამინისტროს ხელმძღვანელობის სასაუბროებში, გამოსვლებსა და სხვა შესაბამის მასალებში;
რ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებში ევროკავშირის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
ს) მისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამეცნიერო წრეებთან, ექსპერტებთან, კვლევით ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა;
უ) შემუშავებული დოკუმენტების სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.
მუხლი 3. მინისტრის კაბინეტის სტრუქტურა
მინისტრის კაბინეტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფია სამდივნო.
მუხლი 4. მინისტრის კაბინეტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და დადგენილი გრაფიკის შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის, მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
გ) მინისტრის ბრძანებების, დავალებების, მინისტრის მიერ ჩატარებულ თათბირებსა და სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კოორდინირება და კონტროლი;
დ) მინისტრის დავალებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში სამუშაო შეხვედრების მომზადების ორგანიზება;
ე) მინისტრის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპოდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება;
ვ) მინისტრის სახელით მოსამზადებელი ოფიციალური წერილების ფორმატის განსაზღვრა;
ზ) აღსანიშნავ თარიღებთან დაკავშირებული ან სხვა სახის წერილების მომზადების უზრუნველყოფა, გარდა სამინისტროს რომელიმე სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი წერილებისა;
თ) სწორად შედგენილი და სათანადოდ შეთანხმებული დოკუმენტების მინისტრისათვის ხელმოსაწერად წარდგენის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება; კ) საინფორმაციო ანალიტიკური მასალების სისტემატიზაცია და მინისტრისათვის
წარდგენა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური კვლევის უზრუნველყოფა;
მ) მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება, აგრეთვე ამ სხდომების ოქმების შედგენა;
ნ) მინისტრის დავალებით სხდომების მომზადება და სხდომათა დღის წესრიგის შედგენის უზრუნველყოფა;
ო) მინისტრის ოფიციალური მოხსენებების, საზოგადოებრივი გამოსვლების, განცხადებების და ბეჭდვითი მედიისათვის განკუთვნილი მასალების მომზადების კოორდინაცია;
პ) სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტთან ერთად, ბრიფინგების და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრების საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მინისტრისათვის საჭირო მასალების წარდგენა;
ჟ) საზღვარგარეთ მინისტრის ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მინისტრისათვის სასაუბროების და გამოსვლის ტექსტების მომზადებაზე კონტროლი და მინისტრისათვის მათი დროულად წარდგენის კოორდინაცია;
რ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად საზღვარგარეთ მინისტრის ოფიციალური ვიზიტების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი;
ს) მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა ოფიციალური შეხვედრების ჩანაწერების, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და სასაუბრო მასალების მომზადების წესის შესაბამისად მინისტრის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გაკეთება და მინისტრის მოადგილეებისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის დროულად მიწოდება;
ტ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციების გამოთხოვა;
უ) სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება და მინისტრისათვის მოხსენება;
ფ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.
მუხლი 5. მინისტრის კაბინეტის ხელმძღვანელობა
1. მინისტრის კაბინეტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მინისტრის კაბინეტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს მინისტრის კაბინეტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მინისტრის კაბინეტისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალ სამდივნოს უფროსსა და სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალ თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს მის სტრუქტურაში მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით მინისტრის კაბინეტისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების
მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ვიზიტებში, ასევე, პოლიტიკურ კონსულტაციებში;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
მ) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, საჭიროების შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირს.
5. მინისტრის კაბინეტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6. სამდივნოს უფროსი
1. მინისტრის კაბინეტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს − სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამდივნოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამდივნოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე სამდივნოსთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) ანაწილებს სამდივნოში შემოსულ მასალებს;
ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) მინისტრისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.