1. დანაყოფში სახანძრო ავტომობილის ტუმბოს და ძრავიანი ტუმბოს გამოცდა ტარდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ ვადებში. გამოცდის შედეგები შეიტანება სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობის გამოცდის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 7).

2. სახანძრო ლულის, სახანძრო სვეტის, განშტოების, გადამყვანის, წყალშემკრების დანადგარის კორპუსის სიმტკიცე (გამძლეობა) და ჰერმეტულობა მოწმდება ჰიდრავლიკური წნევით. გარე ზედაპირზე და შეერთების ადგილებში წყლის წვეთის ნიშნის წარმოქმნა დაუშვებელია.

3. სასუნთქი საშუალების გამოცდა (შემოწმება) ტარდება კვამლსაწინააღმდეგო რგოლის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. სახანძრო-სამაშველო დამცავი ტანსაცმლის გამოცდა (შემოწმება) ტარდება მწარმოებლის მიერ დადგენილი ან/და ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

5. ხელის სახანძრო კიბის გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ და ყოველი შეკეთების შემდეგ. შეჯიბრებაში გამოყენებამდე მასზე წარმოდგენილი უნდა იქნეს გამოცდის აქტი. აკრძალულია ისეთი სახანძრო ხელის კიბის გამოყენება, რომელიც გაუმართავია, რომლის ძირითადი ნაწილები დაზიანებულია ან რომელიც ვერ პასუხობს გამოცდის მოთხოვნებს.

6. გამოცდის დროს გასაშლელი კიბე უნდა დაიდგას მყარ გრუნტზე, გაიშალოს მთელ სიმაღლეზე და დაეყრდნოს კედელს 750 კუთხით ჰორიზონტალთან (2,8 მ კედლიდან კიბის ბუნიკებამდე). ასეთ მდგომარეობაში ყოველი მუხლი უნდა დაიტვირთოს შუაში, კიბის ორივე ჩანზე 100 კგ წონის ტვირთით, 2 წთ-ის განმავლობაში. ბაგირმა უნდა გაუძლოს 200 კგ დაჭიმულობას დეფორმაციის გარეშე.

7. გამოცდის შემდეგ გასაშლელ კიბეს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება, კიბის მუხლები უნდა გაიხსნას და დაეშვას ჩაჭედვის გარეშე.

8. გამოცდის დროს საიერიშო კიბე უნდა დაეკიდოს თავისუფლად კაკვის ბოლოზე და ყოველი ჩანა მე-2 საფეხურის დონეზე ქვევიდან დაიტვირთოს 80 კგ წონის ტვირთით (სულ 160 კგ) 2 წუთის განმავლობაში. გამოცდის შემდეგ კიბეს არ უნდა ჰქონდეს ბზარი და კაკვს ნარჩენი დეფორმაცია.

9. გამოცდის დროს ჯოხ-კიბე უნდა დაიდგას მყარ გრუნტზე, დაეყრდნოს კედელს 750 კუთხით ჰორიზონტალთან და დაიტვირთოს ორივე ჩანაზე 120 კგ წონის ტვირთით 2 წთ განმავლობაში. დატვირთვის მოხსნის შემდეგ კიბეს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება, უნდა იკეცებოდეს ადვილად და მჭიდროდ.

10. ავტოკიბის სტატიკური გამოცდა ტარდება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო უსაფრთხოების ველის ტექნიკური მომსახურება − არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ავტოკიბის და ავტოამწის გამოცდა ტარდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოყვანილი წესის შესაბამისად.

11. ელექტროიარაღის, ელექტროგანათების ხელსაწყოს და აირსაჭრელი აპარატის გამოცდა ტარდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად.

12. პნევმატური სამაშველო მოწყობილობის გამოცდა ტარდება გათვლაში მიღებამდე. გამოცდა ტარდება პნევმატურ სამაშველო მოწყობილობაზე 20 მ სიმაღლიდან 100 კგ მასის ტვირთმაკეტის (ქვიშიანი ტომარა) ჩამოგდებით. ტვირთმაკეტის ვარდნისას პნევმატური სამაშველო მოწყობილობის მუშა ზედაპირი არ უნდა შეეხოს გრუნტს.

13. პნევმატური სამაშველო მოწყობილობის პირველი გამოცდისა და შემდგომი გამოყენების შესახებ ჩანაწერი შეტანილ უნდა იქნეს მოწყობილობის პასპორტის შესაბამის გრაფაში.

14. სამაშველო თოკის გამოცდა სიმტკიცეზე უნდა ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ. გამოცდის ჩასატარებლად თოკი უნდა დაიშვას მთელ სიგრძეზე და მის ბოლოზე დაიკიდოს 350 კგ ტვირთი 5 წთ-ის განმავლობაში. დატვირთვის მოხსნის შემდეგ თოკს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება და თოკის წაგრძელებული ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს მისი პირველადი სიგრძის 5%-ს. სამაშველო თოკი შეიძლება გამოიცადოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ბლოკის საშუალებით.

15. სამაშველო თოკის სტატიკური გამოცდა გულისხმობს სამაშველო თოკის გატარებას ბლოკებსა და საკეტში. ამასთან საკეტმა მყარად უნდა დააფიქსიროს სამაშველო თოკი. დატვირთვის მოხსნის შემდეგ თოკს არ უნდა ჰქონდეს დაზიანება და წაგრძელებული ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს მისი პირველადი სიგრძის 5%-ს.

16. სამაშველო თოკის დინამიკური გამოცდა გულისხმობს ბლოკებსა და საკეტში გატარებული თოკის ბოლოს კარაბინზე 150 კგ ტვირთის დაკიდებას და მე-3 სართულის რაფიდან გადმოგდებას. ტვირთის გადაგდების დროს თოკის უკუქცევა არ უნდა აღემატებოდეს 30 სმ-ს.

17. სხვა სამაშველო მოწყობილობების გამოცდა უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად, ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად.

18. სახანძრო-სამაშველო ქამარი და კარაბინი უნდა გამოიცადოს სიმტკიცეზე წელიწადში ერთხელ. გამოცდისათვის ქამარი ჩამოცმულ უნდა იქნეს არანაკლებ 300 მმ დიამეტრის მყარ კონსოლურ ან კოჭისებრ კონსტრუქციაზე და შეიკრას აბზინდაზე. ქამრის ნახევარრგოლზე დამაგრებულ კარაბინზე ბიძგის გარეშე 5 წთ-ის განმავლობაში უნდა დაეკიდოს 350 კგ ტვირთი (სახანძრო მაშველი ქამრისათვის – 300კგ ტვირთი 5წთ-ის განმავლობაში).

19. დატვირთვის მოხსნის შემდეგ ქამარს არ უნდა ჰქონდეს გაწყვეტები და ქამრის ლენტის, აბზინდის, მოქლონის და სხვა დაზიანებები. კარაბინს არ უნდა ჰქონდეს შეცვლილი ფორმა და მასალის მთლიანობა.

20. კარაბინის საკეტი უნდა გაიხსნას თავისუფლად და დაიკეტოს მჭიდროდ. მისი გამოცდა შეიძლება ჩატარდეს სტენდზე დინამომეტრის მეშვეობით.

21. სახელოს დამჭერის გამოცდა სიმტკიცეზე უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ. გამოცდისათვის დამჭერი კაკვით უნდა დაეკიდოს კოჭს, რაფას ან სხვა ბრტყელ ზედაპირს, ხოლო მის შეკრულ მარყუჟზე 5 წუთის განმავლობაში დაიკიდოს 200 კგ ტვირთი. დატვირთვის მოხსნის შემდეგ სახელოს დამჭერის კაკვი არ უნდა იყოს დეფორმირებული, ხოლო ზონარი – გაწყვეტილი ან დაზიანებული.

22. ჯოხ-კიბის, საიერიშო კიბის, კიბის გამოსაწევი სარტყელების, სახანძრო-სამაშველო ქამრის და კარაბინის, ასევე, მაშველი თოკის გამოცდა შეიძლება ჩატარდეს სახანძრო ტექნიკური მოწყობილობის და მეხანძრე-მაშველის აღჭურვილობის გამოსაცდელ სტენდზე, ხოლო სახანძრო სვეტის, სახელოს განშტოების და ხელის სახანძრო ლულის – სახანძრო დანადგარის ჰიდრავლიკური გამოცდის სტენდზე.

23. მყვინთავის და აირმაიზოლირებელი მოწყობილობის ბალონების გამოცდა ტარდება ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ ვადაში. ბალონის ყოველი გამოცდის შემდეგ ხდება მასზე შესაბამისი მარკირების ამოტვიფრვა.

24. კაბელისებრი თოკის, მთაში სამაშველო სხვა აღჭურვილობისა და დამხმარე საშუალებების გამოცდა დაუშვებელია. მათი შემოწმება ხორციელდება ყოველი გამოყენების შემდეგ მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების მიხედვით.

თავი IV

კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელების მოთხოვნე