1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ხანძარი − უკონტროლო წვის პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას;
ბ) ხანძრის საშიში ფაქტორები − ალი, ნაპერწკალი, გარემოს მაღალი ტემპერატურა, კვამლი, წვის და თერმული დაშლის ტოქსიკური პროდუქტები, ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია და სხვა;
გ) მეორადი გამოვლინების ხანძრის საშიში ფაქტორები − დამსხვრეული აპარატების, აგრეგატების, დანადგარების და კონსტრუქციების ნამსხვრევები; დამსხვრეული აპარატებიდან და დანადგარებიდან გამოჟონილი რადიოაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებები და მასალები; აპარატების და აგრეგატების კონსტრუქციების დენგამტარ ნაწილებზე ძაბვის გადატანის შედეგად წარმოქმნილი ელექტრული დენი; ხანძრის შედეგად მომხდარი აფეთქების საშიში ფაქტორები, ცეცხლმაქრი ნივთიერებები;
დ) ხანძრის ჩაქრობა − ხანძარზე რეაგირების ოპერატიულ-ტაქტიკური და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ადამიანის სიცოცხლის, გარემოსა და ქონების გადარჩენისკენ;
ე) ხანძრის ლიკვიდაცია − წვის პროცესის შეწყვეტაზე და მისი ხელახლა წარმოქმნის პირობების აღმოფხვრაზე მიმართული მოქმედებები;
ვ) ხანძრის ლოკალიზაცია − წვის პროცესის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებისაკენ და მისი ლიკვიდაციისათვის პირობების შექმნისაკენ მიმართული მოქმედებები;
ზ) ხანძარზე რეაგირების ღონისძიებების დასრულება − სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მიერ მთავარი მოქმედებებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულება და ხანძრის მეორადი გამოვლინების საშიში ფაქტორების წარმოქმნის აღკვეთა;
თ) საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები − მოქმედებები, რომელთა მიზანია ინციდენტისგან/საგანგებო სიტუაციისგან ადამიანის სიცოცხლის, გარემოს და ქონების გადარჩენა, აგრეთვე ავარიისათვის, კატასტროფისათვის, ინციდენტისათვის/საგანგებო სიტუაციისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების მინიმუმამდე შემცირება;
ი) გამოძახება − ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი ფორმით ასახვა;
კ) რეაგირების ძალები − სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები (შემდგომ − სამსახურის დანაყოფები);
ლ) სხვა რეაგირების ძალები − ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, ასევე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული მორეაგირე დანაყოფები, გარდა სამსახურის დანაყოფებისა;
მ) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების გაშლა − სამსახურის დანაყოფის მიერ ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე სამსახურის დანაყოფის ძალების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის, სახანძრო-ტექნიკურ და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების და აღჭურვილობის მზადყოფნაში მოყვანა;
ნ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონის დაზვერვა (შემდგომში − დაზვერვა) − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ტარდება ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის შესახებ ვითარების შესაფასებლად ინფორმაციის შეკრების მიზნით და მთავარი მოქმედებების ორგანიზებისათვის გადაწყვეტილებების მისაღებად;
ო) ძირითადი პოზიცია − ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში უშუალოდ მონაწილე სამსახურის დანაყოფის შემადგენლობის ან/და სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის განთავსების ადგილი;
პ) მთავარი მოქმედებები ხანძარის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას − სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მიერ დადგენილი წესით ჩასატარებელი შესაბამისი მოქმედებები, რომლებიც მიმართულია სამსახურის დანაყოფებისათვის განსაზღვრული ამოცანების შესრულებისაკენ;
ჟ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას მხარდაჭერა (შემდგომ − მხარდაჭერის უზრუნველყოფა) − ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ სამსახურის მოსამსახურეებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისთვის უზრუნველყოფს ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მხარდაჭერას;
რ) პირველადი დახმარება − გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევამდე ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ქმედებები;
ს) ევაკუაცია − ადამიანთა გადაადგილება/გადაყვანა, უსაფრთხო ზონაში იმ სათავსებიდან, რომლებშიც არსებობს მათზე საშიში ფაქტორების ზემოქმედების შესაძლებლობა;
ტ) ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელი (შემდგომ − ხელმძღვანელი) − ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისული, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული პირი, რომელიც მართავს ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში/სამაშველო სამუშაოებში მონაწილე სამსახურის დანაყოფებს და სხვა რეაგირების ძალებს/პირებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
უ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების უბანი (შემდგომ − უბანი) − საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების განაწილების ადგილი, რომელიც განსაზღვრულია ხელმძღვანელის მიერ;
ფ) ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების სექტორი (შემდგომ − სექტორი) − ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორ ან მეტ უბანზე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების განაწილების ადგილი, რომელიც განსაზღვრულია ხელმძღვანელის მიერ;
ქ) გათვლა − სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილში განთავსებული შემადგენლობა (პირველადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელსაც ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას მინიჭებული აქვს ცალკეული ამოცანების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებამოსილება;
ღ) მორიგე ცვლა − სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ერთი ან მეტი გათვლის შემადგენლობა (ძირითადი ტაქტიკური დანაყოფი), რომელიც ახორციელებს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს/სამაშველო სამუშაოებს და რომელსაც აქვს მთავარი მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების უნარი;
ყ) ტერიტორიული დანაყოფი − სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფი და მის შემადგენლობაში შემავალი კოორდინაციის განყოფილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას;
შ) ხანძრის ჩაქრობის გეგმა − ხანძრის ჩაქრობის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძირითად მონაცემებს ხანძარზე შესაძლო ვითარების წინასწარი პროგნოზირებისათვის და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზებაზე მიმართული მოქმედებების წინასწარი დაგეგმვისათვის;
ჩ) ხანძრის ჩაქრობის ბარათი − ხანძრის ჩაქრობის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძირითად მონაცემებს ობიექტის ოპერატიულ-ტაქტიკური დახასიათებისა და საევაკუაციო გზების შესახებ და ეს მონაცემები შესაძლებლობას იძლევა ადამიანთა გადარჩენასა და ხანძრის ჩაქრობაზე მიმართული მოქმედებების სწრაფად და ეფექტურად ორგანიზებისათვის;
ც) ხანძრის ნომერი − ხანძრის სირთულის ციფრული პირობითი მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ხანძრის ჩაქრობისა და ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად ძირითადი დანიშნულების სახანძრო ავტომობილებზე განთავსებული მორიგე ცვლის გათვლების რაოდენობას მუნიციპალიტეტებში სამსახურის ორგანიზების შესაძლებლობიდან გამომდინარე.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობ